ბრაზილიაში, სან-პაულოს გულის ინსტიტუტში გულის გადანერგვის ალტერნატიული მეთოდი შეიმუშავეს, ახალი მეთოდი გადარჩენის უფრო მაღალ შანსს აძლევს იმ პაციენტებს, რომლებსაც ფილტვის ჰიპერტენზიის გამო არ აქვთ საშუალება, გულის გადანერგვის კლასიკური ოპერაცია გაიკეთონ. ახალი პროცედურა პაციენტის გულმკერდში დონორი გულის გადანერგვას ითვალისწინებს. დაავადებული ორგანო ახალ გულსა და დამხმარე ორგანოების სისტემებს ორგანიზმთან შეგუებაში ეხმარება.
ლინკოლნ პაივას გულის შეგუბებითი უკმარისობის გამო მხოლოდ 3 თვე ჰქონდა დარჩენილი, თუმცა ბრაზილიელმა ექიმებმა მიაკვლიეს ისეთ საშუალებას, რომელმაც მისი და ბევრი ბრაზილიელის მომავალი შეცვალა. პაივა გაკვირვებას ვერ მალავდა, როდესაც კარდიოლოგებმა მას მეორე გულის იმპლანტაცია შესთავაზეს. ექიმები ეუბნებოდნენ მას, რომ ოპერაციიდან რამდენიმე თვის შემდეგ დაავადებულ გულს ამოიღებდნენ, მის ნაცვლად კი პაივას ჯანმრთელი, გადანერგილი გული ექნებოდა.
ლინკოლნ პაივამ როდესაც ნაოპერაციევი დაინახა, მაშინვე ვერ მიხვდა, რომ ორი გული ჰქონდა. უცნაური ის იყო, რომ ორ ადგილას გრძნობდა გულისცემას. შემდეგ დაფიქრდა, მართლა ორი გული ხომ არ ჰქონდა. პაივამ ისიც არ იცოდა, ცოცხალი იყო თუ არა და ან საერთოდ სად იყო.
სან-პაულოს გულის ინტიტუტის პროფესორის, გულსისხლძარღვთა ქირურგის, ფაბიო გაიოტოს თქმით, ახალი პროცედურა გადარჩენის უფრო მაღალ შესაძლებლობას აძლევს პაციენტებს, რომლებსაც ფილტვის ჰიპერტენზიის გამო არ შეუძლიათ გაიკეთონ კლასიკური ტრანსპლანტაცია.
პროექტის მიზანია, იმედი მისცენ იმ პაციენტებს, რომლებსაც პალიატიურ განყოფილებებში გზავნიან, რადგან მათ არ აქვთ გულის გადანერგვის შესაძლებლობა. როგორც ფაბიო გაიოტო აღნიშნავს, კლასიკური თერაპია მექანიკური რესპირატორული აპარატის, ანუ ხელოვნური გულის გამოყენებას ითვალისწინებს, ამის საშუალება კი ყველა პაციენტს არ აქვს. შესაბამისად, ქირურგის აზრით, ეს ხალხი უიმედოდ არის დარჩენილი.
ოპერაციის შემდეგ დაავადებული ორგანო ახალ, გადანერგილ გულსა და დამხმარე ორგანოების სისტემებს ორგანიზმთან შეგუებაში ეხმარება, რაც, თავის მხრივ, გულის გადანერგვის წარმატებული შედეგის შანსებს ზრდის.