რუსეთსა და უკრაინას შორის დაძაბულობის დეესკალაციასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები შესაძლოა მომავალ თვეში ჟენევაში გაიმართოს. თუმცა მოსკოვში ყოველწლიურ შემაჯამებელ კონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ნატოს მომავალთან დაკავშირებით გარანტიები მოითხოვა.
„ჩვენ ხრიკების გარეშე, პირდაპირ დავაყენეთ საკითხი, რომ ნატო აღმოსავლეთით არ უნდა გაფართოვდეს. ჯერი ახლა მათზეა. მათ პასუხი უნდა გაგვცენ. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ჯერჯერობით მათგან დადებით რეაქციას ვხედავთ. ჩვენი ამერიკელი პარტნიორები გვეუბნებიან, რომ ისინი მზად არიან, მოლაპარაკებები მომავალი წლის დასაწყისში ჟენევაში შედგეს“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.
რამდენიმე დღის წინ რუსეთმა უსაფრთხოების დოკუმენტი წარადგინა. რუსეთი ნატოს მოუწოდებს, უკრაინასა და სხვა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს ალიანსში გაწევრიანებაზე უარი უთხრას. ამერიკის შეერთებული შტატებისთვის კი ასეთი მოთხოვნები მიუღებელია.
„ჩვენ დიპლომატიური მოლაპარაკებების მიმართულებით ვმუშაობთ. რუსეთის მხრიდან მივიღეთ გარკვეული წინადადებები. ზოგიერთ მათგანს ვეთანხმებით, რამდენიმე კი სრულიად მიუღებელია. ნატოს მომავალთან დაკავშირებული წინადადება ამის მაგალითია. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, რომ დოკუმენტს საბოლოო სახე მივცეთ“, – ამბობს თეთრი სახლის პრესმდივანი ჯენ ფსაკი.
ევროკავშირმა და ნატომ კიდევ ერთხელ დაადასტურეს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, რომლის საზღვარზეც გასულ დღეებში რუსი სამხედროების მობილიზაცია მიმდინარეობს. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეპ ბორელმა რუსეთს მოუწოდა, პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.