სულ რამდენიმე დღე რჩება ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტამდე.
15 დეკემბერს ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი 6 სახელმწიფოს ლიდერები უნდა შეიკრიბონ. იქამდე კი 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელს, ევროკომისარს სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰელს წერილი მისწერეს.
წერილი შვიდი პუნქტისგან შედგება და მასში ხელმომწერი პოლიტიკოსები იმედს გამოთქვამენ, რომ 15 დეკემბერს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე ევროკავშირის ხელმძღვანელობა საქართველოს ხელისუფლებას შეახსენებს ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებს.
„ამ მიმართვაში ჩვენ კიდევ ერთხელ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერმა პარტიებმა და პოლიტიკოსებმა, კიდევ ერთხელ შევახსენეთ ჩვენს პარტნიორებს, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის საფუძველი და ნაბიჯები, რომლებსაც დგამს ხელისუფლება, თუ როგორ აშორებს და გვაშორებს ჩვენს მთელ ქვეყანას ევროპული ფასეულობებისგან, ჩვენი პარტნიორებისგან და ჩვენი საზოგადოების მიერ არჩეული გზისგან“, – განაცხადა „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ.
„დახმარებაში პირობითობის მექანიზმი, ანუ მხოლოდ იმ პირობით გაცემა დახმარების, თუ ხელისუფლება შეასრულებს მასზე აღებულ ვალდებულებებს, გამოყენებული უნდა იყოს ყველა შესაძლო მიმართულებით იმისთვის, რომ ჩვენ ქვეყანა დავაბრუნოთ დემოკრატიული და ევროპული განვითარების გზაზე, რომლიდანაც გადაიყვანა ის „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი გადაწყვეტილებით, რომ შეინარჩუნოს ქვეყანაში ძალაუფლება ნებისმიერ ფასად, თუნდაც ჩვენი ევროპული მომავლის დათმობის ფასად“, – აღნიშნა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა.
დოკუმენტის მიხედვით, ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებების შინაარსის გადახედვა კიდევ ერთი უკუსვლა იქნება საქართველოსთვის. ამ წერილზე მმართველ გუნდშიც საუბრობენ.
„ახლა რადიკალურ ოპოზიციას გამოეცალა საბაბი და ახლა იგონებენ ახალს, ეს მათი ამოცანაა, მთელი ეს ცხოვრება, მთელი ეს წლები, იგონებენ მიზეზს და ამით დაჰყავთ მერე თავიანთი ის მრევლი თუ ამომრჩეველი და კი ნახეთ, უკვე ჩამოვიდნენ 500-მდე, ათასზე მეტი იყვნენ. ეს არის იმის დამსახურება, რომ ატყუებენ თავიანთ მოქალაქეებს, თავიანთ ამომრჩევლებს, თორემ ჩვენ ახლა ზეპირად ვიცით რა პროცესი მიდის დასავლეთში, რა პროცესი მიდის ჩვენი მხარდამჭერი პროექტების მიმართულებით და როგორ უნდა გამოვიყვანოთ კრიზისიდან ეს ქვეყანა“, – თქვა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ.
„ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციის ნაწილმა, 19 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ შემუშავებულ დოკუმენტს მოაწერეს ხელი. თუმცა, მოგვიანებით, ხელისუფლებამ ამ დოკუმენტში ასახული რეფორმების დიდი ნაწილის შესრულებაზე უარი თქვა.
ანა ალელიშვილი