მთავარიევროპაუკრაინავოლოდიმირ ზელენსკი ნატოს უკრაინის ალიანსში გაწევრიანების მკაფიო გრაფიკის შემუშავებას სთხოვს

ვოლოდიმირ ზელენსკი ნატოს უკრაინის ალიანსში გაწევრიანების მკაფიო გრაფიკის შემუშავებას სთხოვს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი  ნატოს მოუწოდებს, წარმოადგინოს უკრაინის ნატოში გაწევრიანების განსაზღვრული გრაფიკი.

ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უახლოეს მომავალში უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების იმედიც აქვს.

“დონბასში სამშვიდობო პროცესის განახლება გვსურს, ასევე ყირიმის ნახევარკუნძულის დაბრუნება და ევროკავშირში უახლოეს მომავალში გაწევრიანება. ხოლო ნატოსგან გვსურს, რომ უკრაინის მის რიგებში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მკაფიოდ განსაზღვრული გრაფიკი შემუშავდეს, რომელიც 2020 წლისთვის მზად უნდა იყოს“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კი კვლავ აცხადებს, რომ დასავლეთის მიერ აგრესიული საგარეო პოლიტიკის გატარების შემთხვევაში, მოსკოვი შესაბამის ზომებს მიმართავს. პუტინმა ეს განცხადება რუსეთის სამხედრო ძალების მეთაურობასთან გამართული შეხვედრისას გააკეთა.

“ჩვენ არ მოვითხოვთ განსაკუთრებულ პირობებს. რუსეთი სამართლიან და თანაბარ პირობებზე დაფუძნებული უსაფრთხოების სისტემის მომხრეა. დასავლელი კოლეგები კი აგრძელებენ აგრესიული საგარეო პოლიტიკის გატარებას, ჩვენ კი შესაბამის სამხედრო და ტექნიკურ ზომებს მივმართავთ. არამეგობრულ ნაბიჯებს მკაცრად გავცემთ პასუხს, რისი  უფლებაც გვაქვს. უფლება გვაქვს უზრუნველვყოთ რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოება და სუვერენიტეტი“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, პრეზიდენტ ბაიდენსა და პუტინს შორის შეხვედრის გამართვა არ იგეგმება. სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანის განცხადებით, ბაიდენის ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ დიპლომატია კრიზისს განმუხტავს.

“ვერ გეტყვით როდის დადგება პრეზიდენტ ბაიდენსა და პრეზიდენტ პუტინს შორის შეხვედრისათვის შესაბამისი მომენტი. ამჟამად ეს არ იგეგმება. გვსურს, ვნახოთ რამდენად წარმატებული იქნება დიპლომატიური მიმართულება. რუსეთის ფედერაციამ მდგომარეობა უნდა განმუხტოს და საკუთარი ჯარები უკან დახიოს. ამ შემთხვევაში მოლაპარაკებების წარმოებას უფრო მეტი შედეგი ექნება“, – აცხადებს აშშ – ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანი ენტონი ბლინკენი.

კონფლიქტი უკრაინაში 2014 წელს დაიწყო, როდესაც რუსეთის ფედერაციამ დონბასის რეგიონის ოკუპაცია და ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა. კონფლიქტის შედეგად, დღემდე 15 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend