მთავარი საქართველო როგორ ესმით „საყოველთაო შერიგება“ პოლიტიკოსებს

როგორ ესმით „საყოველთაო შერიგება“ პოლიტიკოსებს

პოლიტიკურ წრეებში საუბარი ე.წ. „საყოველთაო შერიგებაზე“ არ წყდება. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე საზოგადოებას „საყოველთაო შერიგების“ მისეულ ფორმულას სთავაზობს და ამბობს, რომ ამისთვის აუცილებელი იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები პოლიტიკიდან გავიდნენ.

„მე კიდევ ერთხელ ვიტყვი ჩემეულ ფორმულას “შერიგებასთან” დაკავშირებით. ამ პოლიტიკურმა ძალამ და მისმა ლიდერებმა უნდა აღიარონ ყველა უმძიმესი დანაშაული, რაც ჩაიდინეს – წამების, ღირსების შელახვის, არაადამიანური მოპყრობის, ტერიტორიების დათმობის, ბიზნესის რეკეტის ჩათვლით – რასაც ჰქონდა სისტემური ხასიათი. ამის შემდეგ უნდა თქვან, რომ ასეთი დანაშაულის ჩამდენი პოლიტიკოსების ადგილი აღარაა პოლიტიკაში. ეს უნდა აღიარონ და შეიძლება ამის შემდეგ დაიწყოს საუბარი შერიგებაზე. ვიდრე ამ ადამიანებს – დამნაშავეებს, კრიმინალებს – აქვთ პოლიტიკაში დარჩენის ამბიცია, რა თქმა უნდა, შერიგებაზე საუბარი ზედმეტია“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

ამ თემაზე ოპოზიციაშიც საუბრობენ. სალომე სამადაშვილს მიაჩნია, რომ შერიგებისთვის ყველაზე სწორი ნაბიჯი იქნება თუ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს.

„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და აქ ამ დარბაზიდან გამოვეხმაურო საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას, რომელიც ვფიქრობ, ყველაზე კარგად ხედავს ჩვენთან ერთად იმას, რომ ამ ქვეყნის მომავალს ნატო-ში, ჩვენს სუვერენიტეტს, საფრთხეს უქმნის ეს ხელისუფლება და მის მიერ განხორციელებული პოლიტიკა, გარდა ჩვენი სუვერენიტეტის შესაზღუდად ჩრდილოელი მეზობლის წარმოებული აგრესიული პოლიტიკისა. მინდა პრეზიდენტს მოვუწოდო, მაშინ, როდესაც ხედავთ, რომ ბატონი კობახიძე საუბრობს შურისძიებაზე და იმაზე, რომ პოლიტიკური სივრციდან რომელიმე პოლიტიკური პარტია საერთოდ უნდა გაქრეს, ვფიქრობ, ყველაზე სწორი ნაბიჯი საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან ნახევარი მილიონი ადამიანისთვის, რომელიც კონკრეტულად ერთ პოლიტიკურ პარტიას აძლევს ხმას, შერიგების თაობაზე ყველაზე ნათელი გზავნილი იქნებოდა კონსტიტუციური პრეროგატივის გამოყენება და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიმართ შეწყალების აქტის განხორციელება“, – აღნიშნა ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა.

შერიგების საკითხზე აქტუალური მსჯელობა პოლიტიკურ წრეებში კიდევ ერთხელ 10 დეკემბერს გახდა, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინკლუზიურ პროცესებზე ისაუბრა, რომელშიც ჩაბმული უნდა იყოს მთელი საზოგადოება.

ანა ალელიშვილი

 

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend