მთავარი საქართველო თბილისის ურბანული განვითარება

თბილისის ურბანული განვითარება

დაბინძურება, მწვანე სივრცეების ნაკლებობა, გადატვირთული ქუჩები – ამ და სხვა პრობლემებს განიხილავდნენ ახალი ურბანული ტოპოლოგიების ფორუმზე, რომელსაც თბილისი მასპინძლობს. ფორუმის მიზანია ურბანული სივრცეებისა და ურბანული სისტემის განვითარების შესწავლა. ფორუმში მონაწილეობენ ქართველი და შვედი არქიტექტორები, არტისტები, ურბანული დაგეგმარების სპეციალისტები და ექსპერტები. თუმცა ფორუმით განსაკუთრებით სტუდენტები დაინტერესდნენ.

„ხაზგასასმელია, რომ ეს არის ახალგაზრდებზე ორიენტირებული პროექტი. არ მინდა, ვთქვა, რომ ეს ერთადერთი პრიორიტეტია, მაგრამ ხვალინდელ პრობლემებზე მუშაობა დღეს უნდა დავიწყოთ. საინტერესო ისაა, რომ აქ მხოლოდ არქიტექტორები არ არიან, არამედ სამხატვრო აკადემიის სხვადასხვა პროფილისა და სხვა ინსტიტუტების სტუდენტებიც ესწრებიან. ეს არის საერთო ტკივილი. ქალაქს ერთად უნდა გავუფრთხილდეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – ამბობს სამხატვრო აკადემიის რექტორი გია გუგუშვილი.

ახალი ურბანული ტოპოლოგიების ფორუმი შვედეთის სტოკჰოლმის ხელოვნების, არქიტექტურისა და საზოგადოების ცენტრის „ფარგფაბრიკენის“ ორგანიზებით ტარდება და მას თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია მასპინძლობს. ფორუმზე ურბანული დაგეგმარების საკითხები განიხილება, მათ შორისაა მიტოვებული ინდუსტრიული შენობებისა და სკვერების განვითარების პერსპექტივა.

„ჩვენ განვიხილავთ ქალაქ თბილისის განვითარების მრავალ პერსპექტივას. მაგალითად, რისი გაკეთება შეიძლება მდინარე მტკვრის მიმდებარე ტერიტორიაზე. ფორუმის მიზანია, იპოვოს გზები, რომ თბილისში მცხოვრები ქალაქის განვითარებაში უფრო ჩართული იყოს. ჩვენ აქ არსებული პრობლემების გადასაწყვეტად არ ვართ, არამედ ადგილობრივ სტუდენტებთან და პროფესიონალებთან ვთანამშრომლობთ, რომ გამოვნახოთ პრობლემებთან გამკლავების საუკეთესო გზები,“ – თქვა სტოკჰოლმის ხელოვნების, არქიტექტურისა და საზოგადოების ცენტრ „ფარგფაბრიკენის“ არტდირექტორმა ჟოაკიმ გრანიტმა.

მას მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია თბილისის არქიტექტურის განვითარების ერთიან ხედვაზე ჩამოყალიბება. სწორედ ამ ხედვიდან გამომდინარე უნდა შეირჩეს ნებართვების გაცემის პოლიტიკაც. მისი თქმით, არქიტექტურა შეიძლება იყოს თანამედროვე და ამავე დროს შეინარჩუნოს ისტორიული სახეც.

“მჯერა, რომ ქალაქისთვის მდინარეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ერთ-ერთ სემინარზე აქტიურად განვიხილეთ მდინარის კუნძული, რომელსაც 1930-იან წლებში რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და დღეს ის აღარ არსებობს. ამ კუნძულზე თბილისის კულტურული ცენტრის შექმნაა შესაძლებელი. ერთ-ერთი მთავარი საკითხი ხომ მწვანე სივრცეების განვითარებაა. ქალაქი ხეებისა და ბუნების გარეშე უსიცოცხლოა“, – ამბობს ჟოაკიმ გრანიტი.

მიტოვებული მწვანე სივრცეების აღდგენასა და ახალი სივრცეების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა არქიტექტურის დოქტორმა გიორგი წანაწყენიშვილმა. მისი თქმით, თბილისში მეოცე საუკუნის დასაწყისში დაიწყო მრავალბინიანი სახლების ფართომასშტაბიანი მშენებლობა, რომელსაც მწვანე სივრცეები შეეწირა.

„ის გაუცხოება, რომელიც ქალაქს დღეს ახასიათებს, მრავალბინიანი სახლების მასშტაბური მშენებლობით არის გამოწვეული, რაც მწვანე სივრცეების დაკარგვის ხარჯზე მოხდა. სწორედ ამ ტიპის ფორუმების მიზანი არის, რომ ადამიანი ისევ დაუბრუნდეს გარემოს, უფრო აქტიურად ჩაერთოს და სწორედ მან დააგეგმაროს მწვანე სივრცე თავის გარშემო. ის იყოს ძირითადი მონაწილე მწვანე სივრცეების დაგეგმარებისა და განვითარების საკითხებში,“ – ამბობს შავი ზღვის უნივერსიტეტის არქიტექტურის ინგლისურენოვანი პროგრამის ხელმძღვანელი გიორგი წანაწყენიშვილი ევრონიუსთან საუბარში.

ფორუმის ფარგლებში, რომელიც 4 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება, ქართველ ახალგაზრდა არქიტექტორებსა თუ ურბანისტებს ევროპელი პროფესიონალები თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ. თბილისის მოსახლეობა სურვილს გამოთქვამს, რომ ევროპული იდეალების გარშემო გაერთიანებული ძალისხმევით ქალაქში უფრო მეტი მწვანე სივრცე გაჩნდება. ხოლო ურბანისტები იმედოვნებენ, რომ მდინარე მტკვარი, რომლის გარშემოდაც თბილისი განვითარდა და რომელიც უკანასკნელი ათწლეულობის განმავლობაში ქალაქური ცხოვრებისგან დამოუკიდებლად მიედინება, კვლავ გახდება თბილისური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი.

თორნიკე კოპლატაძე

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend