უკრაინის საზღვრების მახლობლად მოსკოვის მიერ ჯარების განთავსებამ ნატოს, ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობა გაამწვავა. დიპლომატიისა და სანქციების გამკაცრების მუქარის ფონზე შვედეთში საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბნენ, რათა კრემლთან დაპირისპირება თავიდან აიცილონ.
სტოკჰოლმში ეუთოს შეხვედრაზე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მოლაპარკების დასრულების შემდეგ ევრონიუსის კორესპონდენტი ეფი კუცოკოსტა ამერიკის სახელმწიფო მდივანს ესაუბრა.
ეფი კუცოკოსტა
თქვენ განაცხადეთ, რომ არსებობს საფუძველი ვარაუდისა, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას აპირებს. რამდენად ახლოს ვართ სამხედრო დაპირისპირებასთან?
ენტონი ბლინკენი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი:
„ჩვენ არ ვიცით, რას აპირებს პრეზიდენტი პუტინი. არ ვიცით, გადაწყვიტა თუ არა მან, განაახლოს აგრესიული ქმედება უკრაინის წინააღმდეგ, მაგრამ რაც ვიცით, ის არის, რომ ის ადგილზე ისეთ ძალებს უყრის თავს, რომლებიც ამის გაკეთების საშუალებას მისცემს, თან სწრფად გაკეთების საშუალებას – და ეს ძალიან, ძალიან დამაფიქრებელია არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ბევრი პარტნიორისთვის ევროპაში. ახლახან დავესწარი ნატოს სამიტს, სანამ აქ ეუთოზე ჩამოვიდოდი და ამ შეშფოთებას ბევრი იზიარებს. ამიტომ ჩემთვის და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რათა რუსეთს მკაფიოდ გავაგებინოთ, როგორი შეცდომა იქნება უკრაინის მიმართ აგრესიის განახლება, რა სერიოზული შედეგები მოჰყვება ამას. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ უმჯობესია, ყოველგვარი გაუგებრობა დიპლომატიის გზით გადაიჭრას, განსაკუთრებით მინსკის შეთანხმების აღსრულებით, რომელიც არასოდეს შესრულებულა.“
თქვენ ახლახან შეხვდით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს. შეგიძლიათ, ისაუბროთ, რას აპირებს იგი? ან როგორია განწყობა? ან თუ მიიღეთ რამე გზავნილი, რომ შესაძლებელია ვითარება განიმუხტოს?
ენტონი ბლინკენი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი:
„ჩვენ ძალიან პირდაპირი და გულწრფელი საუბარი გვქონდა, როგორც ყოველთვის. არავითარი პოლემიკა, უაღრესად პროფესიონალური, ძალიან პირდაპირი. მე მას გავუზიარე ჩემი აზრები, რადგან მნიშვნელოვანია ამის პირდაპირ თქმა, არ არის საკმარისი მხოლოდ ტელევიზიითა და პრესრელიზებით ურთიერთობა. მინდოდა, მას გაეგო ჩვენი შეშფოთება და ის მოსალოდნელი შედეგები, რომლებიც შესაძლოა დადგეს, თუ რუსეთი აგრესიას განახორციელებს. მსურდა, ისიც გაეგო, რომ გვწამს, წინსვლის საუკეთესო გზა არის დიპლომატია, რომ რუსეთმა დეესკალაციისკენ უნდა გადადგას ნაბიჯები, თავისი სამხედრო ძალები უკან დახიოს და მინსკის შეთანხმების შესრულებას შეუდგეს.“
შეგიძლიათ, თქვათ, რომ ახლა უფრო ახლოს ხართ ვითარების განმუხტვასთან?
ენტონი ბლინკენი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი:
„მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ლავროვი პრეზიდენტ პუტინს მოუყვება ყველაფერს. რასაკვირველია, მე იმავეს გავაკეთებ პრეზიდენტ ბაიდენთან. იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტები უახლოეს მომავალში ისაუბრებენ და ჩვენ წინ წავალთ. მაგრამ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ძალიან პირდაპირ და ღიად ვაჩვენოთ ჩვენი დამოკიდებულება, თუ რა გვადარდებს, რის გაკეთებას ვაპირებთ და რისი გაკეთება გვირჩევნია, ეს კი დიპლომატიის გააქტიურება და უკრაინის ტერიტორიებზე ოკუპაციის საკითხის მოგვარებაა.“
თქვენ გააფრთხილეთ, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ამას ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვება. რას გულისხმობთ? და რამდენად შორს წახვალთ? მზად ხართ, ეკონომიკურ სანქციებს გასცდეთ?
ენტონი ბლინკენი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი:
“ძალიან დიდი ეკონომიკური დარტყმა მოჰყვება შედეგად. ჩემი აზრით, მოსკოვმა კარგად იცის ამ შესაძლო შედეგების მასშტაბი და ვიმედოვნებ, რომ პრეზიდენტი პუტინი თავის გათვლაში ამას ითვალისწინებს. ამავდროულად, ამერიკის შეერთებული შტატები და სხვა ქვეყნები მუშაობენ, რათა დარწმუნდნენ, რომ უკრაინას ექნება თავდაცვის საშუალება. რასაკვირველია, თუ ნატოს ალიანსს რამე საფრთხე დაემუქრება, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კიდევ უფრო განვამტკიცოთ საკუთარი თავდაცვა. მაგრამ მსურს, აქცენტი გავაკეთო სიტყვა თავდაცვაზე. ნატო თავდაცვითი ალიანსია და არა აგრესიული კავშირი. ჩვენ ალიანსის წევრების დაცვასა და უსაფრთხოებას ვემსახურებით, მაგრამ ამავე დროს ვეხმარებით ისეთ პარტნიორებს, როგორიცაა, მაგალითად, უკრაინა, რომ თუ აგრესიის რისკი გაჩნდა, თავის დაცვა შეძლონ. აი, ეს არის ჩვენი საზრუნავი. მაგრამ, ჩემი აზრით, კიდევ გავიმეორებ, ყველაზე მნიშვნელოვანია რუსეთისთვის ის არის, რომ ქმედებებს მოსდევს შედეგები. ეს შედეგები რეალურია. ეს არ შედის რუსეთის ინტერესებში, ზოგადად კონფლიქტი არავის ინტერესებში არ შედის. ნება მომეცით, დავამატო, რომ როდესაც რამდენიმე თვის წინ პრეზიდენტი ბაიდენი პრეზიდენტ პუტინს ჟენევაში ესაუბრა, მან განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ნამდვილად ურჩევნია, რუსეთთან სტაბილური, პროგნოზირებადი ურთიერთობა ჰქონდეს. რუსეთის მიერ უკრაინის მიმართ ისევ აგრესიული ნაბიჯების გადადგმა კი ამ სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობის საპირისპირო მიმართულებაა. არ მგონია, რომ ამან რომელიმე ჩვენგანს სიკეთე მოუტანოს, მაგრამ პრეზიდენტმა ძალიან მკაფიოდ განაცხადა ისიც, რომ თუ რუსეთი წინდაუხედავად მოიქცევა, ჩვენ პასუხს გავცემთ.“
მხოლოდ სანქციებით დაკმაყოფილდებით? მინდა აღვნიშნო, რომ თქვენ, ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, უკვე აამოქმედეთ სანქციები. რა გაძლევთ იმის საფუძველს, იფიქროთ, რომ ამჯერად სანქციები იმუშავებს, რადგან პრეზიდენტი პუტინი, როგორც ჩანს, არ აპირებს კურსის შეცვლას?
ენტონი ბლინკენი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი:
„მგონია, რომ ბევრ რამეს, რასაც ახლა განვიხილავთ, ძალიან დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია. ბევრი რამეა, რაც წარსულში არ გაგვიკეთებია და რისგანაც თავს ვიკავებდით. და რუსეთმა მშვენივრად იცის ამ მოსალოდნელი შესაძლებლობების მასშტაბი, თუ საქმე საქმეზე მიდგება. მე მეტს არაფერს ვიტყვი.“
არ გსურთ, უფრო დააკონკრეტოთ, რას აპირებთ?
ენტონი ბლინკენი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი:
“არა, საჯაროდ არ მსურს.“
მაგრამ რუსეთი შიშობს, რომ უკრაინა ნატოში შევა. ამერიკა მხარს დაუჭერს უკრაინის ნატოში გაწევრიანებას?
ენტონი ბლინკენი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი:
“ეს ყველაფერი ნატოს დაფუძნებასა და ვაშინგტონის ხელშეკრულებამდე მიდის, რომელიც მკაფიოდ ამბობს, რომ ალიანსის კარი ღია იქნება მათთვის, ვინც გაწევრიანებისკენ ისწრაფვის და კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. ეს კიდევ ერთხელ გავიმეორეთ ნატოს ბოლო შეხვედრაზე. ნატოს კარი ღიაა. მაგრამ ეს არავითარ საფრთხეს არ უქმნის რუსეთს, რადგან, კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, ჩვენი ალიანსი თავდაცვითია. ეს გამჭვირვალე ალიანსია. იგი არ არის რუსეთის წინააღმდეგ. ის არ წარმოადგენს საფრთხეს რუსეთისთვის. სამწუხაროდ, ერთადერთი აგრესიული ქმედება, რომელიც ბოლო წლებში ევროატლანტიკურ სივრცეში ვიხილეთ, არის რუსეთის აგრესია საქართველოსა და შემდეგ უკრაინის მიმართ. და არ გვინდა, რომ ეს უკრაინაში კიდევ განმეორდეს.“
ასევე ვნახეთ, რომ იზრდება დაძაბულობა ევროპის საზღვრებთან, განსაკუთრებით ბელარუსთან, ამას ევროკავშირი ჰიბრიდულ თავდასხმას უწოდებს, რადგან ათასობით მიგრანტს აიძულებენ, რომ პოლონეთის, ლატვიისა და ლიეტუვისკენ წავიდნენ. ამიტომ როგორ გგონიათ, მოცემულ მომენტში რუსეთია ყველაზე დიდი საფრთხე ევროპისა და დასავლეთისთვის?
ენტონი ბლინკენი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი:
“მისი ქმედებების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, იმ ნაბიჯების ჩათვლით, რომლებიც წარსულში გადაუდგამს, ასევე იმ საფრთხის მიხედვით, რომელსაც უკრაინაში ვხედავთ, ის ნამდვილად ქმნის პრობლემას და ეს არ უნდა ხდებოდეს ასე. ჩვენ ვთანამშრომლობთ ისეთ სფეროებში, სადაც ჩვენი ინტერესები ემთხვევა, მაგალითად, საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან ბოლო შეხვედრისას ვისაუბრეთ ირანსა და ჩვენს საერთო ინტერესებზე, რომ ირანმა არ უნდა მოიპოვოს ბირთვული იარაღი. ჩვენ კარგად ვთანამშრომლობთ ევროპელ პარტნიორებთან და ჩინეთთან ერთად ვენის მოლაპარაკებების ფორმატში. ასევე ვთანამშრომლობთ კავკასიის საკითხებში, ჩვენ ორივეს გვაქვს ინტერესი აზერბაიჯანსა და სომხეთში, რათა მთიან ყარაბაღთან დაკავშირებული დაპირისპირება დიდი ხნით და მტკიცედ მოგვარდეს და მხარეებს შორის ურთიერთობა გაღრმავდეს. ასე რომ, ჩემი აზრით, უნდა შევძლოთ ისეთ საკითხებზე თანამშრომლობა, რომლებიც ორივეს ინტერესებში შედის, მაგრამ ისეთი საკითხი, როგორიცაა, მაგალითად, ახალი აგრესია უკრაინის მიმართ, ამ თანაშრომლობას ძალიან ართულებს.“
ავტორი: ეფი კუცოკოსტა