მთავარისაქართველოკათოლიკური შობა საქართველოში

კათოლიკური შობა საქართველოში

25 დეკემბრის ღამეს საქართველოში მცხოვრები კათოლიკეები თბილისის მარიამ ღვთისმშობლის სახელობის კათოლიკურ ტაძარში შეიკრიბნენ, რათა ერთად შეხვედროდნენ ქრისტეშობის დღესასწაულს.

ლამაზად  მორთულ ტაძარში საშობაო განწყობა იდგა. წირვის დაწყებამდე ჩაბნელებულ ეკლესიაში თეატრალური პერფორმანსი შესრულდა და მსახიობებმა მრევლს ღვთაებრივი ყრმის დაბადების ამბავი კიდევ ერთხელ უამბეს. მსახურებას ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო უძღვებოდა. შესრულდა საშობაო საგალობლებიც.

„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უფალი სირთულეებისა და სიხარულის დროს ჩვენ გვერდით არის, სწორედ ეს არის შობის დღესასწაულის არსიც. იგი გვეუბნება, ნუ გეშინიათ, მე თქვენთან ვარ“, –  ასე მიმართა მრევლს კათოლიკური ეკლესიის ეპისკოპოსმა საქართველოში ჯუზეპე პაზოტომ.

მარიამ ღვთისმშობლის ტაძარში საკურთხევლის თავზე დასვენებულ შობის ხატს მთელი წელი ფარდა ფარავს. ფარდა მხოლოდ წელიწადში ერთხელ არის გადაწეული და კათოლიკური ეკლესიის მრევლს შობის დღესასწაულზე შეუძლია ხატი იხილოს.

წირვას ესწრებოდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.

დღესასწაულს წინ საშობაო სამზადისი უძღვის, რომელსაც ადვენტი ჰქვია. ეს პერიოდი შობამდე ოთხი კვირით ადრე იწყება. მორწმუნეები ქრისტეშობისათვის ემზადებიან, რაც უმეტესად მარხვასა და აღსარების საიდუმლოს გულისხმობს.

„დღესასწაულს დიდი სიხარულით აღვნიშნავთ, განსხვავებული განწყობით, ვინაიდან ეს არის ახალი სიცოცხლის დაბადება, ახალი სიხარული, იდეები, იმედი… ამისთვის განსაკუთრებით ვემზადებით“, – გვითხრა ტაძრის მრევლმა მზია ხითარიშვილმა.

მიბაძე ღმერთს, გახდი ადამიანი“ – ამ სიტყვებით მიმართა შეკრებილ მრევლს ეპისკოპოსმა და ქრისტიანებს შობის დადგომა მიულოცა.

ნინი დვალიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend