იტალიაში, მთავრობის გადაწყვეტილებით კორონავირუსის ომიკრონის ვარიანტის გავრცელების შესამცირებლად მოქალაქეებს კვლავ მოეთხოვებათ პირბადის ტარება საჯარო ღია სივრცეებში. რეგულაციის ამოქმედების ზუსტი დრო ჯერ არ არის ცნობილი. პირბადის გამოყენება სავალდებულო იქნება გარკვეულ ადგილებსა და დაწესებულებებში. ასევე ქვეყანაში იკრძალება საჯარო საახალწლო ღონისძიებების გამართვა.
იტალიის ჯანდაცვის მინისტრის რობერტო სპერანცას განცხადებით, პირბადის გამოყენება სავალდებულო იქნება ღია სივრცეებში. მთავრობაში ასევე განიხილავენ, რომ მოსახლეობამ საზოგადოებრივ თუ საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მგზავრობისას, თეატრებში, კინოთეატრებში, მუზეუმებსა და სპორტულ ღონისძიებებზე გამოიყენოს მხოლოდ FFP2-ის ტიპის ნიღაბი, რომელიც უფრო მეტად იცავს ადამიანს დაავადებისგან.
27 დეკემბრიდან დანიაში უცხო ქვეყნებიდან შემოსულ მოგზაურებს, მიუხედავად მათი ვაქცინაციის სტატუსისა, კოვიდტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა მოეთხოვებათ. ქვეყანაში დაიხურა სკოლები, თეატრები და გასართობი პარკები.
შვედეთის მთავრობამაც დააწესა შეზღუდვები, კერძო შეკრებებზე მოწვეული სტუმრების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 50-ს. ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა კი სავალდებულო იქნება 500-ზე მეტი ადამიანის შეკრების ადგილას. ბარებსა და რესტორნებში კი მხოლოდ მაგიდასთან მსხდომი მომხმარებლების მომსახურებაა ნებადართული.
რუმინეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა მცირდება, შესაბამისად, მთავრობის გადაწყვეტილებით, გარკვეული შეზღუდვები შემსუბუქდება. გაუქმდება კომენდანტის საათი, ღია სივრცეში კი პირბადის გამოყენება აღარ იქნება სავალდებულო.