მთავარისაქართველორის ხარჯზე აჩერებს სახელმწიფო ინფლაციას და ეროვნული ვალუტის კურსს

რის ხარჯზე აჩერებს სახელმწიფო ინფლაციას და ეროვნული ვალუტის კურსს

საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, რომლის ეკონომიკაში შიდა წარმოება მინიმალურია და სამომხმარებლო პროდუქტების უმრავლესობა სხვა ქვეყნებიდან შემოდის.

იმპორტი უცხოურ ვალუტაში ხორციელდება და მასზე დამოკიდებულებით ქვეყნიდან დიდი ფული გადის. ბოლო წლების ტენდენციას თუ გავითვალისწინებთ, ინვესტიციების მოცულობამ მკვეთრად იკლო, რის გამოც უცხოური ვალუტის შემოდინება შემცირდა.

ამას სხვა საშინაო თუ საგარეო ეკონომიკური პრობლემებიც ემატება, რაც მთლიანობაში ეროვნული ვალუტის გაუფასურებას, ინფლაციის ზრდას და ყველაფრის გაძვირებას იწვევს. ინფლაციის მოსათოკად და ფასების დასასტაბილურებლად მთავრობის ეკონომიკური უწყებების გარდა, მთავარი ბერკეტები ეროვნულ ბანკს აქვს.

მოკლევადიანი შედეგის მისაღებად ამ ბერკეტებიდან ქართული ფულის საბადო, ერთს განსაკუთრებით ირჩევს – მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება. ეროვნულმა ბანკმა 8 დეკემბერს რეფინანსირების განაკვეთი 10-დან 10.5%-მდე გაზარდა, რითაც რიგით მოქალაქეებს, რომელთაც დიდი სესხები აქვთ, საპროცენტო განაკვეთი ისედაც გაძვირებული ცხოვრების ფონზე 0,5 პუნქტით გაუძვირდათ.

„ისევე როგორც მსოფლიოსთვის, საქართველოსთვისაც გაზრდილი ინფლაცია ერთ-ერთ გამოწვევად რჩება. იმისთვის, რომ ინფლაციის ზღვარი კიდევ არ გაიზარდოს, რასაც დამატებითი პრობლემები მოჰყვება ფასების მხრივ, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, 2021 წლის 8 დეკემბერს, რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პუნქტით ზრდის გადაწყვეტილება მიიღო. ეს იმას ნიშნავს, რომ საპროცენტო განაკვეთი 10-დან 10,5%-მდე გაიზარდა. ინფლაციის ეტაპობრივად შემცირება, ერთჯერადი ფაქტორების მილევასთან ერთად, დაგეგმილი ფისკალური კონსოლიდაცია და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკაც ხელს შეუწყობს. მას შემდეგ, რაც ინფლაცია კლებას დაიწყებს, რა თქმა უნდა, მომავალში მონეტარული პოლიტიკა შერბილდება და რეფინანსირების განაკვეთი შემცირდება“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

საბანკო სესხების მქონე მოქალაქეებისთვის გაზრდილი საპროცენტო განაკვეთით მოთოკილი ინფლაცია და კურსგაქცეული ეროვნული ვალუტის დროებითი დასტაბილურება, დამოუკიდებელი ეკონომისტების ნაწილს ლოგიკურად მიაჩნია. მათი თქმით, ისრები არა მხოლოდ ეროვნული ბანკის, არამედ მთავრობის ეკონომიკური გუნდის მისამართითაც უნდა გადანაწილდეს. რადგან, მათივე შეფასებით, როდესაც მთავრობა ეფექტურად ვერ მუშაობს, ეროვნულ ბანკს ხისტი გადაწყვეტილებების მიღება უწევს.

„სამწუხაროდ, ეროვნულ ბანკს ცუდსა და უარესს შორის მოუწია გადაწყვეტილების მიღება. ასე რომ არ მოქცეულიყო, ინფლაცია კიდევ გაიზრდებოდა, რაც ჩვენს ცხოვრებას უფრო გაართულებდა, რადგან ყველაფერზე ფასები ისევ გაიზრდებოდა. როდესაც მთავრობა ხარჯებს ზრდის, ეს სერიოზულ ზეწოლად ახდენს ინფლაციურ ფაქტორებზე. სწორედ რეფინანსირების განაკვეთის ზრდაა ის ერთ-ერთი ბერკეტი, რაც ამის შესაჩერებლად ეროვნულ ბანკს გააჩნია. სამწუხაროა, რომ ისედაც გაძვირებული ცხოვრების ფონზე, სესხებზე პროცენტიც გაიზრდება. აქედან, ეკონომიკური აქტივობების ზრდის აუცილებლობასთან ერთად, გამოსავალი სამთავრობო ხარჯებისა და ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებაა“, – აცხადებს „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე.

ეკონომიკის სპეციალისტების ნაწილი კი, კობა გვენეტაძის უწყების გადაწყვეტილებებს საერთოდ არაეფექტურად მიიჩნევენ. მათი თქმით, ეროვნული ბანკი ეკონომიკაში იმაზე მეტ ლარს უშვებს, ვიდრე ეს დღეს არის საჭირო, შემდეგ მისივე ხისტი ბერკეტებით, ხალხიდან ეს ფული ამოაქვს და ამით ცდილობს წნეხის შემცირებას.

„ინფლაციის მთავარი გამომწვევი მიზეზი, მთავრობის ეკონომიკური გუნდის არაეფექტურ მუშაობასთან ერთად, ისევე მთავრობის ხელშეწყობით, ისევ ეროვნული ბანკია. დღეს ეკონომიკაში იმაზე მეტი ეროვნული ვალუტაა გაშვებული, ვიდრე ეს საჭიროა. ჭარბი ფული კი ბევრ ეკონომიკურ პრობლემებს წარმოშობს. მოქალაქეებს ისედაც გაუჭირდათ ცხოვრება ყველაფრის გაძვირების ფონზე და ამ დროს, როდესაც ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს ზრდის, ეს პირდაპირ დარტყმას უკეთებს დიდი სესხების მქონე ადამიანებს“, – ამბობს ეკონომიკის დოქტორი ირაკლი მაკალათია.

გაძვირებული პროდუქტების, მომსახურებისა და სესხების ფონზე წინ გრძელი ზამთარია. რა პოზიტიურ ცვლილებებს მოუტანს ქვეყნის ეკონომიკას და რიგით მოქალაქეებს ეროვნული ბანკის, მათივე შეფასებით ეს ხისტი და არაპოპულარული გადაწყვეტილება, ეს საქსტატის უახლოეს სტატისტიკებში გამოჩნდება.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend