შობის ღამეს ევანგელისტურ-ბაპტისტურ ეკლესიაში მრევლი შეიკრიბა და მათთვის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დღესასწაული შობა აღნიშნა. როგორც ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე ამბობს, ასეთ დღეებში ყველაზე მნიშვნელოვანი მრევლის განწყობაა.
„ჩვენი ეკლესიისთვის შობის დღესასწაული არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაული, რომელსაც ღამისთევით ვიხდით. ძალიან გვიხარია, რომ დიდი ხნის პაუზის შემდეგ შეგვიძლია ადამიანები მივიღოთ ტაძარში და მხოლოდ ეკრანების მიღმა არ ვესაუბროთ“, -ამბობს ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე.
ეკლესიაში ასეთი ტრადიციაა, ყოველ წელს, შობის წინ 4 სანთელი ინთება, რომელსაც მორწმუნეები რაიმე მნიშვნელოვან მოვლენას ან სურვილს უკავშირებენ.
„4 კვირის განმავლობაში თითო-თითო სანთელი ინთება შობის წინ, ამ კვირეულს ადვენტის კვირეულები ჰქვია, ჩვენი ეკლესია თითოეულ სანთელს უკავშირებს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებულ ლოცვას, ფიქრს ან საქმეს. ამ კვირების განმავლობაში ადამიანები ცდილობენ, სხვებს დაეხმარონ და რაიმე მნიშვნელოვანი გააკეთონ, მაგალითად – როცა რწმენის და იმედის კვირეულია ვიღაცას დაეხმარონ და იმედი გაუჩინონ“, – ამბობს რუსუდან გოცირიძე.
საშობაოდ ტაძარი განსაკუთრებულად იყო მორთული, მგალობლები კი შობის ღამისთვის რამდენიმე კვირის განმავლობაში ემზადებოდნენ.
„შობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაულია, იმედის და ყველაფერი კარგის. პანდემიის პერიოდში სამზადისი შეცვლილია და გართულებულიც, თუმცა კარგის იმედი ყოველთვის გვაქვს“, – ამბობს ეკლესიის დიაკვანი ნანუკა ზუმბულიძე.
ევანგელისტურ-ბაპტისტურ ეკლესიაში სადღესასწაულო მსახურების დროს სახარებიდან ამონარიდები რამდენიმე ენაზე წაიკითხეს, რათა შობის დადგომა თითქმის ყველა ქრისტიანისთვის მიელოცათ.
„ძალიან მიყვარს, როცა აქ მოვდივარ ნაცნობ ხალხს ვხვდები და შობის სიხარულს მათ ვუზიარებ, რაც შეეხება მსახურების ტრადიციას, ის საკმაოდ მრავალფეროვანია. მუსიკის გამოც, არის დრამატურგიის ელემენტები. მიხარია, რომ ბევრი ძვირფასი რამ არის ერთად შეკრებილი“, – ამბობს მრევლის წევრი გიგლა გონაშვილი.
25 დეკემბერს ევანგელისტურ-ბაპტისტურ ეკლესია შობის დღესასწაულს შეხვდა, როგორც მრევლში ამბობენ, ამ დღის დადგომასთან ერთად იბადება იმედი.