მთავარისაქართველოპროექტი მსჯავრდებულთათვის

პროექტი მსჯავრდებულთათვის

სასჯელაღსრულების მე-5 ქალთა დაწესებულებაში მსჯავრდებულები ფიტნესინსტრუქტორის პროფესიას დაეუფლნენ

პენიტენციური სამსახურის ნომერ მე-5 ქალთა დაწესებულებაში ოვაციები მოჰყვა კურსის დასრულებას. კურსის, რომლის დახმარებითაც 16 მსჯავრდებული ქალი ფიტნესინსტრუქტორის პროფესიას დაეუფლა და ამის დამადასტურებელი სერტიფიკატიც მიიღო.

„მე პირადად იმიტომ გადავწყვიტე მონაწილეობის მიღება, რომ სასჯელის მოხდის შემდეგ მინდა, ახალი ცხოვრება და კარიერა დავიწყო. ეს პროფესია კი ნამდვილად დამეხმარება, რომ ღირსეულად დავიწყო ცხოვრება და გადავდგა პირველი ნაბიჯები“, – ამბობს ერთ-ერთი მსჯავრდებული.

კურსი 2020 წლის 6 ივნისს დაიწყო და 6 თვის განმავლობაში გრძელდებოდა. პატიმარი ქალები ყოველი კვირის შაბათ დღეს სამი საათის განმავლობაში ესწრებოდნენ ტრენინგებს, რომლებიც თეორიასთან ერთად ფიზიკურ აქტივობასაც გულისხმობდა.  კურსის ფარგლებში ლექციებს რეაბილიტოლოგი, ენდოკრინოლოგი, ნუტრიციოლოგი და POWERLIFTING-სა და MASWRESTLING-ში სამგზის მსოფლიო ჩემპიონი, ევროპისა და საქართველოს ექვსგზის ჩემპიონი ატარებდნენ.

„მოხარული ვარ, რომ ამ პროექტში მივიღე მონაწილეობა. პროექტისა და კურსის ფარგლებში ჩვენმა ბენეფიციარებმა შეისწავლეს ნუტრიციოლოგია, ასევე კვების კუთხით მნიშვნელოვანი ასპექტები და დიდი იმედი მაქვს, რომ მიღებულ ცოდნას ისინი პირად პრაქტიკაში გამოიყენებენ“, – ამბობს ნათია რომაშვილი ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი.

ფიზიკური აქტივობის სიმცირე და მომატებული სტრესი მსჯავრდებულთათვის ერთ-ერთ ყველაზე მთავარ გამოწვევას წარმოადგენს. ამ პროექტის მიზანი კი პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, ასევე ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ცნობიერებისა და განათლების დონის ამაღლება იყო.

„ეს არის შანსი იმისა, რომ აითვისონ ახალი პროფესია, რომელიც ახლა ბაზარზე ძალიან აქტუალურია. ასევე ეს არის რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის შანსი, რადგან ფსიქოემოციურ ფონზე ძალიან კარგად მოქმედებს სწავლა. ვფიქრობ, რომ პროფესია ძალიან საჭიროა, მით უმეტეს, როცა ეს პროფესია ძალიან მოთხოვნადია. ჩვენი მთავარი  მიზანი იყო, გოგონებისთვის მიგვეცა შანსი და ინსტრუმენტი იმისათვის, რომ ეს პროფესია გამოეყენებინათ. თუ გადაწყვეტენ, გამოიყენებენ, თუ არადა, ეს ხომ ცოდნაა და ცოდნა საჭიროა“, – ამბობს ვალიტა გორელჩანკი პროექტის ორგანიზატორი.

6-თვიანი კურსის განმავლობაში მსჯავრდებულთათვის მთავარი მიზანი  სამომავლოდ ამ პროფესიით დასაქმებაში დახმარება იყო. ახლა მათ უკვე აქვთ საქართველოში პირველი ფიტნესაკადემიის სერტიფიკატი, რომლის დახმარებითაც სასჯელის დასრულების შემდეგ ფიტნესინსტრუქტორად მუშაობა შეეძლებათ.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend