გვადელუპის არქიპელაგის პტიტ-ტერის კუნძულები ნამდვილი ტროპიკული სამოთხეა კარიბის ზღვაში.
ამ ორ დაუსახლებელ კუნძულზე მსოფლიოში მცირე ანტილიის იგუანას საერთო რაოდენობის თითქმის მესამედი ბინადრობს. მაგრამ ამ ნაკრძალის ბიომრავალფეროვნებას სულ უფრო მეტ საფრთხეს უქმნის ტურიზმი და კლიმატის ცვლილება. კუნძულების დაცვის მიზნით ერთი ევროპული პროექტი ამ ორი გამოწვევის შესაძლო შედეგების მონიტორინგს აწარმოებს.
ლეა სებესი, ასოციაცია Titè-ს მეცნიერ-თანამშრომელი:
„გასულ წელს ზღვის გარემოს ზედამხედველობის ფარგლებში ე.წ. აკროპორა პალმატას მარჯნის კოლონია აღმოაჩინეს. წელს მეცნიერებმა გადაწყვიტეს, აღწერონ ეს კოლონია, რათა შეძლონ უფრო ხანგრძლივად დააკვირდნენ, რა გავლენას ახდენს ამ მარჯნის კოლონიაზე ტურიზმი და კლიმატური ცვლილება.“
ამ პროექტის ბიუჯეტი ნახევარ მილიონ ევროს აჭარბებს, აქედან 70.8 პროცენტს ევროპის რეგიონული განვითარების პოლიტიკის პროგრამა აფინანსებს. ნაკრძალის ფართობი შეადგენს ზღვის 842 და ხმელეთის 148 ჰექტარს. პტიტ-ტერის კუნძულებზე ფრინველის 165 სახეობა ბინადრობს. ანტონი ორნითოლოგია. იგი 23 წელია, ფრინველებს სწავლობს და ამ ხნის განმავლობაში შეამჩნია, რომ ფრინველთა რაოდენობამ იკლო, განსაკუთრებით ზოგიერთი სახეობის რიცხვი შემცირდა.
ენტონი ლევეკი, ორნითოლოგი:
„მაგრამ მხოლოდ ცუდი ამბები არ გვაქვს. საბედნიეროდ, არის მეთოვლიის მაგალითიც. ამ ფრინველის რაოდენობა არა მხოლოდ გავზარდეთ და წყვილების წლიური ბუდობის რაოდენობა დავასტაბილურეთ, არამედ ხელოვნური პლატფორმების წყალობით, ყოველ წელს რამდენიმე ათეული ბარტყი იჩეკება, რაც ნამდვილად არაჩვეულებრივი ფაქტია.“
პტიტ-ტერის კუნძულებამდე მისვლა მხოლოდ ნავით არის შესაძლებელი, ღუზის ჩაშვება კი სასტიკად აკრძალულია, რათა მარჯანი არ დაზიანდეს.
ის გიდები, რომლებსაც ნაკრძალში ტურის მოწყობის უფლება აქვთ, ვალდებული არიან, ტურისტებს აუხსნან, რომ ტერ-დე-ბას შეზღუდულ ტერიტორიაზე ეკოსისტემა მეტისმეტად ფაქიზია. მეორე კუნძული ტერ-დე-ო მნახველებისთვის დახურულია.
ალენ სენ-ორე, ასოციაცია Titè-ს მცველების უფროსი:
“ძალიან მკაცრი წესებია. მნახველებს არაფრის წაღების უფლება არ აქვთ. თუ ვინმე ამ რეგულაციებს დაარღვევს, პოლიციას შეუძლია 1500 დოლარითაც დააჯარიმოს. თანამშრომლობაზე უარის შემთხვევაში ჯარიმა შესაძლოა 75 ათას ევრომდეც ავიდეს.“
ამ ულამაზესი კუნძულების დასაცავად ძალიან ბევრი რამ კეთდება. ეჭვგარეშეა, რომ პტიტ-ტერი სამოთხეა, მაგრამ ის ძალიან სათუთია.
ავტორი: ავრორა ველესი