მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კორონავირუსის ომიკრონის ვარიანტი ფილტვებში 70-ჯერ უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე აქამდე არსებული ვარიანტები. სწორედ ამიტომ ითვლება ომიკრონი ყველაზე გადამდებ ვარიანტად. ქვეყნების მთავრობები ცდილობენ, პანდემიით გადაღლილი მოსახლეობის გამხნევებას. მეცნიერები კი ქმედითი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვენ.
დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის დირექტორი ანდრეა ამონი აცხადებს, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მხოლოდ ვაქცინაცია საკმარისი არ იქნება იმისთვის, რომ შემცირდეს ომიკრონის ეფექტი, რადგან აღარ არის ვაქცინაციის პროცესში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის დრო.
ბრიტანეთში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, ოთხშაბათს ქვეყანაში 78 610 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბორის ჯონსონი იმედს ვაქცინაციაზე ამყარებს.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი აღნიშნავს, რომ 12 დეკემბერს, ომიკრონთან დაკავშირებული საგანგებო მიმართვის გავრცელების შემდეგ, დიდი ეროვნული ბრძოლა დაიწყო. მისი აზრით, ხალხს გააზრებული აქვს, რა მოვალეობა აკისრია საზოგადოების წინაშე. ისინი საოცარი პასუხისმგებლობით ეკიდებიან საერთო პრობლემას. ბორის ჯონსონს მიაჩნია, რომ მას, ვინც აცრას იკეთებს, წვლილი შეაქვს ეროვნულ საქმეში.
იტალია პირველი ევროპული ქვეყანაა, რომელშიც ეპიდქფეთქება იყო. ქვეყნის ხელისუფლება შეზღუდვებსა და ვაქცინაციაზე ამყარებს იმედს. დღეიდან მკაცრდება წესები ქვეყანაში შემომსვლელთათვის. ახლა ევროკავშირიდან მომავალი მოგზაურებისთვისაც სავალდებულო გახდა ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა.
პოლონეთშიც კორონავირუსის შემთხვევათა მატების გამო დამატებითი შეზღუდვები წესდება. რესტორნებში, სასტუმროებსა და თეატრებში სივრცის მხოლოდ 30 პროცენტის გამოყენებაა შესაძლებელი. თუმცა ეს რეგულაციები არ ეხებათ ვაქცინირებულ მოქალაქეებს.
შეზღუდვების დაწესება ერთგვარი გზავნილია მოქალაქეებისთვის, რომ აიცრან. თუმცა ევროპაში ჯერ კიდევ არიან ის ადამიანები, რომელთა დარწმუნებაც ვერ მოახერხეს.