მთავარისაქართველოშერიგება თუ თანხმობა

შერიგება თუ თანხმობა

სახელი ჯერჯერობით შერჩეული არ არის. მაგრამ, ცნობილია იდეა – მოხდეს დაძაბული ვითარების განმუხტვა და პოლიტიკოსებს შორის თანამშრომლობა სუფთა ფურცლიდან დაიწყოს.

იდეა პრეზიდენტს ეკუთვნის. სალომე ზურაბიშვილი პარტიებთან ინდივიდუალურ განხილვებს მიმდინარე კვირიდან იწყებს. ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს, რომ ამ ეტაპზე შერიგების რესურსი არ არსებობს, მაგრამ შეთანხმება ყველაფერზე შესაძლებელია.

“როცა ვსაუბრობთ პრეზიდენტის ინიციატივაზე, მნიშვნელოვანია, დავაზუსტოთ ტერმინები და დავაკონკრეტოთ, ვინ რას გულისხმობს ამ ინიციატივაში. ჩვენ ველოდებით პრეზიდენტის მხრიდან შეხვედრებს ცალკეულ პარტიებთან და ამის შემდეგ მგონია, რომ საკუთრივ მისი ხედვა ისევე, როგორც ჩვენი, გახდება უფრო ნათელი. მე არ მგონია, რომ ამ ეტაპზე არსებობს შერიგების რესურსი, შერიგება ეს არის რთული, ხანგრძლივი პროცესის ბოლო ეტაპი. ჩვენ ერთადერთი რაზეც შეგვიძლია ამ ეტაპზე ვისაუბროთ, არის შეთანხმება. ხელისუფლება აძლიერებს პოლარიზაციას და საჭიროა ექსტრაორდინალური გამოსავლები, ჩვენ გვჭირდება შეთანხმება ქცევის ძირეულ წესებზე. მარტივი იქნება ეს პროცესი? – არა, საჭიროა? – კი”, – განაცხადა დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა.

ცნობილია „ქართული ოცნების“ პოზიციაც, რომელიც სავარაუდოდ საბოლოო არ არის, თუმცა მმართველი პარტიისთვის ე.წ. „წითელი ხაზი“ მართლმსაჯულების აღსრულებაზე გადის. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცხადებით, თუ საპატიმროში მყოფი მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი დღისწესრიგში არ დადგება, მაშინ მოლაპარაკებებს აზრი ექნება.

„ქართული ოცნება“ ყოველთვის იყო და იქნება იმის მომხრე, რომ ნორმალური, ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი იყოს. რაც შეეხება პრეზიდენტის სურვილს – „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი და პრეზიდენტის სურვილი ერთმანეთს არ ემთხვევა. ამ შემთხვევაში, „ნაციონალურ მოძრაობას“ სურს, რომ იყოს წინააღმდეგობის კერები, რადიკალური პროცესი და ასე მოვიდეს ხელისუფლებაში, პრეზიდენტის სურვილი კი, არის, რომ იყოს ჯანსაღი, ნორმალური პოლიტიკური თამაშის წესები“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.

16 დეკემბრის წინასაახალწლო მიღების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. უკვე ცნობილია, რომ ინდივიდუალურ განხილვებში მონაწილეობას პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც“ მიიღებს. შეხვედრების ფორმატისა და განსახილველი საკითხების დეტალები უცნობია.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend