მთავარისაქართველოგუგა კოტეტიშვილის სტუდიაში

გუგა კოტეტიშვილის სტუდიაში

გუგა კოტეტიშვილისა და გიზო ნერგაძის ნამუშევრების გამოფენა

მხატვრისა და ინტერიერის დიზაინერის გუგა კოტეტიშვილის მრავალფუნქციურ სტუდიაში „გუგა კოტ“ გამოფენა-გაყიდვა გაიხსნა.  გამოფენა  დამთვალიერებელს გუგა კოტეტიშვილის გრაფიკულ ნამუშევრებსა და გიზო ნერგაძის ხელნაკეთ სანათებს აცნობს, რომლებიც ძველი ნივთებისგანაა აწყობილი.

გუგა კოტეტიშვილის სტუდია ერთ სივრცეში აერთიანებს გალერეას, ვინტაჟურ მაღაზიას და  სახელოსნოს. გრაფიკული  ნამუშევრების სერია კი, რომელიც გუგა კოტეტიშვილს ეკუთვნის, მხატვარმა 30-წლიანი პაუზის შემდეგ შექმნა.

როგორც მხატვარი და დიზაინერი ჰყვება, პანდემიამ, ძველი ნივთებისადმი ინტერესმა და მისივე ვინტაჟურმა მაღაზიამ 30 წლის შემდეგ ხატვის სურვილი დაუბრუნა.

ხატვისადმი საკუთარ მიდგომას ღიმილით „არადისციპლინირებულს“ უწოდებს, მაგრამ ამ მიდგომამ ახლა კიდევ ერთხელ მოგვცა შესაძლებლობა, გუგა კოტეტიშვილის ნამუშევრები ვიხილოთ. ამბობს, რომ ამჯერად ეროტიკული სერია შექმნა,  რადგან ეს ყველასთვის საინტერესოდ მიაჩნია:

„ზოგი ხატავს, ფერწერას, აკეთებს ესკიზებს, შემდეგ ეს გადააქვს ტილოზე, ან მიანათებს გადაიტანს კონტურებს, მერე ხდება იმის შეფერადება, მე სხვაგვარად ვმუშაობ ვიღებ ტილოს და რას ვხატავ არ ვიცი, ერთ ამოსუნთქვაზე გაკეთებულია ხოლმე. მეორე დღეს რომ მივუბრუნდე შეიძლება სულ სხვა რაღაც გადავწერო და გამოვიდეს, ამიტომ არადისციპლინირებული მიდგომა მაქვს, ალბათ სხეულის ხატვაც მომენატრა ამიტომ დომინირებს ეროტიკული თემა, რომელსაც მე მგონია, რომ არავინ იმჩნევს თორემ ყველას მოსწონს და აინტერესებს მთავარია, როგორ იქნება ეს გამოხატული“

გამოფენაზე მისულ დამთვალიერებელს  ამ ნახატებისა და ნივთების შეძენაც შეუძლია, თუმცა არის ერთი ნამუშევარი, რომელიც არ იყიდება.

„ეს იმდროინდელი ნამუშევარია, როდესაც აკადემიაში ვსწავლობდი და ძალიან მიყვარს. ერთმა ფანტასტიკურმა მხატვარმა ზურაბ ნიჟარაძემ, რომელიც ჩემთან იყო სახლში დაინახა, რომ ამ ნახატზე ვმუშაობდი და მოეწონა, მე ვუთხარი, რომ ჯერ კიდე დასამთავრებელი იყო, მაგრამ მირჩია გადადე და სხვა დახატეო, რადგან ამ ნახატს გააფუჭებო, იმის მერე დავფიქრდი, მეც რომ მეორე დღეს გადაიწერებოდა და სხვა ნახატი იქნებოდა“, – იხსენებს მხატვარი და დიზაინერი გუგა კოტეტიშვილი

საყვირისგან, და სხვა ჩასაბერი თუ დასარტყამი ინსტრუმენტებისგან აწყობილი სანათები, გამოფენის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილია. მათი ნათება კი გალერეაში უჩვეულო და მყუდრო ატმოსფეროს ქმნის.

„ჩვენთან წარმოდგენილია გიზო ნერგაძის ხელნაკეთი სანათები, რომლებიც ძველი ნივთებისგანაა გაკეთებული, ეს ნივთებიც ჩვენ გვეკუთვნის და სინთეზიც ასეთი გამოვიდა გუგა კოტ. სტუდიისა და გიზო ნერგაძის“, – ამბობს გამოფენის კოორდინატორი რუსა არაბული.

აქ ყველა ნივთს თავისი წარსული აქვს და თავის ამბავ ყვება.

„არაჩვეულებრივია, გიზოს ნამუშევრებიც და გუგას ხელიც, ეს ნივთები დიდი ხნის მოგროვებულია და სხვა ფუნქცია აქვს ახლა“, – ამბობს გამოფენის სტუმარი გოჩა აღაპიშვილი.

ვისაც არასტანდარტული საგამოფენო სივრცის ნახვა სურს ან ძველი ნივთები ფიქრებს და ფანტაზიას უღვიძებს, ვისაც მოსწონს,  რომ ძველმა საგნებმა  ახალი სიცოცხლე შეიძინონ, და ვისაც ოსტატური ხელით შესრულებული თამამი ნახატები ხიბლავს, მათ გუგა კოტეტიშვილის საგამოფენო სივრცე 13 დეკემბრამდე უმასპინძლებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend