უკრაინის თემა მთავარი განსახილველი საკითხი იყო ვიდეოშეხვედრის დროს, რომელიც პრეზიდენტებს ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს შორის გაიმართა. მოლაპარაკებების დროს ორმა ლიდერმა საგრძნობ პროგრესს ვერ მიაღწია იმ კრიზისის დასარეგულირებლად, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრებთან ჯარების მობილიზებას უკავშირდება. თუმცა შეთანხმდნენ, რომ მათ წარმომადგენლებს მუდმივად ექნებათ ერთმანეთთან კომუნიკაცია.
ბაიდენის სპიკერმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა გააფრთხილა პუტინი, რომ კონფლიქტის გამწვავების შემთხვევაში დაწესდება მორიგი სანქციები.
შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის ჯეიკ სალივანის განცხადებით, ჯო ბაიდენი, როგორც ყოველთვის, გულახდილი იყო პრეზიდენტ პუტინთან. მისი თქმით, ბაიდენმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მან პრეზიდენტ პუტინს პირდაპირ უთხრა, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში შეერთებული შტატები და მისი ევროპელი მოკავშირეები მკაცრი ეკონომიკური სანქციებით უპასუხებენ.
კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი ნათქვამია, რომ პასუხისმგებლობა რუსეთს არ უნდა დაეკისროს, რადგან სწორედ ნატოს აქვს სახიფათო მცდელობა, დაიკავოს უკრაინის ტერიტორია, ამისთვის კი ზრდის სამხედრო ძალებს რუსეთის საზღვრებთან. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთს სურს, მიიღოს კონკრეტული და სანდო გარანტიები აღმოსავლეთით ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით .
უკრაინას ნამდვილად აქვს მიზეზი, რომ საფრთხეს გრძნობდეს. სავარაუდოდ, 90 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი დგას მათ საზღვრებთან. რუსეთის ჯარის დიდი ნაწილი კი ყირიმშია მობილიზებული.