მთავარისაქართველოანსამბლი „ბასიანი“ 20 წლის ხდება

ანსამბლი „ბასიანი“ 20 წლის ხდება

ანსამბლი „ბასიანი“ 10 დეკემბერს საიუბილეო საღამოს გამართავს. დაგეგმილია ანსამბლის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენებაც. საიუბილეო საღამოზე შესრულდება საქართველოს სხავდასხვა კუთხის სიმღერები, მოეწყობა “ბასიანის” ოცწლიანი შემოქმედებითი ცხოვრების ამსახველი ფოტოგამოფენა და გაიმართება სანოტო კრებულის პრეზენტაციაც. ევრონიუს ჯორჯიასთან გაიხსენეს „ბასიანის“ წევრებმა ანსამბლის ოცწლიანი ამბავი.

ანსამბლ „ბასიანის“ ისტორია უკვე ოც წელს ითვლის. „ბასიანის“ წევრები ამბობენ, რომ ერთმანეთს მთელი ცხოვრებაა იცნობენ და უკვე ერთ ოჯახად იქცნენ. მათ ამბავი კი ასე დაიწყო…

„ბასიანი“ ასე პირდაპირ, სპონტანურად არ შექმნილა, ამას წინ უძღვის ძალიან დიდი შრომა, ინტერესი და დიდი სიყვარული ხალხური სიმღერის მიმართ. აი, ეს არის ამის წინაპირობა და იმ სხვადასხვა „ბასიანის“ წევრების სხვადასხვა ანსამბლში სიმღერა და დიდ მასწავლებლებთან ურთიერთობა. ყველგან დიდი წარმატება იყო. ევროპის ქვეყნებს ესმით ძალიან კარგად და დაინტერესებაც დიდია ქართული ხალხური სიმღერების მიმართ“, – თქვა „ბასიანის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა, გიორგი დონაძემ.

20 წლის განმავლობაში ერთად დიდი გზა გამოიარეს. დღესაც თითოეულ სიმღერას განსაკუთრებულად აღიქვამენ და აცნობიერებენ, რომ იმ ძველ, საუკუნის წინანდელ ეპოქას ერწყმიან…

„ამას ამუშავებ, გესმის და შემდეგ კონცერტზე რომ გადიხარ და ეს რომ უნდა გადასცე ადამიანს, აი, მაშინ, მე პირადად ერთი-ორჯერ ვერ შევიკავე ცრემლი – ის ხალხი რას გრძნობდა, რამხელა საგანძური მოიტანეს ჩვენამდე, რომ ასე ხმებში, ასეთი დალაგებული ხმით, უკვირთ ძალიან, ასეთი ხმათა განლაგება, ვისაც არ აქვს მოსმენილი“, – აღნიშნა „ბასიანის“ სოლისტმა, ზვიად მიჩილაშვილმა.

თითოეული სიმღერის დამუშავებაში დიდ შრომას დებენ. არქივებთან ბევრი ფოლკლორისტი და მუსიკოსი მუშაობს. ზოგი ჩანაწერის ხარისხი გაფუჭებულია, დანაკლის ადგილებსაც ხვდებიან, თუმცა ასუფთავებენ, უსმენენ და შემდეგ ნოტებზე გადააქვთ. თავიანთი 20 წლის იუბილეს დაამთხვიეს წიგნის „ქართული ხალხური სიმღერები – გურია“ პრეზენტაცია. სანოტო კრებულში გურული სიმღერის დიდოსტატის, ვლადიმერ ბერძენიშვილისა და მისი ანსამბლის მიერ სანკტ-პეტერბურგში ჩაწერილი სიმღერების სანოტო ტრანსკრიფცია შედის.

„საარქივო ჩანაწერთან მუშაობა შენ ზუსტად გაძლევს იმ მიმართულებას, როგორ იმღერებოდა ტრადიციული მრავლახმიანობის ნიმუშები“, – განაცხადა „ბასიანის“ დირექტორმა, ზურა წკრიალაშვილმა.

საიუბილეო თარიღისთვის ანსამბლის წევრებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხის 12 სიმღერა მოამზადეს. ამ სიმღერებსაც თავისი დატვირთვა აქვს:

„ყველამ დაინახოს ის მარგალიტები, რაც ჩამალულია საქართველოს ყველა კუთხეში“, – თქვა „ბასიანის“ სოლისტმა, ზვიად მიჩილაშვილმა.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend