მთავარიევროპაუკრაინაუკრაინის "საბჭოთა წარსულის პარკი"

უკრაინის “საბჭოთა წარსულის პარკი”

„საბჭოთა წარსულის პარკი“ – ასე ჰქვია უკრაინულ ქალაქ პუტივლში მდებარე სკვერს, სადაც საბჭოთა კავშირის ლიდერების ქანდაკებები დგას. ამ ქანდაკებების უმეტესობა 2013 წლამდე უკრაინული ქალაქების ცენტრებში იდგა. თუმცა, მაიდანზე განვითარებული მოვლენების შემდეგ ისინი დემონსტრანტებმა ჩამოხსნეს. შედეგად შეიქმნა მუზეუმი ღია ცის ქვეშ, სადაც საბჭოთა წარსულზე ინფორმაციის მიღება არის შესაძლებელი.

„მუზეუმის მიზანია შეინარჩუნოს წარსული და ისტორია თანამედროვე გადმოსახედიდან წარმოაჩინოს. უკრაინის ისტორიას უკრაინელების პერსპექტივიდან უნდა შევხედოთ. აუცილებელია ვებრძოლოთ საბჭოთა ნარატივებს. სამწუხაროდ ბევრ ჩვენს თანამემამულეს, განსაკუთრებით უფროს თაობას, მათი კვლავ სჯერა“, – ამბობს მუზეუმის ხელმძღვანელი ილია დენისენკო.

2015 წელს უკრაინაში დამტკიცდა კანონი, რომლის თანახმად ქვეყანაში კომუნისტური სიმბოლოები აიკრძალა. გარდა ამისა, უკრაინაში სახელმწიფო ენის წახალისების პროგრამა დაიწყო. ახალი კანონები უზრუნველყოფს იმას, რომ მედია საშუალებებმა რუსული ნაცვლად უკრაინული გამოიყენონ, ხოლო წიგნები უკრაინულ ენაზე დაიბეჭდოს.

„თუ მწერალს ადგილობრივი ხელისუფლებისგან ფინანსური დახმარების მიღება სურს, მისი წიგნი უკრაინულად უნდა გამოიცეს. რუსულენოვანი წიგნის დასაბეჭდად სპეციალური ნებართვის აღება და დამატებითი ტარიფების გადახდა არის საჭირო. უკრაინული წიგნები ასევე უფრო იაფად იყიდება. ამის გამო მათი პოპულარობა ყოველწლიურად იზრდება“, – მიიჩნევს გამომცემელი დანა პავლიჩკო.

საზოგადოების ნაწილის აზრით, ეს შეზღუდვები რუსულენოვანი მოსახლეობის დისკრიმინაციას წარმოადგენს. მომხრეები კი აცხადებენ, რომ უკრაინული ენა საბჭოთა კავშირის დროს დაჩაგრული იყო და მისი წახალისება აუცილებელია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend