მთავარისაქართველოჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე თანამდებობიდან გადადგა

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე თანამდებობიდან გადადგა

ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ ტიკარაძემ “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე დღეს, 9 დეკემბერს განაცხადა.

ტიკარაძემ ისაუბრა მისი მინისტრობის პერიოდში განხორციელებულ საქმიანობაზე.

მისი თქმით, მისთვის ჯანდაცვის მინისტრობა იყო დიდი პასუხისმგებლობა. ეკატერინე ტიკარაძემ მადლობა გადაუხადა თანამშრომლებს.

“უპირველეს ყოვლისა მინდა დავიწყო მადლობით. მინდა მადლობა გადავუხადო სამედიცინო საზოგადოებას, თითოეულ ექიმს, ექთანს და ყველას, ვინც პანდემიის პერიოდში ჩვენთან ერთად დაუღალავად იბრძოდა ჩვენი თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის გადასარჩენად. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, ვინც გაგებით ეკიდებოდა ყველა იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც ჩვენ ჯანდაცვაში ასევე მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადასარჩენად ვიღებდით. მინდა მადლობა გადავუხადო სამინისტროს გუნდს, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პანდემია იყო, დაუღალავად ებრძოდა იმ უხილავ მტერს, რომელმაც შეიწირა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და რომლებიც ასევე დღეს ებრძვიან სიცოცხლეს, ამისთვის სამინისტროს გუნდი ნამდვილად 24- საათიან რეჟიმში მუშაობდა.

ჩემთვის ჯანდაცვის მინისტრობა არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. განვლილ პერიოდში ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ გადაგვედგა ღირსეული და სწორი ნაბიჯები და ყველა ჩვენი ქმედება და გადაწყვეტილება მიმართული იყო მხოლოდ ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის საუკეთესო გამოსავლის მისაღწევად. მიუხედავად იმისა, რომ იყო ძალიან რთული ეპიდიემიოლოგიური ვითარება და რა თქმა უნდა, მთავარი გამოწვევა და მოქმედების სამიზნე იყო პენდემიასთან ბრძოლა, სამინისტრომ განახორციელა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც როგორც სოციალურ, ასევე ჯანმრთელობის და შრომის უსაფრთხოების კუთხით აისახება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე და ეს ჩვენთვის არის ძალიან დიდი მიღწევა. ძალიან ვაფასებ იმას, რომ ჩვენი სამინისტროს თანამშრომლები ამისათვისაც დაუღალავად შრომობდნენ”, – განაცხადა ტიკარაძემ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend