ნორვეგიაში კორონავირუსის ომიკრონის ვარიანტით 50 ადამიანი დაინფიცირდა ერთ-ერთ წვეულებაზე, რომელსაც 120 ადამიანი ესწრებოდა. ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრში მიიჩნევენ, რომ ეს ვარიანტი გავრცელების მხრივ მალე გადაუსწრებს დელტა ვარიანტს. მეცნიერები ჯერ კიდევ იკვლევენ, რამდენად ეფექტიანია არსებული ვაქცინები ომიკრონის წინააღმდეგ.
ნორვეგიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის დირექტორი ლაინ ვოლდი აცხადებს, რომ ომიკრონის ვარიანტი დელტასგან განსხვავებულია და საჭიროა დაკვირვება, იწვევს თუ არა ის სერიოზულ გართულებებს. მან აღნიშნა, რომ ჯერჯერობით არ იციან, რამდენად უმკლავდება არსებული ვაქცინა ამ ვარიანტს.
ევროპის ქვეყნების დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ პანდემიის შეჩერების ერთადერთი გზა ვაქცინაციაა. ბავარიაში ერთ-ერთ საავადმყოფოში ცნობიერების ასამაღლებლად წითელი შუქებიც აანთეს.
მერკელმა და მომავალმა კანცლერმა შოლცმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ აუცრელი პირებს არ შეუშვებენ არაპირველადი მოხმარების მაღაზიებში, კულტურულ და რეკრეაციული ადგილებში. პარლამენტი ასევე განიხილავს სავალდებულო ვაქცინაციის შემოღებას.
დიდ ბრიტანეთში კი ბორის ჯონსონი მოსახლეობას თავად აძლევს მაგალითს. მან ვაქცინის მესამე დოზა გაიკეთა. ჯონსონს მიაჩნია, რომ მთავრობებმა თანმიმდევრულად უნდა იმოქმედონ.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, მოსახლეობა მიჰყვეს იმ მითითებებს, რომლებიც მთავრობამ შეიმუშავა. მისი თქმით, ადამიანებმა არ უნდა თქვან უარი თავიანთ გეგმებზე, რადგან ამის საჭიროება არ არსებობს. ჯონსონის აზრით, საჭიროა სწორი რეაგირება ომიკრონის ვარიანტის წინააღმდეგ.
ევროპის ქვეყნების მთავრობები ახლა განიხილავენ წინასაშობაო რეგულაციების დაწესებას. ევროპის მოსახლეობა გადაიღალა შეზღუდვებით, ამიტომ ბევრი ქვეყანისთვის საყოველთაო კარანტინის შემოღება საკმაოდ რთული გადასაწყვეტი იქნება.