თბილისის 22-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე სექციაში „აპოლო: კინომეხსიერება“ ფრანგი რეჟისორი ქალის ანიეს ვარდას რეტროსპექტივას აჩვენებენ. რეტროსპექტივის ფარგლებში მაყურებელი კინოთეატრ „ამირანში“ ცხრა სრულმეტრაჟიან და მოკლემეტრაჟიან ფილმს ნახავს
„ანიეს ვარდას ფილმების მთავარი მოტივია ქალთა თავისუფლება და ქალების მიერ მათი სხეულის განკარგვა. ეს კი ნიშნავს, რომ ქალს აქვს თავისი პროფესიის, ცხოვრების სტილის არჩევის, სინანულის, დამოუკიდებლობისა და თანასწორობის უფლება“, – ამბობს რეტროსპექტივის კურატორი ტატიანა კონონენკო.
ანიეს ვარდა თანამედროვე კინოს ისტორიაში ექსპერიმენტული სტილით გამოირჩეოდა. მისი ფილმების დიდი ნაწილი ქალთა პროლემებსა და სხვა სოციალურ საკითხებს ეხება.
„ანიეს ვარდა პროგრესული ღირებულებების ერთგული იყო. იგი დიდი მონდომებით იყო ჩართული ბრძოლაში, ზოგადად ადამიანთა და განსაკუთრებით ქალთა უფლებების დაცვის მხრივ. ასე რომ, ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა, გამოგვეყენებინა ეს რეტროსპექტივა, რომ გაგვემართა დისკუსია როგორც ქალთა სექსუალურ და რეპროდუქციულ უფლებებთან დაკავშირებით, ისე ზოგადად ადამიანთა უფლებების შესახებ; და კიდევ უფრო განზოგადებულად ქალთა წარმომადგენლობის შესახებ როგორც ფრანგულ, ისე სხვა ქვეყნების კინემატოგრაფიაში“, – განაცხადა საფრანგეთის ელჩმა საქართველოში დიეგო კოლასმა.
ანიეს ვარდას ფილმების ჩვენების შემდეგ, კინოს სახლში გაიმართა დისკუსია ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული უფლებების შესახებ. დისკუსია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ნაწილია და მასში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში, საფრანგეთის ელჩი საქართველოში, რეტროსპექტივის კურატორი და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
რეტროსპექტივის კურატორისა და რეჟისორის ტატიანა კონონენკოს თქმით, ხელოვნება და ფილმი საუკეთესო საშუალებაა სოციალურ თემებზე დისკუსიის დასაწყებად.
„ვფიქრობ, რომ კინო მხოლოდ გართობა არ არის, კინემატოგრაფია მძლავრი ინსტრუმენტია, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს ადამიანებზე. ასე რომ, ფილმებს, რომლებიც ასეთ მნიშვნელოვან საკითხებს შეეხება, შეუძლია, ახალგაზრდების შეხედულებები შეცვალოს. არა მარტო ახალი ფილმები, რომლებიც სავსეა ასეთი საკითხებით, არამედ ძველი ფილმებიც დისკუსიის ველს ქმნიან”, – ამბობს რეტროსპექტივის კურატორი.
ანიეს ვარდას რეტროსპექტივა საქართველოში ორი წლის წინ, რეჟისორის გარდაცვალების შემდეგ უნდა გამართულიყო, მაგრამ პანდემიის გამო რეტროსპექტივა გადაიდო. კინომოყვარულებს ფრანგი რეჟისორის ფილმების ნახვის შესაძლებლობა ორი წლის შემდეგ თბილისის 22-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე კინოთეატრ „ამირანში“ მიეცათ.
თორნიკრ კოპლატაძე