მთავარისაქართველოვაქცინაცია სოფლად

ვაქცინაცია სოფლად

პროექტი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ასაცრელად

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელი ბაზაქლო, თბილისიდან დაახლოებით 2 საათის სავალზეა. ეთნიკურად აზერბაიჯანლებით დასახლებულ სოფელში დაახლოებით 500 მდე პირი ცხოვრობს. მათგან მხოლოდ 25-ია ვაქცინირებული.

რაშან ზიადალიევი და ნაშირ ორდუხანოვი მოხალისეები არიან. ისინი სოფელ ბაზაქლოს მოსახლეობას ვაქცინაციაზე ინფორმაციას აწვდიან და აცნობენ ფაქტებს აცრის აუცილებლობასთან დაკავშირებით. ეს ცოდნა ერთი თვის წინ ტრენინგებზე მიიღეს და მას შემდეგ ქვემო ქართლის აზერბაიჯანულ სოფლებში ვაქცინაციასთან დაკავშირებულ მითებს, გადამოწმებულ და ფაქტებზე დამყარებულ ინფორმაციას უპირისპირებენ.

ბაზაქლოს ერთ-ერთ სახლში ფალიევების ოჯახის ცხოვრობს. ისინი ამბობენ, რომ კორონავირუსისგან სოფელში არავინ გარდაცვლილა, აი ვაქცინაციის შემდეგ კი ორი მეზობელი რამდენიმე დღის განმავლობაში თავს შეუძლოდ გრძნობდა. ახალგაზრდების კითხვების შემდეგ გაირკვა, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში სოფელ ბაზაქლოში რამდენიმე პირი გაურკვეველი ავადმყოფობით გარდაიცვალა. შესაძლოა ისინი კოვიდ-19-ის მსხვერპლნი ყოფილიყვნენ, რადგან ზოგიერთ მათგანს სწორედ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ჰქონდა, თუმცა კორონავირუსზე ტესტირება არ ჰქონდათ ჩატარებული და ამიტომ ეს უცნობია.

ფალიევების ოჯახის ყველა წევრი ერთი დოზითაა აცრილი, აპირებენ რომ ხვალ მეორე დოზით აიცრან, მაგრაამ ჯერ არ გადაუწყვეტიათ.

“მეუბნებოდნენ არ აიცრა მოკვდებიო. არ წახვიდე ასაცრელადო. შემდეგ ეს ახალგაზრდები მოვიდნენ ჩემთან სახლში. მითხრეს, რომ ექიმი მოვა ხვალ სოფელში და ვისაც ვაქცინაციის სურვილი ექნება აცრისო. მიუხედავად იმისა, რომ სხვები მეუბნებოდნენ არ აიცრა მოკვდებიო, მე მაინც წავედი ასაცრელად. ჩემი მეუღლეც აიცრა. მას შემდეგ თავს ჯანმრთელად და  კარგად ვგრძნობთ”, – ამბობს 76 წლის ბაჰადინ ფალიევი.

სოფელ ბაზაქლოში 100-მდე სახლი დგას. რაშანმა და ნაშირმა, დმანინის მერიის წარმომადგენელთან ერთად მთელი სოფელი ფეხით უნდა მოიარონ და აქ არსებულ ასამდე სახლში ყველას ეწვიონ. ვინც სახლში არ ხვდებათ, ქუჩაში ესაუბრებიან და ბროშურას სთავაზობენ, რომელიც აზერბაიჯანულ ენაზეა და ვაქცინაციის აუცილებლობაზე გვიყვება.

სოფელში არიან ისეთებიც, ვინც ახალგაზრდებმა კარდაკარ სიარულის დროს პირველი ჩამოსვლისას ვერ დაარწმუნეს, თუმცა ახლა ამ სოფელში უკვე მეორედ არიან და ამ ადამიანებს უკვე მეორედ აქვთ შანსი მოიფიქრონ, გაიკეთებენ თუ არა ვაქცინას.

“თავდაპირველად ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ ვინც აიცრება ის მოკვდებაო. ეს აშკარად ცრუ ინფორმაციაა. მე ვნახე, რომ მსოფლიოში იცრებიან პრეზიდენტები, აკადემიკოსები, მეცნიერები. მათ თუ არ კლავს ვაქცინა, მე რატომ მომკლავს. გადავწყვიტე ხვალ ექიმი რომ ამოვა ავიცრა. თუ მოვკვდები მოვკვდები, თუ არადა გადავრჩები”, –  ამბობს 72 წლის ხაზეინ გარევი.

სოფელი ბაზაქლოდან, დაახლოებით, ერთი საათის სავალზეა დაბა შაუმიანი. ეთნიკურად სომხებით დასახლებულ სოფელში დაახლოებით 3000 მოსახლეა. შაუმიანს დღეს ამცრელი ბრიგადა ეწვია და დაბის ცენტრში მდებარე გამგეობის შენობაში ვაქცინაციის პუნქტი მოაწყვეს.

82 წლის ლიანა გალეჩიანი დღეს უკვე მეორე დოზის მისაღებად მივიდა. თან აუცრელი მზობლებიც მიიყვანა, რომლებსაც ვაქცინაციის აუცილებლობაში რამდენიმე დღის განმავლობაში არწმუნებდა.

„მეზობლების დარწმუნება ადვილია. კარგი მეზობლები მყავს. ჩემზე ახალგაზრდები არიან. ვეუბნებოდი, რომ კორონავირუსის ავადმყოფობა ძალიან ძნელია და ინფიცირეულებს რთულად გადააქვთ ეს ვირუსითქო. მე ისეთ ასაკში ვარ, რომ მიჯერებენ“, – განმარტავს 82 წლის ლიანა გალეჩიანი.

მიუხედავად უამრავი მითისა, რომელიც ვაქცინაციასთან დაკავშირებით დაბა შაუმიანში არსებობდა, მოსახლეობის ნაწილს აცრის სურვილი მაინც ჰქონდა, თუმცა ვაქცინაციის ცენტრის სიშორის გამო აცრას ვერ ახერხებდა.

„აქამდე იმიტომ არ ავიცერი, რომ მარნეულში ვერ ჩავდიოდი. შორია, მერე იქ რიგში უნდა ვმდგარიყავი. როცა აქ, ჩვენთან სოფელში ჩამოვიდნენ იმ დღესვე მივედი ასაცრელად. ახლა უკვე მეორე დოზაც გავიკეთე. ძალიან გახარებული ვარ, რომ აღარ მექნება კორონავირუსი “, – ამბობს 72 წლის სინანგულ თერჯანიანი.

ვაქცინაციის შესახებ დღემდე მრავალი მითი ვრცელდება, ეს კი საქართველოს მოსახლეობის  ნაწილს შიშს უჩენს. ზოგადად სოფელში, განსაკუთრებით კი იმ სოფლებში სადაც ძირითადად ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები ცხოვრობენ ინფორმაციის მიღება ენობრივი ბარიერისა თუ სხვა მიზეზების გამო კიდევ უფრო რთულია.

„ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები სისტემური პრობლემებიდან გამომდინარე არ ფლობენ სახელმწიფო ენას. შესაბამისად ჩვენ ვხედავთ, რომ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ინფორმაციული ვაკუუმია. მოსახლეობა ძირითადად უყურებს მეზობელი ქვეყნების ტელეარხებს. ისინი ხშირად ხდებიან სხვადასხვა დეზინფორმაციის სამიზნე”, – ამბობს რაშან ზიადალიევი, პროექტის “Covid-19: სამოქალაქო საზოგადოების მოქნილობა და მდგრადობა” მოხალისე

„მოხალისეები კარდაკარ რომ დავდიოდით კოვიდპასპორტებიც ვაჩვენეთ. ასევე ვუამბეთ იმის შესახებ, რომ ჩვენ და ჩვენი ოჯახის, სხვადასხვა ასაკის, წევრებიც აცრილები არიან. როდესაც ავუხსენით ეს ყველაფერი გაიგეს თუ რა შეიძლება მოჰყვეს ვაქცინაციას და რა არა. დარწმუნდნენ, რომ აცრის შემთხვევაში არაფერი ცუდი არ მოუვიდოდათ”, – ამბობს პროექტის “Covid-19: სამოქალაქო საზოგადოების მოქნილობა და მდგრადობა” მოხალისე

როგორც  ეთნიკურად აზერბაიჯანელი, ასევე ეთნიკურად სომეხი უკვე ვაქცინირებული მოსახლეობა ამბობს, მათთან ჯანდაცვის სამინისტროდან აქამდე არავინ მისულა და მანამ სანამ ჭიშკარზე მოხალისე ახალგაზრდები არ დაუკაკუნებდნენ, ვაქცინაციის შესახებ ბევრი არაფერი იცოდნენ. მხოლოდ ის მითები, რომლებიც მათ სოფელში ზოგჯერ მეზობელი სოფლებიდან, ქალაქებიდან და ქვეყნებიდან ვრცლდებოდა.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend