მთავარისაქართველოოსტატი წეროვნიდან, რომელიც დევნილ ბავშვებს ხეზე კვეთას ასწავლის

ოსტატი წეროვნიდან, რომელიც დევნილ ბავშვებს ხეზე კვეთას ასწავლის

ხესთან ურთიერთობა ბავშვობიდან დაიწყო… ახალგორში ცხოვრობდნენ, მამაც ცნობილი ოსტატი ყოფილა და ზაზა მის კვალსგაჰყვა. ახალგორის ოკუპაციის შემდეგ, როგორც სხვა ათასობით დევნილი, ისიც წეროვანში დასახლდა.

ზაზა გათენაშვილმა საოჯახო ტრადიციის გაგრძელება გადაწყვიტა, და დევნილთა დასახლებაში ხის საამქრო გახსნა. აქ ის დევნილ ბავშვებს ხეზე კვეთას უსასყიდლოდ ასწავლის.

„2009 წელს თბილისიდან აქ წამოვედი და ძალიან დიდი სურვილი მქონდა რომ გამეგრძელებინა ტრადიცია და აქ დამეარსებინა ის, რაც ახალგორიდან მოყვებოდა მამაჩემს. აქ ყველა ბავშვი დევნილია, აბსოლუტურად. ვინც ახლა დადის ან ვინც გაიარა“, – ამბობს ზაზა გათენაშვილი.

2009 წლიდან დღემდე ოსტატმა 100-ზე მეტ დევნილ ბავშვს შეასწავლა ხელობა. ზოგიერთი მათგანი საქმეს განსაკუთრებით კარგად დაეუფლა და შემოსავლის წყაროდ აქცია. პანდემიის გამო სახელოსნო ორი წელი გაჩერებული იყო. ზაზა საქმიანობას რამდენიმე დღის წინ დაუბრუნდა და გაკვეთილებიც განახლდა.

„ძალიან ბევრ რამეზე დავდიოდი წეროვანში, რა წრეც იხსნებოდა ყველაფერში მინდოდა ბედის მეცადა. ვფიქრობ, ჩემი თავი სწორედ ამ სახელოსნოში ვიპოვე,ხეზე მუშაობაში. ვიღაცების აზრი იყო, რომ ეს არ არის გოგოს საქმიანობა, ამას ბიჭები უნდა აკეთებდნენ, მე ყოველთვის მიყვარდა ამ სტერეოტიპის დამსხვრევა, რომ რაღაცები არ შეუძლიათ გოგოებს. მე ვფიქრობ, რომ გოგოებს ყველაფერი შეგვიძლია“, – ამბობს მარიამ მელთაური.

გოგოებს რომ ყველაფერი შეუძლიათ, ეს მარიამ მელითაურმა იმითაც დაამტკიცა, რომ 2018 წელს საუკეთესო შეგირდის ჯილდო და ფულადი პრიზიც დაიმსახურა. თანხას მოსწავლეები გამოფენებზე გაყიდული ნივთებითაც გამოიმუშავებენ.

„ზაზა მასწავლებელს არასდროს ავიწყდებოდა, რომელი ყუთი, რომელი ბავშვის ნამუშევარი იყო და ყოველთვის გაყიდული თანხის რაღაც წილს გვიხდიდა. ბავშვობაში ჯიბის ფული იყო ეს ჩვენთვის და ძალიან დიდი სიხარული და მოტივაცია, რომ კიდევ და კიდევ შეგვექმნა ასეთი ნიმუშები“, – ამბობს მარიამ მელთაური.

„ზაზა მასწავლებლის სახელოსნოთი მაშინ დავინტერესდი, როდესაც 12 წლის ვიყავი. მოსვლა იმიტომ გადავწყვიტე, რომ ჩემმა მეგობრებმა მითხრეს, შეგვეძლო ხელობის შესწავლა და ამ ხელობით ჯიბის ფულის შოვნა. მთავარ პროფესიასთან შეთავსებით მინდა გავაგრძელო ეს საქმე, არ მინდა რომ დავივიწყო და მინდა, რომ მთელი ცხოვრება გავიყოლო და გამოვიყენო ამ პროფესიაში მიღებული ცოდნა და გამოცდილება“, – ამბობს გურამ მღებრიშვილი.

მიუხედავად იმისა, რომ ზაზა გათენაშვილი წლებია წეროვანში ცხოვრობს და საყვარელი საქმითაა დაკავებული, აქაურობას სახლს მაინც არ უწოდებს. მისი სახლი ახალგორშია და იქ უკვე ორ წელზე მეტია არ ყოფილა. მამა და დედა ახალგორში დარჩნენ და ზაზას მათთან ურთიერთობა მხოლოდ ტელეფონით შეუძლია.

მაგრამ ზაზას ერთი ადგილი აქვს შეგულებული, სადაც მაშინ მიდის,  როცა მშობლიური სახლი განსაკუთრებით ენატრება. ეს ადგილი, მის მიერვე შექმნილი სახელდახელო მუზეუმია,  რომელსაც ხუმრობით „პატარა ახალგორი“ შეარქვა. მუზეუმში გამოფენილი თითქმის ყველა ნივთი იქედან აქვს ჩამოტანილი.

„ჩემი მუზეუმის შექმნის იდეა იყო ახალგორის სულის დაბრუნება აქ, რომ ყველამ, თითოეულმა ახალგორელმა, აქ მცხოვრებმა თუ სხვაგან მცხოვრებმა არ დაკარგოს თავისი ახალგორელობა, რომ მოვიდნენ, გაიხსენონ, შეხედონ, გაახსენდეთ იქაურობა. ბევრი ისეთი სიტუაციაც ხდება… მასწავლებლებს მოჰყავთ ბავშვები, რომლებსაც ბუნდოვნად ახსოვთ ახალგორი და მე ვუხსნი თითოეული ნივთი რას ნიშნავს, საიდან არის“, – ამბობს ზაზა გათენაშვილი.

„ახალგორი რომ დავტოვე  ექვსი წლის ვიყავი. ომის შემდეგ სკოლაში ახალგორში მივედი. მაგრამ შემდეგ მოხდა ინციდენტი. სკოლის ეზოში ნაპოვნი ნაღმი აუფეთქდა სკოლის  დარაჯს და იმის შემდეგ ჩემმა ოჯახმა გადაწყვიტა, რომ საბოლოოდ დაეტოვებინა ახალგორი. ამის შემდეგ წამოვედით…“, – იხსენებს მარიამ მელთაური.

წამოვიდნენ, მაგრამ ფიზიკურად. გული იქ დარჩა…

ორი წუთი გავჩერდეთ. შეიძლება ავდგე? – გვეკითხება მარიამი, დგება და კადრიდან გადის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend