ავღანეთის ეროვნული ვალუტის გაუფასურების ფონზე, ქვეყნის ეკონომიკა დიდი პრობლემების წინაშეა.
მოსახლეობის ნახევარზე მეტს შიმშილი ემუქრება. ეროვნული ვალუტა უკვე 11 პროცენტით გაუფასურდა, მოსახლეობა კი ვალუტის გადაცვლის კურსის მთავრობისაგან გაკონტროლებას მოითხოვს.
“ქვეყანაში ვალუტის გადაცვლის პროცესი უნდა გაკონტროლდეს. ადგილობრივ საბაზრო მარკეტს ყურადღება ესაჭიროება. ჩვენ, ისლამური ემირატის ერი მოვითხოვთ, რომ საბაზრო მარკეტი რეგულირებული იყოს. ამჟამად ბაზარში პროდუქტის შესყიდვის საშუალებაც არ გვაქვს, ვერც ფქვილს, ვერც ბრინჯს ან საწვავს ვყიდულობთ“ – წუხს მეწარმე ჰაჯი ხაზანი.
ავღანეთში ეკონომიკური კრიზისი მანამდე დაიწყო, ვიდრე დასავლურმა საბანკო სისტემამ ემირატის მფლობელობაში არსებული ფინანსური რეზერვები გაყინა, “თალიბანის” მთავრობის წარმომადგენლების რადიკალური პოლიტიკის გამო.
ამჟამად კი ავღანეთის ისლამური ემირატის ეკონომიკას საერთაშორისო დახმარება ესაჭიროება.
“მე ემირატს ვალუტის გადაცვლის კურსის კონტროლს ვთხოვ. საბაზრო მარკეტი არასტაბილურია. თუ ვალუტის გადაცვლის კურსი მკვეთრად ცვალებადი იქნება, მოსახლეობას ეს დიდ პრობლემებს შეუქმნის. ჩვენ ღმერთს შევთხოვთ ყველაფრის მოგვარებას, ხალხი ცუდ მდგომარეობაშია“ – ამბობს მაღაზიის მეპატრონე გულამ შახი.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ შემუშავებული ინფორმაციის თანახმად, ავღანეთის მოსახლეობის საერთო რაოდენობიდან, რომელიც 38 მილიონი ადამიანია, თითქმის 23 მილიონი უკვე დგას შიმშილის საშიშროების წინაშე.