გასულ პარასკევს ძლიერი წვიმის შედეგად საფრანგეთის სამხრეთ დასავლეთ ნაწილში მდინარეები კალაპოტებიდან გადმოვიდა, რასაც ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია მოჰყვა. სამხრეთის თბილმა ქარმა კი პირენეებზე თოვლის მასების დნობა გამოიწვია, რამაც ასევე ხელი შეუწყო წყალდიდობას. ექსპერტები ფიქრობენ, რომ წყალდიდობა შესაძლოა რამდენიმე დღე გაგრძელდეს.
ერთ-ერთი ევაკუირებული მარია ჟურნალისტებს უყვება, რომ, როდესაც წყლის დონის მატება დაიწყო, მან თავის ოჯახთან ერთად შინ დარჩენა გადაწყვიტა. მათ არ სურდათ სახლის დატოვება. შემდეგ კი მეხანძრეებმა გადაიყვანეს თავშესაფარში, თუმცა არ იციან, რამდენი ხანი მოუწევთ აქ ყოფნა.
ჟან მიშელს კი მიაჩნია, რომ ვითარება ახლა იმაზე უარესია, ვიდრე 2018-2019 წლებში იყო. მეტეოროლოგების განცხადებით, პირენეებზე, რომელიც საფრანგეთსა და ესპანეთს ყოფს, გაზრდილია ზვავსაშიშროების საფრთხეც. წყალდიდობის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა ესპანეთის ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც ძლიერმა წვიმამ მდინარეებზე წყლის დონის აწევა გამოიწვია.
ესპანეთში, ნავარის რეგიონში, მდინარე არგა ადიდდა, წყალი ქალაქებსა და დასახლებებში შევარდა. შეფერხდა ტრანსპორტის მოძრაობა, მდინარის პირას დასახლებული ოჯახები სტიქიის ზონიდან გაიყვანეს. ახლა ექსპერტები აკვირდებიან მდინარეებში წყლის დონის მატებას, რომელიც, მეტეოროლოგების აზრით, უკვე საგანგაშო ნიშნულს უახლოვდება.