მთავარისაქართველოთბილისის კინოფესტივლის მეხუთე დღეს მარადია ცაავას ფილმის „წყალს საზღვრები არ აქვს" პრემიერა...

თბილისის კინოფესტივლის მეხუთე დღეს მარადია ცაავას ფილმის „წყალს საზღვრები არ აქვს” პრემიერა გაიმართა

თბილისის 22-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მეხუთე დღეს მარადია ცაავას ფილმის „წყალს საზღვრები არ აქვს” ქართული პრემიერა გაიმართა. მოქმედება ვითარდება ენგურჰესის კაშხალზე, რომელიც დღეს თბილისს თვითგამოცხადებულ რეგიონთან ყველაზე მჭიდროდ აკავშირებს. ფილმში რეჟისორი საზღვრის გადალახვასა და სადგურის ნახვას ცდილობს.

„ფილმი არის საზღვრებზე, საზღვრების აბსურდულობაზე, ჩვენს ცხოვრებაში საზღვრების მნიშვნელობაზე და თუ რა გავლენას ახდენს ის ადამიანის ცხოვრებაზე. მოქმედება ხდება ენგურჰესის კაშხალზე, რომელიც უკანასკნელი ოფიციალური საზღვარია ამ ორ მხარეს შორის“, – ამბობს ფილმის რეჟისორი მარადია ცაავა.

ფილმის პროდიუსერი მარიამ ჭაჭია ამბობს, რომ ფილმმა გრძელი გზა გამოიარა:

„ფილმს ოთხი წელი ვიღებდით. შემდეგ კიდევ წელიწად-ნახევარი ვამონტაჟებდით. საბოლოოდ, 2021 წელს დავამთავრეთ. ასევე, აღსანიშნავია, რომ ფილმისადმი ინტერესი თავიდანვე ჰქონდა ფრანგულ კომპანიას, ფილმი არის საქართველოსა და საფრანგეთის ერთობლივი ნამუშევარი.“

ფესტივალზე მოკლემეტრაჟიანი და ანიმაციური ფილმების სექციის ფარგლებში სამი ქართველი რეჟისორის მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება გაიმართა. მათ შორის,  თორნიკე გოგრიჭიანის „პაპანაქება“, ვაჟიკო ჩაჩხიანის „ფუტკრის დაცემა“ და მირანდა ნამიჭეიშვილის „ტვირთი.“ ჩვენების დასრულების შემდეგ მაყურებელს რეჟისორებთან გასაუბრების საშუალება მიეცა.

„ფილმი არის შურისძიების ისტორია. ის არის ბიჭზე, რომელიც დიდი ხნის მერე ქალაქში ბრუნდება და უნდა, რომ შური იძიოს თავის ყოფილ ცოლზე, მაგრამ ამის საშუალება არ ეძლევა,“ – ამბობს ფილმის რეჟისორი ვაჟიკო ჩაჩხიანი.

ფესტივალის მეხუთე დღე კი ელენე ნავერიანის ფილმით, “სველი ქვიშა” დასრულდა. სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის საერთაშორისო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალზე შედგა, ხოლო თბილისის 22-ე კინოფესტივალზე ქართული პრემიერა გაიმართა. მაყურებელს რეჟისორთან გასაუბრების საშუალებაც მიეცა.

„მნიშვნელოვანია, რომ ფილმის ჩვენება აქ, თბილისში იმართება. მიხარია, რომ შემიძლია დასწრება, იმიტომ, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია,  როგორ მიიღებს აქაური მაყურებელი ფილმს. ძალიან კარგი იქნება, თუ ფილმის დასრულების შემდეგ მაყურებელთან საუბარი იქნება შესაძლებელი. ეს მარტივი არ არის ხოლმე და ხშირად არ იმართება საუბარი თუ დისკუსია. მაგრამ სურვილი მაქვს, ვისაუბროთ იმაზე, თუ რას ნახავენ ფილმში,“ – თქვა ფილმის რეჟისორმა ელენე ნავერიანი.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმების ჩვენება კვირის ბოლომდე გრძელდება. ხოლო ფესტივალის გამარჯვებულები 11 დეკემბერს, ფესტივალის დახურვის ცერემონიაზე გამოვლინდებიან.

თორნიკე კოპლატაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend