მთავარისაქართველოსახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივას კრიტიკული შეფასებები მოჰყვა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივას კრიტიკული შეფასებები მოჰყვა

„ეს არის კიდევ ერთი დაკარგული შესაძლებლობა“ - აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი

„ქართული ოცნების“ შვიდი დეპუტატის ინიციატივით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შესაძლოა გაუქმდეს, მის ნაცვლად კი ორი უწყება შეიქმნას – პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სამოხელეო დანაშაულის ჩადენის საზედამხედველო ორგანოები. სწორედ ამ ორ ფუნქციას ითავსებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომელიც 2 წლის წინ, 2019 წელს შეიქმნა და რომლის ხელმძღვანელ პირსაც საქართველოს პარლამენტი 6 წლის ვადით ირჩევს. ინიციატივას, უწყების გაუქმების შესახებ კრიტიკულად აფასებენ სახალხო დამცველი და სამოქალაქო სექტორი. ამ საკითხს აშშ-ის ელჩი კელი დეგნანიც გამოეხმაურა. დიპლომატმა თქვა, რომ ეს არის კიდევ ერთი დაკარგული შესაძლებლობა.

თავად სახელმწიფო ინსპექტორი ამბობს, რომ ეს პროცესი ქვეყანას საფრთხეს უქმნის. ლონდა თოლორაიამ მისი უწყების გაუქმების შესახებ საგანგებო ბრიფინგი გამართა. ის ფიქრობს, რომ ამ ინიციატივის რეალური მიზეზი არა რეფორმა, არამედ სამსახურის დასჯაა დამოუკიდებლად მიღებული გადაწყვეტილებების გამო.

„ეს არ არის რეფორმა – ეს არის დამოუკიდებელი ინსტიტუტისა და მისი დამოუკიდებელი თანამშრომლების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. ეს არის სამსახურის დასჯა – დამოუკიდებლობისთვის, საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულებისთვის, კანონმორჩილებისთვის, საჯარო უწყებების წინააღმდეგ გამოტანილი კანონიერი გადაწყვეტილებებისთვის, საგამოძიებო და საპროკურორო საქმიანობის გამიჯვნის რეფორმაზე დაფიქსირებული განსხვავებული და კრიტიკული პოზიციისთვის, საქართველოს პროკურატურაში გაგზავნილი წინადადებებისთვის, რომლითაც ვითხოვდით მოხელეებზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას და რომელთაგან არც ერთი იქნა დაკმაყოფილებული, მოხელეთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე გამოძიების ახალი სტანდარტების დანერგვისთვის, ინფორმაციის უსაფრთხოების კანონზე ჩვენი განსხვავებული პოზიციისთვის და სხვა. სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ უკმაყოფილება, პარლამენტის წევრების კომენტარებშიც პირდაპირ და მკაფიოდ არაერთხელ იქნა გამოხატული“ – განაცხადა სახელმწიფო ინსპექტორმა საგანგებო ბრიფინგზე.

ამ განცხადების შემდეგ მალევე, ლონდა თოლორაიასთან შესახვედრად ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი მივიდა. დიპლომატი მიიჩნევს, რომ ეს პროცესი პარლამენტში დაჩქარებული წესით არ უნდა წარიმართოს.

„შეშფოთებას იწვევს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესაძლოა ორ ნაწილად გაიყოს. ის პროცესი, რომელიც ამ ინიციატივის შემუშავებისას წარიმართა იყო დაჩქარებული, არ იყო გამართული კონსულტაციები, მათ შორის არც სახელმწიფო ინსპექტორთან. ამ პროცესში არ იყო არც ანგარიშვალდებულება და არც გამჭვირვალობა. ნამდვილად არ იყო იმის საჭიროება, რომ ასეთ მოკლე ვადებში მიღებულიყო ეს გადაწყვეტილება. ეს არის კიდევ ერთი დაკარგული შესაძლებლობა“ – განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა, ლონდა თოლორაიასთან შეხვედრის შემდეგ.

„ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივას აფასებს სახალხო დამცველი. ნინო ლომჯარია ამბობს, რომ კანონპროექტი სამართლებრივ ხარვეზებს შეიცავს და უწყების გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, დამოუკიდებელი ორგანოს უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა მხოლოდ საგამონაკლისოდ შეიძლება, როდესაც ეს ქმედება შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მიღწევის აუცილებელ და ერთადერთ ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს. სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის არსის განმსაზღვრელი ელემენტი ხელისუფლების აღმასრულებელი ან/და საკანონმდებლო შტოსგან მისი დამოუკიდებლობის ხარისხია, ეს კი შეიძლება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში შეიზღუდოს სამსახურის მართვის გაუმჯობესების ლეგიტიმური მიზნით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ასეთ განსაკუთრებულ შემთხვევას მხოლოდ მაშინ შეიძლება ჰქონდეს ადგილი, როდესაც მოქმედი ნორმები იმდენად ხარვეზიანია, რომ ამა თუ იმ სახელმწიფო თანამდებობის მიზანს და დანიშნულებას ეწინააღმდეგება და მათი შეცვლა გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს. ამ ტიპის შემთხვევასთან რომ არ გვაქვს საქმე, იმითაც დასტურდება, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მომწესრიგებელი კანონმდებლობა ფაქტიურად არ იცვლება ინიცირებული კანონის პროექტით“ – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

არასამთავრობო სექტორში კი მიაჩნიათ, რომ ეს მართლმსაჯულების სისტემაში კიდევ ერთი უკანგადადგმული ნაბიჯი იქნება.

„ხელისუფლება აგრძელებს მართლმსაჯულების სისტემისა და მისი დამოუკიდებლობის დასამარებას. იქ, სადაც იყო მცირე იმედი იმისა, რომ მართლმსაჯულების სისტემა იყო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, ხელისუფლებამ უმალვე მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც ჩვენ ყველამ ვნახეთ. ეს გადაწყვეტილება მიღებულია დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის საწინააღმდეგოდ და ხელისუფლება აგრძელებს მთლიანი სისტემის ხელში ჩაგდებას. სწორედ იმიტომ, რომ არ იყოს მის საწინააღმდეგოდ მიღებული გადაწყვეტილებები და მისთვის სასურველი გადაწყვეტილებები გაკონტროლდეს“ – აცხადებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს პარლამენტის ბიურომ დღეს, 27 სექტემბერს დაუჭირა მხარი. 29 და 30 დეკემბერს კი საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავენ. მიღების შემთხვევაში 2022 წლის 1-ელ მარტს უწყება გაუქმდება. იქ დასაქმებულ 100-მე მეტ თანამშრომელს კი ჯერ არ აქვთ პასუხი, სად გააგრძელებენ საქმიანობას.

ნანუკა მეშველაშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend