მთავარისაქართველო"ბავშვებს საკვებს თავზე ასხამდნენ" - სახალხო დამცველის ანგარიში

“ბავშვებს საკვებს თავზე ასხამდნენ” – სახალხო დამცველის ანგარიში

„ჭამაზე უარის თქმის გამო, ბავშვებს დასჯის მიზნით, საკვებს თავზე ასხამდნენ. ერთ-ერთი შემთხვევისას აღმზრდელმა ბავშვს ჯერ ჩაი დაასხა თავზე და მერე დაბანა აუკრძალა“.

„ერთ-ერთი აღსაზრდელი, ღამე უნებლიე შარდვისთვის აღმზრდელმა შიშველი დააყენა დერეფანში“.

„როდესაც ბავშვებს შუადღის ძილის დროს ადრე გამოეღვიძათ, აღმზრდელმა აიძულა, ამდგარიყვნენ, აეღოთ ლეიბები, დაწოლილიყვნენ საწოლის ფიცარზე და ლეიბები ზედ დაეფარებინათ“.

„ერთ-ერთი აღსაზრდელი, რომელმაც კამათის დროს ყოფილ ხელმძღვანელს უცენზურო სიტყვებით მიმართა, ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს“.

ეს მცირე ნაწილია იმ დამამცირებელი შემთხვევებისა, რომლებზეც სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია საუბარი. დოკუმენტის მიხედვით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში წლების განმავლობაში ბავშვების მიმართ ადგილი ჰქონდა დამამცირებელ, არაადამიანურ და წამებასთან გათანაბრებულ მოპყრობას.

ორმოცგვერდიან ანგარიშში საუბარია სამართალდამცავების უმოქმედობაზეც. სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ გამოძიებაზე პასუხისმგებელი პირები გულგრილად ეკიდებოდნენ არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებს და აჭიანურებდნენ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას.

ამ დროისთვის ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში კვლავ ირიცხება 17 არასრულწლოვანი აღსაზრდელი. ნინო ლომჯარიას განცხადებით, პანსიონატში მდგომარეობა ამჟამად გაუმჯობესებულია, თუმცა ის მიიჩნევს, რომ დაწესებულება ყველა ბავშვმა უნდა დატოვოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend