მთავარისაქართველოპოლიტიკური შიმშილობა

პოლიტიკური შიმშილობა

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და პოლიტიკოსების შეხვედრების პარალელურად, რომელიც ეროვნული თანხმობის იდეის ირგვლივ მიმდინარეობს, მთავარ ოპოზიციურ პარტიას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ახალი პოლიტიკური დღისწესრიგი შემოაქვს. 21 დეკემბრის საპროტესტო აქციის შემდეგ გადაწყდა, რომ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მომხრეები მასობრივი შიმშილობის აქციას იწყებენ. პარტიის ცნობით, 100-მეტი მოშიმშილე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან კარვებში იშიმშილებს. მათ შორისაა პარტიის ლიდერების ნაწილი – ნიკა მელია, აკაკი მინაშვილი, გიორგი ბოტკოველი, გიორგი ბარამიძე. მთავარი მოთხოვნაა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება.

„მასობრივი საპროტესტო შიმშილობა და აქცია, რომელშიც ჩართული იქნება ასობით ადამიანი უმძიმეს პირობებში, ეს 1988 წლის შემდეგ ამ ქვეყანაში არ მომხდარა და თუკი ვინმე ხელისუფლებიდან აქილიკებს ამ პროცესს, ისინიც კი რამდენიმე დღეში მიხვდებიან, რომ მათი დღევანდელი ქილიკი იყო უადგილო. თუმცა, ეს მათი ხელწერაა და მათ ამ ყველაფერს ვერ ავუკრძალავთ. როცა შენ ქვეყანაში სამართლიანი მართლმსაჯულების ნიშანწყალიც კი აღარ გაქვს, როცა ქვეყანაში წართმეული გაქვს კონსტიტუციური უფლება როგორც მოქალაქეს და კლასიკური ოლიგარქიული რეჟიმია ჩამოყალიბებული, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუციას, როგორც ასეთს აღარ ცნობს და ვიწრო კლანურად მართავს ქვეყანას, ყველა ფორმა, თუნდაც უმწვავესი, არის სავალდებულო, თუ ჩვენ გვინდა ამ ქვეყანაში რეალურად ცვლილებები და გვინდა ამ ქვეყანაში მოვახდინოთ გარღვევა. ან ვეგუებით უძრაობას, თავზე ლაფის დასხმას, იმას, რომ პროკურატურა იმიტაციაა, პოლიცია ფარსია, სახელისუფლებო სამივე შტო არის ბლეფი, ან ამ ყველაფერს ვეგუებით და რეჟიმს თავს ვუხრით ან ვებრძვით. არ ავყევით და არ ავყვებით „ქართულ ოცნებას“ სისხლის ღვრაში. „ქართული ოცნება“ ამ განცხადებებს რომ აკეთებს, დიდწილად, ეს განპირობებულია მათი გეგმების ჩავარდნითა და ჩაფუშვით, რომელიც გულისხმობდა ოპოზიციის სამოქალაქო დაპირისპირებაში ჩათრევას და შედეგად, სისხლისღვრას. ეს მათთვის მნიშვნელოვანი იყო. ისინი ფიქრობდნენ, რომ ამ მორევში ოპოზიციას ჩაითრევდნენ და ამის შემდეგ მთელ ოპოზიციურ ველს გააუდაბნოებდნენ. ეს მათ ვერ მოახერხეს. როდესაც ხედავენ, რომ უმძიმესი საპროტესტო ფორმა გამოიყენება უამრავი პატრიოტის მხრიდან, ნუ გგონიათ, რომ ისინი ვერ ხვდებიან, რომ ამ ყველაფერს შესაძლოა, პოზიტიური შედეგი ჰქონდეს.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში არ უნდა იყოს, ტყვე არ უნდა იყოს, მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა სამართლიანი სასამართლოსი. როცა ტყვედ გყავს ადამიანი აყვანილი, ის ადრე თუ გვიან გათავისუფლდება“, – აცხადებს პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია.

კარვებში მყოფი მოშიმშილეების განცხადებით, პროტესტის ეს ფორმა მძიმეა, თუმცა თავგანწირვის გარეშე საბოლოო მიზნის მიღწევა შეუძლებელია.

„მე, როგორც ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე და სასულიერო პირი, ვთვლი, რომ ქვეყანაში გარდაუვალია ის ცვლილებები, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას.

ვშიმშილობ და საჭიროდ ვთვლი აქ ვიყო, რადგან დღეს საპატრიარქოს კულუარები დღევანდელმა უზურპატორმა მთავრობამ გაგვითახსირა. ეს არის უკანასკნელი იმედი და ყველაზე წმინდა რამ, რაც ქართველებს გაგვაჩნია. ხელისუფლებამ ზოგი მოისყიდა, ზოგი დააშანტაჟა ტოტალური მოსმენების ხარჯზე. სასულიერო პირები არა სასულიერო ღირებულებებზე დაფუძნებულ, არამედ რუსეთის ნაკარნახევ სიძულვილის ენის შემცველ ქადაგებებს ახვევენ თავს საზოგადოებას.

სხვა რა დაგვრჩენია, თუ არა გამოვხატოთ პროტესტის უკიდურესი ფორმა ამ პატივაყრილ, გაპარტახებულ ქვეყანაში“, – ამბობს საპროტესტო შიმშილობის მონაწილე მამა რამინი.

„ნაციონალური მოძრაობის“ ახალ გადაწყვეტილებას განსხვავებულად აფასებენ ოპოზიციურ წრეებში. ნაწილი ამბობს, რომ დიალოგის პარალელურად პროტესტის რადიკალური ფორმები დამატებითი უპირატესობის მომტანი იქნება, მეორე ნაწილი კი  მოშიმშილეების ჯანმრთელობის გაუარესების გარდა, სხვა შედეგს ვერ ხედავს.

„გაუგებარია, “ნაციონალურმა მოძრაობამ” მასობრივი შიმშილობის დაწყების გადაწყვეტილება წინასაახალწლოდ რატომ მიიღო, იმ პირობებში, როცა სამოქალაქო თანხმობაზეა საუბარი და ისინი ამ პროცესში ჩართვაზე უარს არ ამბობენ. შიმშილობა დაკავშირებულია ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანებასთან და ამ ფორმას არ ვემხრობი. დიდი ხანია ევროპაში შიმშილობის ფორმას აღარ იყენებენ და პროტესტის გამოსახატად ბევრი სხვა ფორმა არის გამოგონილიც და მიღებულიც. პროტესტის იმ ფორმის გამოყენება, რაც დაკავშირებულია ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანებასთან, მიმაჩნია, რომ სწორი არ არის, მაგრამ ეს მათი უფლებაა და კანონს არ ეწინააღმდეგება, თუმცა პასუხისმგებლობა მათზეა, ამ შიმშილობას რა შეიძლება მოჰყვეს“, – განაცხადა პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა.

„ქართულ ოცნებაში“ პროტესტის რადიკალურ ფორმას პოლიტიკური იუმორით ხვდებიან. მმართველი გუნდის პოლიტიკური ლიდერები ამბობენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხარდამჭერებს ჯანმრთელობის შერყევისთვის წირავენ, რასაც არანაირი პოლიტიკური შედეგი არ ექნება.

თვითონაც მიხვდებიან, რომ ძალიან უაზრო აქცია წამოიწყეს. კარგი იქნება, რომ პოლიტიკურ პროცესში დაბრუნდნენ და მიხეილ სააკაშვილი მიხვდეს, როგორი შეცდომაც იყო ქვეყანაში შემოპარვა და იმის იმედად ყოფნა, რომ ქუჩაში ასიათასობით ადამიანი გამოვიდოდა და ყველა ხელში ატაცებულს აიყვანდა თანამდებობაზე და ოლიმპოზე. ისევ ის შეცდომაა ახლა, როცა თავის თანაგუნდელებს აშანტაჟებს, რომ მათ შიმშილობით ან რაიმე აქციებით აიძულონ ხელისუფლება ან ვინმე, სააკაშვილი ციხიდან გამოვიდეს. სააკაშვილი სასჯელს მოიხდის. ეს არის სამართლებრივი პროცესი და მას არაფერი საერთო პოლიტიკასთან არ აქვს. „მაკდონალდსის” გვერდით შიმშილობა მოუწევთ და თუ მაინც მოინდომებენ, მსუბუქი შიმშილობა ჰქონდეთ, პაშტეტების ნაცვლად, რასაც მათი პრეზიდენტი მიირთმევდა, “მაკდონალდსის” ჰამბურგერებს მიირთმევენ,”- განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა სოზარ სუბარმა.

„მოშიმშილეთა რაოდენობა გაიზრდება, მომხრეებს ელოდებიან რეგიონებიდანაც“ – ამბობენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობა“-ში. საპროტესტო შიმშილობასთან ერთად, პარტია „ეროვნული თანხმობის“ კონსტრუქციულ მოლაპარაკებებშიც იღებს მონაწილეობას.

ალეკო გვეტაძე

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend