კომპანია მეტას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 7 სამეთვალყურეო კომპანიას პლატფორმაზე მომხმარებლებზე დაკვირვება აუკრძალეს. მეტას ხელმძღვანელობის განცხადებით, ფეისბუკისა და ინსტაგრამის 50 ათასამდე მომხმარებელი მიიღებს ინფორმაციას მათ მიმართ განხორციელებული „მავნე ქმედებების“ შესახებ.
კომპანია მეტაში აღნიშნავენ, რომ ეს ფირმები ქმნიდნენ ყალბ ანგარიშებს და უმეგობრდებოდნენ პლატფორმაზე მომხმარებლებს იმ მიზნით, რომ მათი ანგარიში გაეტეხათ ან მოეპოვებინათ პირადი ინფორმაცია. მეტას ცნობით, ასეთი კომპანიები თავიანთი კლიენტების სახელით მოქმედებენ მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში.
მათი ძირითადი სამიზნე ჟურნალისტების, დისიდენტების, ავტორიტარული რეჟიმების კრიტიკოსების, ოპოზიციონერთა ოჯახებისა და უფლებადამცველების ანგარიშებია.
სათვალთვალო ინდუსტრიას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა, რომ ისრაელის ერთ-ერთი კომპანიის მიერ შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფა „პეგასუსი“ ათასობით ადამიანის შესახებ აგროვებდა ინფორმაციას. გასულ თვეს აშშ-მა ეს ფირმა სხვა ფირმებთან ერთად შავ სიაში შეიტანა და უცხოეთის მთავრობის დაკვეთით, კერძო პირების წინააღმდეგ უკანონო თვალთვალში დაადანაშაულა.
მეტას მიერ დასახელებულ ფირმებს შორისაა ერთ-ერთი ფირმა „ბლექ ქიუბი“, რომელიც ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ჰოლივუდის ყოფილმა პროდიუსერმა ჰარვი ვაინშტეინმა დაიქირავა ისინი იმისათვის, რომ ეთვალთვალათ იმ ქალებისთვის, რომლებმაც ვაინშტეინი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულეს. ბელქ ქიუბი უარყოფდა, რომ ისინი იყენებდა ჰაკერულ მეთოდებს და ირწმუნებოდა, რომ მისი ქმედებები ლეგალური იყო.