მთავარისაქართველო„დროა პოლიტიკურად გავიზარდოთ“ - პოლიტიკური გამოხმაურება პრეზიდენტის ინიციატივაზე

„დროა პოლიტიკურად გავიზარდოთ“ – პოლიტიკური გამოხმაურება პრეზიდენტის ინიციატივაზე

„დროა პოლიტიკურად გავიზარდოთ“ – ეს იყო მთავარი გზავნილი და მოწოდება, რაც საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ყველა პოლიტიკურ ძალას უთხრა 16 დეკემბრის მიღებაზე.

პრეზიდენტის ინიციატივა და გზავნილი იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაც საპარლამენტო სივრცეში დეპუტატებმა განიხილეს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ პრეზიდენტს სურს ისტორიაში შევიდეს, როგორც შემრიგებლური სახელის მქონე მმართველი და მას ზუსტად ესმის, რომ ახლა ქვეყანაში რთული პოლიტიკური ვითარებაა. ოპოზიცია იწონებს სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას, თუმცა მისგან, არამხოლოდ სიტყვას, არამედ ქმედით ნაბიჯებსაც ელიან.

„სალომე ზურაბიშვილის გამოსვლიდან რამდენიმე ნოტი დავიჭირე და ხავსს მოვეჭიდე, თუ ის ამ ყველაფერს მოქმედებაში მოიყვანს, ძალიან გამიხარდება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ცოტა გაუჭირდება, რადგან ირაკლი კობახიძის საშინელი განცხადება მოვისმინე. როგორც ჩანს, პრეზიდენტს ამ ადამიანებთან წინააღმდეგობების გადალახვა მოუწევს, თუ ამ წინააღმდეგობას გადალახავს, მხოლოდ გამიხარდება. შეთანხმების პროცესის დაწყება უდაოდ მისასალმებელია, მაგრამ როგორ მოიყვანს მოქმედებაში, ეს იქნება მთავარი. ირაკლი კობახიძისგან სრულიად უიმედობა მოვისმინე. როცა პრეზიდენტი მის გუნდთან ახლოს მყოფი იწყებს პროცესს, შეგიძლია, საერთოდ არაფერი თქვა“, – განაცხადა დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა.

„საუბარს წინ არაფერი უდგას და არ სჭირდება წინაპირობები“ – ამბობენ მმართველ პარტიაში და პრეზიდენტის ინიციატივას დროულსა და საჭიროს უწოდებენ. „ქართული ოცნების“ საპარლამენტო დეპუტატები აღიარებენ, რომ ქვეყანაში პოლიტიკურ პოლარიზაციას ხელ ოპოზიციაც უწყობს და მმართველი პარტიაც, ამიტომ მოლაპარაკებების და ქმედითი ნაბიჯების აუცილებლობას ორივე მხრიდან ხედავენ. პოლიტიკური სურათის ამ მასშტაბით დანახვის მიუხედავად, „ქართულ ოცნებაში“ ჯერ დეტალურად არ საუბრობენ.

„ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ ზოგადი განწყობა და განცხადება პრეზიდენტის მხრიდან და არა კონკრეტული შემოთავაზება. ზოგადი განწყობა ჩვენ ისედაც გვქონდა და გვექნება ასეთი, რომ პოლარიზაცია არ არის მისასალმებელი და ამას ყველამ ერთად წერტილი უნდა დავუსვათ. თუ ვინმემ პირველმა უნდა გადადგას ნაბიჯი, ეს არის ის რადიკალური ჯგუფი, რომელიც რევოლუციურ სცენარებს აანონსებს, მსჯავრდებული ციხიდან დახსნას აანონსებდა და ა.შ“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა.

მომდევნო რაუნდებზე პოლიტიკოსები პრეზიდენტისგან კონკრეტული დღის წესრიგის დაყენებას და ფართო დისკუსიის ფორმატში, აქტუალურ საკითხებზე, შედეგზე ორიენტირებულ მსჯელობას ელიან.როდის გაიმართება მომდევნო მიღება სალომე ზურაბიშვილთან ჯერ უცნობია.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend