მთავარიგადაცემებიოკეანეგადაარჩენს თუ არა „გველთევზას მწვანე შეთანხმება“ ამ თევზის სახეობას?

გადაარჩენს თუ არა „გველთევზას მწვანე შეთანხმება“ ამ თევზის სახეობას?

ზამთრის დადგომისთანავე ბისკაიის ყურეში ატლანტის ოკეანის ტალღებს გველთევზების ახალი თაობა მიჰყვება სარგასოს ზღვიდან, სადაც ისინი გაჩნდნენ.

ყოველ წელს აქ მილიარდობით მინისებრი გველთევზა ჩამოდის. ენდრიუ კერი „გველთევზების დაცვის ჯგუფს“ – SEG-ის ხელმძღვანელია. ეს ჯგუფი  მთელი ევროპის მასშტაბით მოქმედებს. ენდრიუ აგვიწერს, თუ როგორია გველთევზების გასაოცარი მიგრაცია.

გველთევზები ფოთლის ფორმის გუნდად მოჰყვებიან ატლანტის ოკეანის ნაკადს, დინების საპირისპიროდ, რომ მტკნარ წყლებში –  მდინარეებში გადავიდნენ. იქ წონაში იმატებენ, რასაც შესაძლოა 10, 15 ან 20 წელი დასჭირდეს და მერე  აზორის გავლით უკან სარგასოს ზღვაში დაბრუნდნენ.

საინტერესოა, რა დაირღვა ამ სასიცოცხლო ციკლში ისეთი, რომ გველთევზების რაოდენობა ევროპაში ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში 90 პროცენტით შემცირდა. მოდით,  თევზს უკან გავყვეთ.

მინისებრი გველთევზების ნაწილს ჩამოსვლისთანავე კონტროლის მიზნით იჭერენ. დაჭერილი თევზის უმეტესობას შემდეგ ევროპის მდინარეებსა და ჭაობებში უშვებენ. დანარჩენს კი ფერმერულ მეურნეობაში ზრდიან, რომ გაყიდონ.

ჟერომ გურუჩაგას  მინისებრი გველთევზების საკუთარი სანაშენე აქვს. გველთევზები, რომლებსაც აქ ადგილობრივი მეთევზეებისგან ყიდულობენ, იზრდებიან და ჯერ ყვითელ, შემდეგ კი ვერცხლისფერს იღებენ – აი, სწორედ ამ უკანასკნელ დელიკატესზეა  დიდი საბაზრო მოთხოვნა.

მიწოდების ჯაჭვი რომ უფრო მდგრადი იყოს, ეს ბიზნესსექტორი ორგანიზაცია SEG – თან თანამშრომლობს.

ჟერომის თევზსაშენში 5 მილიონი გველთევზა გამოჰყავთ, რისთვისაც უახლეს ტექნოლოგიებს იყენებენ.

ჟერომ გურუჩაგა, კომპანია  Gurruchaga Marée-ს პრეზიდენტი:

„ეს სისტემა წყლის უწყვეტი გადამუშევების ტექნოლოგიას იყენებს. მისი უწყვეტი ციკლის წყალობით, არანაირ ანტიბიოტიკსა და პესტიციდს არ ვიყენებთ.“

ევროპაში მოხმარებული გველთევზას სამი მეოთხედი სწორედ ისეთი თევზის მეურნეობიდან მოდის, როგორიც ჟერომს აქვს, დანარჩენს ველურ პირობებში იჭერენ.

ნიდერლანდებში გველთევზასგან მომზადებულ კერძებს დიდი ხნის ტრადიცია აქვს. ეს კომპანია  წელიწადში 200 ტონაზე მეტ შებოლილ გველთევზას ამზადებს. ამავდროულად, კომპანია გველთევზას აღდგენის ფართომასშტაბიან პროექტებშიც მონაწილეობს.

გველთევზას სახეობათა ბედით შეფიქრიანებული ევროპის გველთევზას ბიზნესი მონაწილეობას იღებს სამეცნიერო კვლევების დაფინანსებაში,  ამ თევზის სახეობის გამრავლებასა და დაცვაზე ორიენტირებულ ღონისძიებებში.

ალექს კულევეინი, კომპანია Spakenburg Paling-ის ხელმძღვანელი:

„თუ  არ ვიზრუნებთ ბუნებაზე, დავკარგავთ სამუშაოს, კულტურას, გველთევზას საკვებად გამოყენების ტრადიციებს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბუნებაზე დამოკიდებულმა კომპანიებმა გააცნობიერონ, რომ ბუნებაში ულევი არაფერია და მასზე უნდა იზრუნონ.“

ეს კრიზისი გასული საუკუნის 80-იან წლებში დაიწყო, როდესაც მინისებრი გველთევზების რაოდენობამ საგანგაშოდ იკლო. ჰოლანდიელი ბიოლოგი ვილემ დეკერი პირველი იყო, რომელიც მიხვდა, რომ გველთევზა ათწლეულების განმავლობაში მთელი ევროპის მასშტაბით თანდათან გაქრებოდა.

ვილემ დეკერი, ბიოლოგი, გველთევზას სახეობის მკვლევარი:

„მახსოვს, როდესაც მოზარდი ვიყავი და ღამე  სათევზაოდ მივდიოდი, ზღვა სავსე იყო ახალგაზრდა გველთევზებით, რომლებიც ახლა გაქრნენ… შემცირების ზუსტი მიზეზი არ ვიცით. შესაძლოა, მიზეზი იყოს საცხოვრებელი გარემოს გადაგვარება, შიდა წყლებისა და თევზის სანაშენეების დაბინძურება. არ გამოვრიცხავთ პარაზიტებსაც. ეს შეიძლება ოკეანეზე კლიმატური ცვლილებების გავლენაც იყოს. სავარაუდოდ გაქრობის მიზეზი ყველა ამ ფაქტორის ერთობლიობაა, მაგრამ დანამდვილებით არ ვიცით.“

ძვირფასი მინისებრი გველთევზა  ტონობით გადის აზიაში კონტრაბანდული გზით. როდესაც ევროპოლმა ესპანეთსა და სხვა ქვეყნებში მთავარი კრიმინალური დაჯგუფება დააკავა, შავ ბაზარზე გველთევზას ლიფსიტას რაოდენობა წელიწადში 50 ტონამდე შემცირდა.  და მაინც ეს ციფრი ორჯერ-სამჯერ აღემატება მთელი ევროპის ლეგალურ ბაზარზე არსებულ მოცულობას.

ზოგიერთი თვლის, რომ გველთევზაზე თევზაობა უნდა აიკრძალოს, მაგრამ ენდრიუ კერი ფიქრობს, რომ ეს უკონტროლო ბრაკონიერობას გამოიწვევს.

ევროკავშირში გველთევზას სექტორის რეგულირების გრძელვადიანი მექანიზმები, სავარაუდოდ, უკეთეს შედეგს გამოიღებს.

ენდრიუ კერი, „გველთევზას დაცვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი:

„1980-2010 წლებში წლიურად 15-პროცენტიანი შემცირება გვქონდა, მას შემდეგ, რაც 2007 წელს გველთევზასთან დაკავშირებული რეგულაცია ამოქმედდა. 2010 წლისთვის შემცირების ტემპი შენელდა და უკვე 11 წელია, თითქმის ერთი ტემპით მიდის. ასე რომ, უკვე გავედით ჩიხიდან. მაგრამ პრობლემას მხოლოდ თევზჭერის აკრძალვით ვერ მოვაგვარებთ. ჩვენ მტკნარი წყლის მართვის სისტემა უნდა შევცვალოთ.“

ჩრდილოეთ საფრანგეთში მდინარე ფრემიურის მსგავს მდინარეებს არსებითი მნიშვნელობა აქვს გველთევზას მიგრაციისთვის ზღვიდან შიდა წყლებისაკენ და უკან. გველთევზას აქვს უნარი, სხვადასხვა ბუნებრივი დაბრკოლება გადალახოს. მაგრამ დღეს მათ გზად მეტისმეტად ბევრი კაშხალი და დაგუბებული წყალი ხვდებათ. ასეთი ბარიერები მდინარის ნაკადსაც აფერხებს და ზრდის დაბინძურების დონეს, რაც ასუსტებს გველთევზას.

ერიკ ფონტენი, ზღვის ეკოლოგიის პროფესორი:

„ევროპაში მილიონ 200 ათასი კაშხალია, რაც ნიშნავს, რომ მდინარის ყოველ 400 მეტრზე ერთი კაშხალი გხვდება.  ეს ყველაფერი ამ სახეობის შემცირებას უწყობს ხელს, მას მიგრაცია ისეთ მდინარეში სჭირდება, რომელიც სუფთაა და ზღვაში დაბრუნებისთვის აუცილებელ პირობებს სთავაზობს.“

გველთევზას სპეციალურ ხაფანგს უგებენ, რაც მეცნიერებს ზუსტი გათვლების გაკეთების საშუალებას აძლევს. მდინარე ფრემიურზე მიმდინარე ხანგრძლივი კვლევა აჩვენებს, რომ მიგრაციის კოეფიციენტი მცირდება, რასაც შესაძლოა ეს ბარიერები იწვევდეს.

ევროკავშირის წევრი ქვეყნები გველთევზას გამრავლებასთან დაკავშირებული  რეგულაციების შესაბამის ნაბიჯებს დგამენ, რომ ამ თევზის მიგრაციას შეუწყონ ხელი.

მდინარეზე ბარიერების განთავსება ხშირად აუცილებელია სასმელი წყლის ან ელექტროენერგიის მისაღებად. მათი გავლენა შესაძლებელია შემცირდეს თევზისთვის სპეციალური დერეფნის დატოვებით, მაგრამ ამის ეფექტი მაინც შეზღუდულია. მეცნიერები უკეთეს გამოსავალს გვთავაზობენ, მაგალითად, როგორიცაა თევზის მიგრაციის პიკის დროს ბარიერის დროებით მოხსნა.

ფაბიენ შარიერი, თევზის დერეფნის პროექტის ხელმძღვანელი:

„მიუხედავად იმისა, რომ ამ ადგილზე გველთევზებისთვის გასასვლელი მოეწყო, მათი რიცხვი მაინც მცირდება. ასე რომ, ეს ზომები საჭიროა, მაგრამ საკმარისი არ არის.“

ჰიდროელექტროსადგურები მნიშვნელოვანია განახლებადი ენერგიისთვის, მაგრამ მათ ტურბინებს იმ ზრდასრული გველთევზას დაზიანება და მოკვლა შეუძლია, რომელიც ოკეანისკენ მიემართება ქვირითობისთვის. პროექტი „გველთევზა კაშხალზე მაღლა“ ნიდერლანდებში ამ საფრთხის შერბილებას ცდილობს: ფრანს კომენისა და მისი ვაჟის მსგავსი მეთევზეები გველთევზებს მხოლოდ იმიტომ იჭერენ, რომ ისინი კაშხლის მეორე მხარეს გაუშვან, რათა ზღვისკენ უსაფრთხოდ გაცურონ.

ფრანს კომენი, მეთევზე:

„ეს გველთევზები აქ უკვე 15-30 წელია იზრდებიან – ამიტომ არ იქნება სწორი, თუ ელექტროსადგურებს მათი დაზიანების საშუალებას მივცემთ.“

მეთევზეებს ამ სამუშაოს შესრულებისთვის ნიდერლანდების გველთევზას ვაჭრების, ფერმერების, მეთევზეებისა და ჰიდროელექტროსადგურების ინდუსტრიის ფონდი უხდის ფულს. ამ ფონდში აცხადებენ, რომ ამგვარად გაშვებული გველთევზას რაოდენობა 2013 წლის შემდეგ ექვსჯერ გაიზარდა, რაც შესაძლებელია იმის ნიშანია, რომ ეს ძალისხმევა ფუჭი არ არის და გველთევზას რაოდენობა თანდათან იმატებს.

დადებითი მაჩვენებლები საიმედოა, მაგრამ გველთევზა ჯერ ისევ რჩება გადაშენების პირზე მყოფი სახეობების სიაში. თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს სახეობა დიდხანს ცოცხლობს, მის გამრავლებას მრავალი ათწლეული და უწყვეტი ძალისხმევა დასჭირდება.

ენდრიუ კერი, „გველთევზას დაცვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი:

“ახლა ევროპაში ევროპის მწვანე შეთანხმება გვაქვს. სოციალური, ეკონომიკური, გარემოს დაცვის ფაქტორები ერთმანეთზეა დამოკიდებული. გვინდა, რომ მწვანე შეთანხმება გველთევზებზეც გავრცელდეს, ამის შემდეგ შევძლებთ, რაოდენობა აღვადგინოთ.“

ავტორი: დენის ლოქტიე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend