მთავარისაქართველოევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები ქართველ დეპუტატებს შეხვდნენ

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები ქართველ დეპუტატებს შეხვდნენ

როგორი პოლიტიკური შედეგით სრულდება 2021 საქართველოში და რამდენად შეასრულეს ქართველმა პოლიტიკოსებმა ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერით ნაკისრი ვალდებულებები – მართლმსაჯულების და საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმების თვალსაზრისით. ამ საკითხებს არკვევდნენ პოლიტიკურ პარტიებთან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები. ქართველ პოლიტიკოსებთან პარლამენტში მათ რიგრიგობით გამართეს შეხვედრები. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებით, პარტნიორებს ყველა ის ინფორმაცია მიაწოდეს, რაც საქართველოში ამჟამად არსებულ გამოწვევებს ნათლად აჩვენებს ევროპელ მონიტორებს.

“ჩვენ ვისაუბრეთ ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყანა გამოვიდეს ამ მძიმე პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური კრიზისიდან. ვისაუბრეთ იმაზე, რომ თუ გვინდა, ქვეყანაში კრიზისი იყოს დაძლეული, უნდა შეწყდეს პოლიტიკური დევნა და ცხადია, ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით, რომ ის არის წამების, არაჰუმანური მოპყრობის მსხვერპლი, ის არის პოლიტიკური დევნილი და შურისძიების მსხვერპლი. ჩვენ ვისაუბრეთ სხვა პარტიების პოლიტიკურ ლიდერებთან მიმართებით, რომ ფართომასშტაბიანი დევნა ხდება იმ ადამიანების, ვისაც ხელისუფლებისგან განსხვავებული პოზიცია აქვს. ვისაუბრეთ იმაზე, რომ თუ გვინდა ქვეყანა გამოვიდეს მძიმე ვითარებიდან და გაუჩნდეს ეკონომიკური განვითარების შანსი, აუცილებელია დამოუკიდებელი სასამართლოს უზრუნველყოფა და რეალური რეფორმის გატარება. ხედავთ, ბოლო პერიოდში ხელისუფლებამ როგორ “გადააგდო” არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები, არამედ ჩვენი ყველა პარტნიორი – არ ატარებს არანაირ რეფორმას და პირიქით, ამ დაპირებების საწინააღმდეგოდ ნიშნავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს. ვისაუბრეთ იმაზეც, რომ ქვეყანაში არ განხორციელებულა რეალური საარჩევნო რეფორმა. საარჩევნო რეფორმის, ვადამდელი არჩევნების და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარეშე, ქვეყანა კრიზისიდან ვერ გამოვა. ყველა ამ საკითხზე იყო საუბარი”,- განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შეთანხმებიდან  პარტია „ქართული ოცნების“ ცალმხრივად გასვლა, ოპოზიციის რადიკალიზმის დამსახურებაა. რაც შეეხება რეფორმებს, ხელისუფლება ეტაპობრივად ახორციელებს.

„ზუსტად 100 დღე ველოდებით ოპოზიციას, რომ ხელი მოეწერათ შარლ მიშელის დოკუმენტისთვის. მათ რადიკალური გზა აირჩიეს და ამიტომ, ცალმხრივად დოკუმენტის აზრს ვერ ვხედავდით და დავტოვეთ. თუმცა, ვთქვით რომ გარკვეული რეფორმები ვალდებულების არარსებობის მიუხედავად ჩვენი მხრიდან გაგრძელდებოდა. ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან 10-დან 8 მართლმსაჯულების რეფორმაში განხორციელდა. რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს. დოკუმენტში იყო ვალდებულება, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული იქნებოდა და ასეც იქნება. აქ სადაოა ბარიერი, რაზეც ვალდებულება არ გვაქვს, მაგრამ მზად ვართ დავილაპარაკოთ ოპოზიციასთან. თუმცა რა ვხედავთ, ისინი ისევ რადიკალიზმის გზას ირჩევენ ჩხუბით, დაპირისპირებით და ბოიკოტით“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები ყველა ძირითად პოლიტიკურ აქტორს შეხვდნენ. აუდიენციის შემდეგ მათ საჯარო განცხადებები არ გაუკეთებიათ. არსებული ინფორმაციით ისინი დასკვნას დადებენ და მოგვიანებით გამოაქვეყნებენ.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend