მთავარიამბები„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ 2021 წლის საქმიანობა შეაჯამა

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ 2021 წლის საქმიანობა შეაჯამა

სამედიცინო დახმარება 81 დაჭრილ მებრძოლს – 16 ოპერაცია, 17 სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურება, მედიკამენტების შეძენა და სამხედრო მოსამსახურეების არასრულწლოვან შვილთა დაფინანსება – ეს იმ დახმარების არასრული ჩამონათვალია, რომელიც „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდისგან“ 2021 წელს ვეტერანებსა და სამხედრო მოსამსახურეებს გაეწიათ. 15 დეკემბერს ფონდმა ერთი წლის საქმიანობის დეტალები საზოგადოებას გააცნო.

„რაც შეეხება ჩვენს ფონდს, ის უკვე სამი წელია არსებობს და ეს ფონდი იზრდება, მგონია, არის ზუსტად ის ერთ-ერთი ისეთი ღირებულება, რის გარშემოც შეიძლება, რომ გაერთიანდეს მთელი ჩვენი საზოგადოება, რაც ასე მნიშვნელოვანი და საჭიროა და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელ დღეს, როდესაც ჩვენ გვჭირდება ერთობა და ერთად ყოფნა“, – განაცხადა „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის“ ფონდის დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა.

„ჩვენ 2021 წელს, ჩვენ მიერ იქნა მობილიზებული 432 ათასი ლარი, საიდანაც 300 ათასი ლარი ეს არის კომპანია „სილქნეტის“ კიდევ ერთხელ, რაც ავიღეთ ჩვენ ვალდებულება გაწეული. ჩვენ ვაგრძელებთ საქმიანობას და დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ბევრი სიკეთის, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, აშშ-დან, საქართველოდან, ყველა ჩვენს მეგობართან ერთად შევძლებთ ძალიან ბევრი სიკეთის გაკეთებას“, – აღნიშნა „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის“ ფონდის გენერალურმა დირექტორმა დავით მამულაიშვილმა.

სიტყვით გამომსვლელებს შორის თავდაცვის მინისტრიც იყო, რომელმაც ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა და დაჭრილი მებრძოლების მიმართ პატივისცემა გამოხატა.

„დღევანდელი დღე არის ძალიან კარგი მაგალითი, რომ საზოგადოება აფასებს გმირებს, მათ გაღებულ ძალისხმევას და მსხვერპლს და მზად არის სოლიდარობისა და მხარდაჭერის გამოსახატად. მიმდინარე წელს ერთობლივად თავდაცვის უწყებისა და ფონდის მიერ განხორციელდა შვიდი სამხედრო მოსამსახურის ოპერაციული მკურნალობის დაფინანსება, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ასევე ერთობლივი ძალისხმევით თურქეთიდან მოწვეული სპეციალისტის მიერ რვა სამხედრო მოსამსახურეს ჩაუტარდა თვალის პროტეზირება“, –  თქვა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

ფონდს მადლობის წერილი გამოუგზავნა საქართველოს პრეზიდენტმა, და მადლობა გადაუხადა მათ, ვინც სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად სამშობლოს იცავდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც, რომლებმაც განაცხადეს, რომ  ასეთი ღონისძიებები კიდევ ერთი შესაძლებლობაა მათთვის, რომ დაჭრილ მეომრებსა და საქართველოს თავდაცვის ძალების მადლობა გადაუხადონ.

„ჩემთვის დიდი პატივია დაჭრილი ჯარისკაცებისა და მათი ოჯახებისადმი მიძღვნილ ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე დასწრება, ეს ღონისძიება ეძღვნება ასევე ყველა იმ ადამიანს რომელიც ასეთ მნიშვნელოვან როლს თამაშობს დაჭრილ მეომართა თანადგომის ფონდის მხარდაჭერაში“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართვლოში კელი დეგნანმა.

„ამ მასშტაბისა და მნიშვნელობის ღონისძიებაზე დასწრება ჩემთვის დიდი პატივია ჩემი სიტყვის დასაწყისში მსურს მადლიერება გამოვხატო, დაჭრილ მეომართა თანადგომის ფონდის მიერ შესრულებული სამუშაოსათვის. ბატონო მინისტრო, ბატონო რამიშვილო! დიდი მადლობა თქვენ და თქვენი გუნდებს, ამდენი ჯარისკაცისა და მათი ოჯახების თანადგომისათვის“, – აღნიშნა ნატოს სამხედრო მეკავშირე ოფიცერმა, პოლკოვნიკმა რუშენ აბიდინოღლუმ.

საქველმოქმედო ფონდის მიმართ თანადგომა გამოხატა Silk Road Wines-ის დამფუძნებელმა, ბარი გრირიმაც, რომელმაც ბოლო ქველმოქმედებიდან შეგროვებული თანხის ნაწილი საზეიმოდ გადასცა „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდს“.

„ქართული ფესვები ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვამაყობთ რომ დაჭრილ მეომართა თანადგომის ფონდის მხარდამჭერი ერთადერთი ამერიკული კომპანია ვართ. ამ გზით ჩვენ ვცდილობთ საზოგადოებას დავეხმაროთ, არამხოლოდ ქართულ სახელმწიფოს არამედ ყველა იმ მეომარს ვინც ამდენი შესწირა ღმერთის მიერ ჩვენთვის ბოძებული თავისუფლების დაცვისათვის. გასულ სექტემბერს ფლორიდის შტატში, ქალაქ ორლანდოში პირველი ღონისძიება გავმართეთ, სახელწოდებით ღვინის გალა საღამო მეომრებისათვის, ეს სილქ როუდ უაინის ყველა თანამშრომლის ერთობლივი ძალისხმევის შედეგი იყო. ჩვენ კოვიდ პანდემიის წინაშე ვიყავით და გვეუბნებოდნენ რომ ამას ვერ შევძლებდით. მაგრამ ჩვენ ეს შევძელით“, – თქვა Silk Road Wines-ის დამფუძნებელმა ბარი გრირიმ.

წელს დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა გაიცნო ქვეყნის საზღვრებს გარეთ. ფონდის საბჭოში ამერიკის საზღვაო ფლოტის გადამდგარი ადმირალი და სამხრეთ კაროლინის შტატში  საქართველოს საპატიო კონსული, დევიდ შიმპი გაწევრიანდა. შეიქმნა მრჩეველთა საბჭოც, რომელსაც ამერიკული არასამთავრობო საქველმოქმედო ფონდის Give an Hour-ის დამფუძნებელი და პრეზიდენტი ბარბარა ვან დალენი და მისი მეუღლე, ასევე ამ ფონდის თანადამფუძნებელი რენდი ფელპსი უხელმძღვანელებენ.

„მრჩეველთა საბჭოს თანა-თავმჯდომარეების რანგში ჩვენ ვიზრუნებთ ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედ იმ ორგანიზაციებთან ახალი ურთიერთობების შექმნაზე, რომლებიც იზიარებენ დაჭრილ მეომართა თანადგომის ფონდის იდეებსა და მისიას“, – განაცხადა GIVE AN HOUR-ის თანადამფუძნებელმა რენდი ფელპსიმ.

„დაჭრილ მეომართა თანადგომის ფონდს შევმატებთ  ჩვენს გამოცდილებას მენტალური ჯანმრთელობის მიმართულებით, რათა ვუმკურნალოთ ქართველ ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს, რომლებსაც ომმა უხილავი ჭრილობები მიაყენა“, – აღნიშნა  GIVE AN HOUR-ის დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა, ბარბარა ვან დალენმა.

ფონდის ერთგულ მხარდამჭერებს შორისაა ამერიკის შეიარაღებულ ძალებში, ლეგენდად წოდებული გენერალი, ვესლი კლარკი. ვიეტნამის, კოსოვოს ომების მონაწილე და ნატოს ევროპული ჯაების უზენაესი მეთაური, თავადაც ნამყოფია საქართველოში. მან 15 დეკემბერს გამართულ ღონისძიებაშიც მიიღო მონაწილება და საზოგადოებას სიტყვით მიმართა. გენერლა ვრცლად ისაუბრა იმაზე, თუ რას ნიშნავს ბრძოლა მშვიდობისათვის და თუ როგორი მნიშვნელოვანია, როცა ჯარისკაცებზე ზრუნავენ…

მშვიდობისა და დემოკრატიისთვის მებრძოლების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა ამერიკელმა კონგრესმენმა ჯო ვილსონმაც და ფონდს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მე მადლიერი ვარ დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდისა, რომელმაც ამდენი სამუშაო გასწია დაჭრილი ქალებისა და კაცების, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების დასახმარებლად. ჩემი ოთხი ვაჟი ქართველი ჯარისკაცების მხარდამხარ მსახურობდა ეგვიპტეში, ერაყსა და ავღანეთში. ჩემი შვილები მუდამ მეუბნებოდნენ და ჩემი გამოცდილებითაც ვიცი, რომ როგორი ნიჭიერები არიან ქართველები. დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვისათვის საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ჯარისკაცები მხარდამხარ მსახურობენ მთელ მსოფლიოში”, – თქვა კონგრესმენმა, ჯო ვილსონმა.

ასე დასრულდა ფონდის საქმიანობის კიდევ ერთი წელი, ერთი მიზნისთვის მხარდამხარ ბრძოლით.

ფონდში სჯერათ, რომ ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო გაიზრდება და ამბობენ, რომ მომავალშიც გააგრძელებენ დაუღალავ შრომას  –   ჯარისკაცების დსახმარებლად.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend