მთავარიგადაცემებითვითმხილველიიწვევს თუ არა მოსტარის „სიკვდილის ნაგავსაყრელი“ ადგილობრივების დასნეულებას?

იწვევს თუ არა მოსტარის „სიკვდილის ნაგავსაყრელი“ ადგილობრივების დასნეულებას?

შემოდგომის სიგრილეში ჰაერში პოლიეთილენის პარკები დაფარფატებს. ჭექა-ქუხილი ახლოვდება და ძლიერი ქარის გამო მტვრის სვეტი ცამდე ბზრიალებს. ჰაერში მოფარფატე ნარჩენებს ფრინველთა გუნდიც უერთდება. ეს ყველაფერი უბორაკის ნაგავსაყრელის თავზე ხდება.

ნაგავსაყრელიდან გამოჟონილი შავი წყალი სასტიკად ყარს.

აქაური მოსახლეობა შიშობს, რომ ეს შავი ნაჟური მომწამვლელია და კიბოსა და სხვა მომაკვდინებელ დაავდებებს იწვევს.

ეს ნაგავსაყრელი ქალა მოსტარის მახლობლად თავდაპირევლად 1960 წელს გაჩნდა, როგორც არაოფიციალური სამხედრო ნაგავსაყრელი. 80-იანი წლებიდან მოყოლებული მოსტარის მუნიციპალიტეტი ყრიდა აქ ნაგავს.

ომერთან ერთად მივიპარები ნაგავსაყრელისკენ. მას შემდეგ, რაც ომერმა ნაგავსაყრელის დახურვის მოთხოვნით საპროტეტსო მოძრაობა წამოიწყო, მას აქ შესვლა აუკრძალეს.

ადგილობრივები შიშობენ, რომ ეს ნაგავსაყრელი დაყოვნებული მოქმედების ბომბია: აქ არავითარი გადამამუშავებელი ქარხანა არ არის, რომელიც გაჟონილი ნარჩენებით დაბინძურებულ წყალს გაწმენდდა.

ომერ ჰუჯდური ორგანიზაცია  JER NA SE TIČE-ის პრეზიდენტია, რომელიც ნაგავსაყრელის დახურვას მოითხოვს. ომერს ნაგავსაყრელზე შესვლა აუკრზალეს, ამიტომ ახლა მალულად იღებს წყლსი ნიმუშებს, რატა ლაბორატორიაში გააგაზვნოს.

ომერმა რამდენიმე ვიდეორგოლი მაჩვენა, რომლებზეც ჩანს, როგორ ჩაედინება ეს საეჭვო შავი წყალი მიმდებარე სოფლებში და ზედ სახლების წინ გადის. წლების განმავლობაში აქ ყველა სახის ნარჩენი იყრებოდა. ომერს ახსოვს ცხოველური და სამედიცინო ნარჩენებიც. ყოველდღიურად აქ მოსახლეობის მიერ გადაყრილი ასობით ტონა ნაგავიც ემატება. მალე ნაგავსაყრელი აივსება, მაგრამ ქალაქ მოსტარის Mostar მესვეურთ ახალი ნაგავსაყრელის ადგილი ჯერ არ შეურჩევიათ. რატომ? ომერი მიზეზად კორუფციას ასახელებს.

ომერ ჰუჯდური, ორგანიზაცია  JER NA SE TIČE-ის პრეზიდენტი:

„წლების განმავლობაში ამ ნაგავსაყრელს ნებართვის გარეშე იყენებდნენ. ადგილობრივ მოსახლეობას ყველაზე მეტად იმ საფილტრავი სისტემიდან გამოჟონილი ჭუჭყის გავრცელება აშფოთებს, რომელიც ნაგავსაყრელზე დაგროვილი უხრწნადი ნივთიერებით არის დაბინძურებული. არ გვესმის, რატომ არაფერს აკეთებს მთავრობა იმისთვის, რომ ნაგავსაყრელი სხვაგან გადაიტანოს, მიუხედავად იმისა, რომ კარგად იციან, და ჩვენ ამაში დავარწმუნეთ ისინი, რომ ეს ნაგავსაყრელი ჩვენს მოსახლეობას კლავს, ზიანს აყენებს, აიძულებს, სხვაგან გადასახლდეს, ჩვენ ჩვენი შვილების გამო ვღელავთ.“

არც ქალაქის მერი და არც ნაგავსაყრელის დირექტორი ინტერვიუზე არ დაგვთანხმდა. მაგრამ ნაგავსაყრელის თავზე ასვლის უფლება მოვიპოვე. ვგრძნობ, რომ აუცილებლად უნდა ვნახო კარგად ცნობილი ე.წ. „ლაგუნა“ და მისი შავი ნაჟური.

ნაგავსაყრელის მენეჯმენტი ირწმუნება, რომ ნაგავსაყრელიდან დაბინძურებული სითხე ჩაკეტილი სისტემის მეშვეობით იტუმბება. მაგრამ ომერს ვიდეომტკიცებულება აქვს: შავი ნაჟური წელიწადში რამდენჯერმე იღვრება ბუნებაში.

ამ არემარეში რამდენიმე ადამიანი მოულოდნელად გარდაიცვალა. ხალხს ეშინია ამ გაჟონილი წყლის. მათ სურთ, იცოდნენ, როგორია მისი შემადგენლობა…

ნასუფი და ჟენიტა  აქვე ცხოვრობენ. ორივემ მიიღო მონაწილეობა საპროტესტო აქციაში, რომელიც ნაგავსაყრელის დახურვას ითხოვდა. როგორც კი ქარი ამოვარდება, ჟენიტა ფანჯრებს ხურავს. მას დაბინძურებული მტვრის ნაწილაკების ეშინია…

ნასუფმა თავისი ახლო მეგობრის ვაჰიდის საფლავზე ამიყვანა. ვაჰიდი და ნასუფი წარსულში ერთად სვამდნენ რაყიას და სიცოცხლით ტკბებოდნენ…მერე კიბო გამოჩნდა…ნასუფის მამაც კიბოთი გარდაიცვალა.

ნასუფ შატოვიჩი, ადგილობრივი მცხოვრები:

„ბოლო დროს აქაური მოსახლეობა ძირითადად კიბოთი იხოცება. ამიტომაც ვამბობთ, რომ ეს  სიკვდილის ნაგავსაყრელია. ამ დასახლებაში დაახლოებით 140 ოჯახი ცხოვრობს. ამ დილით ვფიქრობდი და გამახსენდა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში დაახლოებით 14-15 მეზობელი  გარდაიცვალა  კიბოთი. ჩემი ოჯახი და შვილები არ არიან უსაფრთხოდ“.

ქალაქ მოსტარს, რომელიც  მდინარე ნერეტვაზე მდებარეობს, უკვე რამდენიმე ათეული წელია ხორვატი და ბოსნიელი ნაციონალისტები მართავენ. პოლიტიკურმა პარტიებმა თავიანთი კაცები  ნარჩენების მართვის ხუთ კომპანიაში ჩასვეს. ადგილობრივები მათ ნარჩენების მაფიას უწოდებენ…

საკითხავია, საფრთხე მდინარე ნერეტვასაც ხომ არ ემუქრება? ნაგავსაყრელი კარსტულ ძაბრში მდებარეობს. ათწლეულების განმავლობაში 50-მეტრიანი სადინარის ხვრელი ნაგვის მთად გადაიქცა. თავსხმა წვიმის დროს ნაგავსაყრელიდან ნაჟონი დაბინძურებული წყალი ნერეტვაში ჩაედინება.

მეთევზეობის ზედამხედველმა სალკომ მდინარე ნერეტვას და მისი შენაკადი სუშიცას შესართავი მაჩვენა. კოკისპირული წვიმის დროს აქ სულ უფრო ხშირად პოულობენ დახოცილ თევზებს. თანაც დიდი რაოდენობით.

სალკო ბეგლეროვიჩი, მეთევზეობის ინსპექტორი:

“ჩვენ ასოციაციამ  Jer nas se tiče-მ  განგაშის სიგნალი გამოგვიგზავნა და აქ ჩვენი წარმომადგენლები და ინსპექტორები გამოვგზავნეთ. 100 დახოცილი ჭანარი ვიპოვეთ, 20 ცალი ენდემური კარჩხალი და 20 ცალიც კალმახი. თევზი 40 სანტიმეტრის სიგრძის იყო. ჭანარი დაახლოებით ორნახევარ-სამ კილოს იწონიდა.“

ადგილობრივები სასმელ წყალს ძირითადად სუფთა  რესურსიდან იღებენ. მაგრამ ნასუფი მაჩვენებს  საზაფხულო წყალსაქაჩ სადგურს, რომელიც ნაგავსაყრელის მახლობლად მდებარეობს. ოფიციალურად ყველაფერი რიგზეა – მაგრამ აქაურებს მაინც ეშინიათ.

რომ მოსაღამოვდა, ისევ შევხვდი ომერსა და ნასუფს. მათ დააარსეს ასოციაცია, რომელიც ნაგავსაყრელის დახურვას ითხოვს. გარდა ამისა, ისინი კანონიერ გზებს ეძებენ, რომ საკუთარი სახლის კართან მესამე ნაგავსაყრელი არ გაუხსნან. ადგილობრივებთან ერთად მათ რამდენჯერმე დაბლოკეს ნაგავსაყრელის შესასვლელი.

სარაევოს საგამოძიებო ჟურნალისტიკის ცენტრი დაგვეხმარა, რომ გაჟონილი წყლის ანალიზი ჩაგვეტარებინა. შედეგები შოკისმომგვრელი აღმოჩნდა.

ომერ ჰუჯდური, ორგანიზაცია  JER NA SE TIČE-ის პრეზიდენტი:

„დღეს წყლის ანალიზის შემზარავი პასუხი მივიღეთ, რომელიც  წყლის მძიმე ლითონებით დაბინძურების უზარმაზარ დონეს აჩვენებს. აქ არის სპილენძი, ტყვია და თუთია. ყველაზე საგანგაშო კი დარიშხანის შემცველობაა, ის 100-ჯერ აღემატება დასაშვებ ზღვარს.“

საინტერესოა, რატომ არ ერევა ნარჩენების კრიზისში მოსტარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი? ამ დაწესებულების დირექტორი ახლახან შეცვალეს. ახალმა დირექტორმა სარდაფში ცუდად აღჭურვილი ლაბორატორია გვაჩვენა. მისი თანამშრომლების რაოდენობა 60-დან 30-მდე შეამცირეს.

კითხვაზე, რამდენად დასაშვებია რომ გაჟონილ წყალში მომწამლავი ნივთიერებისი მაღალმა კონცენტრაციამ კიბო გამოიწვიოს, დირექტორმა გვიპასუხა, რომ „დასაშვებია, იწვევდეს…მაგრამ უფრო მეტი ანალიზის გაკეთებაა საჭირო. მხოლოდ ერთი კი არა, ბევრი ნიმუშიდან.“

მაგრამ  ინსტიტუტს არა აქვს საკამრისი ბიუჯეტი, რომ ასეთი ტიპის სამუშაო ჩავატაროს. „მაგრამ თუ რამე პროექტი იქნა, თუ ვინმეს სურს, გადაიხადოს, ჩვენ მზად ვართ იმ ხალხს დავეხმაროთ და ყველა შესაძლო ანალიზი ჩავატაროთ,“ – განაცხადა მოსტარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის დირექტორმა ენიზ ჩოლაკოვიჩმა.

ამნა პოპოვაკი ნარჩენების სკანდალზე პასუხიმგებლობას მოსტარის ეთნიკურ-ნაციონალისტურ პარტიებს აკისრებს.

ამ ეკოლოგმა ქალაქის საბჭოს არჩევნებში იყარა კენჭი და უმნიშვნელო პროცენტით დამარცხდა, რადგან არჩევნები გააყალბეს, ამბობს პოპოვაკი. იგი ხმების გადათვლას დაჟინებით ითხოვს. ნაციონალისტებმა საკუთარი საარჩევნო კამპანიის დაფინანსების გამო,  ნარჩენების მენეჯმენტზე ყალბი ინფორმაცია გაავრცელეს, ასეთი განმარტება მომცა პოპოვაკმა, როდესაც უკანონო ნაგავსაყრელთან შევხვდით.

ამნა პოპოვაკი, მოსტარის გარემოსდამცველი:

“ხელისუფლება ნარჩენების მმართველ კომპანიებს ისე იყენებს, როგორც საკუთარ სალაროს… მოსტარის წლიური ბიუჯეტი 30 მილიონი ევროა. აქედან 5 მილიონი ევრო ყოველ წელს მიდის, აბა, თუ მიხვდებით სად? – ნარჩენების მართვასა და გამწვანებაზე! თუ მოსტარს დაათვალიერებთ, ვერსად დაინახავთ ამ 5 მილიონის შედეგს…საკმარისია, ფინანსურმა ინსპექციამ შეამოწმოს, სინამდვილეში რამდენი იხარჯება მიზნობრივად…რომ ვიღაცა ციხეში წავა…“

ევროკავშირი ცდილობს, დაეხმაროს. 2014 წელს ეს გადამამუშავებელი ქარხანა ამუშავდა იმ ორ-ნახევარი მილიონი ევროს გრანტით, რომელიც  ევროკავშირის გადასახდების გადამხდელმა დააფინანსა.

მაგრამ მოსახლეობა ნაგავს ისევ პირდაპირ ნაგავსაყრელზე ყრის, ყოველგვარი გადამუშავების გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ ნარჩენების გადამამუშავებელი იქვეა.

ბოსნია და ჰერცეგოვინის შესახებ გაკეთებულ ანგარიშში ევროკომისიამ პირდაპირ მიუთითა, რომ ამ ქვეყანაში  ნარჩენების მართვა კატასტროფულ მდგომარეობაშია. მიზეზები აშკარაა: პოლიტიკური კორუფცია და ნეპოტიზმი…

ავტორი: ჰანს ფონ დერ ბრელი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend