მთავარისაქართველო"ომიკრონი" საქართველოში

“ომიკრონი” საქართველოში

ახალი შტამით გამოწვეული რისკების გამო 1-დან 10 იანვრამდე საჯარო დაწესებულებებისთვის "უქმე დღეები" გამოცხადდა

საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის ომიკრონის ორი შემთხვევის დადასტურებიდან მეოთხე დღეს ქვეყანაში  ამ შტამით ინფიცირებული უკვე 24 პირია. ჯანდაცვის სფეროს ექსპერტების თქმით, საქართველოში ომიკრონის ვარიანტი უახლოესი ორი თვის განმავლობაში დომინანტური გახდება.

„22 შემთხვევიდან ზოგიერთი კონტაქტია, თუმცა ზოგიერთი დამოუკიდებელია. თითქმის ყველა შემოტანილია. ომიკრონის დადასტურებული შემთხვევებიდან 9 ინფიცირებული შემოსულია დუბაიდან, ერთი თვითმფრინავით. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც „ფორმულა ერთის“ რბოლას დაესწრნენ. ერთი ინფიცირებული ლონდონიდან არის შემოსული, ერთიც – ბუდაპეშტიდან. ორი შემთხვევა აფრიკის ქვეყნებიდანაა, თურქეთის გავლით, ერთი კი ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ყველა ეს შემთხვევა ამბულატორიულია, არც ერთს არ დასჭირვებია სტაციონარი. არის მცირე ტემპერატურული მატება. ერთგან მაღალი ცხელება იყო. ჰოსპიტალიზაცია არცერთს არ დასჭირდა, ისინი სახლში არიან. ამავდროულად,  ჩვენ მათ 53 კონტაქტს ვიკვლევთ“,  – ამბობს ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი.

საქართველოში ახალი შტამის გავრცელებით გამოწვეული რისკების გამო საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სკოლებში არდადეგები 29 დეკემბრიდან 17 იანვრამდე იქნება, ხოლო პირველიდან 10 იანვრამდე საჯარო სამსახურში „უქმე დღეები“ გამოცხადდება.

„ეს ეხება საჯარო დაწესებულებებს. ხოლო კერძო სექტორს შეუძლია, თავისით მიიღოს გადაწყვეტილება და ასევე უქმე დღეებად გამოაცხადოს პირველი იანვრიდან 10 იანვრამდე პერიოდი. ამ მომენტისთვის სხვა დამატებითი შეზღუდვა დაწესებული არ არის“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ, საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის ხელმძღვანელმა.

საქართველოში ომიკრონის ვარიანტის გავრცელების გამო კოვიდ-19-ის ახალი შემთხვევების მატებას ელოდებიან. კოვიდკლინიკებში 9112 საწოლია მობილიზებული, რომელთა 30%-იც ანუ 3227 საწოლი თავისუფალია. რეკომენდაციები ამ შემთხვევაშიც იგივე რჩება. ეპიდემიოლოგების თქმით, აუცილებელია პირბადის სწორი გამოყენება, სოციალური დისტანციის დაცვა და ვაქცინაცია. საქართველოში ამ დროისთვის პირბადის ტარების მაჩვენებელი 28%-ია. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ შესაძლოა სრულად აცრილად ის პირი ჩაითვალოს, რომელსაც ვაქცინის არა ორი, არამედ სამი დოზა ექნება გაკეთებული. მესამე აცრაში ე.წ. ბუსტერ დოზა იგულისხმება.

„ვრჩებით კვლავ მობილიზებულ მდგომარეობაში, რადგან „ომიკრონის“ გავრცელების პირობებში მოსალოდნელია კოვიდ-19-ის ახალი შემთხვევების მატება, ასევე საწოლებზე მოთხოვნის გაზრდა. შესაბამისად, კლინიკები მობილიზებული უნდა იყვნენ იანვრის თვეშიც. ასევე ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. 60 წელს ზემოთ პირებში ფინანსური წახალისების მექანიზმი აღმოჩნდა საკმაოდ ეფექტური. 100 ათასს გადააჭარბა იმ პირთა რაოდენობამ, რომლებმაც ჩაიტარეს პირველი აცრა ამ აქციის ფარგლებში. მათი 43% კი მეორე აცრის ჩასატარებლად მოვიდა. ვაქცინაციის შემთხვევაში 60 წელს გადაცილებულთათვის 200-ლარიანი დანამატის დარიცხვა 2021 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელდება“, – განმარტა თამარ გაბუნიამ, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

საკოორდინაციო საბჭოს დღეს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე არ ესწრებოდა. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განმარტა, საკოორდინაციო სხდომებზე დასწრების გარდა, სამინისტროში თანამდებობის გადაბარების პროცესში სხვა უამრავი პრიორიტეტია და ეკატერინე ტიკარაძე დროს შესაბამისად ანაწილებს.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend