15 დეკემბერს, ბრიუსელში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ, ევროკავშირთან “ასოცირებული ტრიოს” ქვეყნების პრემიერ-მინისტრები ბელგიის დედაქალაქში შეიკრიბნენ. ბრიუსელში სამი ქვეყნის როგორც საგარეო, ასევე შიდა პოლიტიკური საკითხები განიხილებოდა.
“ევრონიუსის” ჟურნალისტმა ანა ლაზარომ საქართველოს, როგორც პარტნიორი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით კითხვა უკრაინის პრემიერ-მინისტრს დაუსვა. დენის შმიგალმა ისაუბრა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ, რომელიც სწორედ უკრაინის მოქალაქეა.
“საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, უკრაინა კი არასოდეს იშურებდა ძალისხმევას საკუთარი მოქალაქეების გადასარჩენად და მხარდასაჭერად, ეს საკითხი კი უკრაინის მოქალაქეს ეხება”, – აცხადებს დენის შმიგალი “ევრონიუსთან” საუბარში.
ასევე, ჟურნალისტმა ანა ლაზარომ უკრაინის პრემიერ-მინისტრს ჰკითხა, თუ რამდენად მიმდინარეობს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი კანონის უზენაესობისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის ფარგლებში. რაზეც დენის შმიგალი პასუხობს: “თავისთავად, ჩვენ ქართულ მხარესთან ვთანამშრომლობთ, ეს განყენებული საკითხია, რომლის თაობაზეც ჩვენ საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ვმუშაობთ. იმედი გვაქვს, რომ უკრაინის მართლმსაჯულების სისტემა ამ სპეციფიურ პროცესს დაეხმარება.”
“ასოცირებული ტრიოს” წევრი ქვეყნები ევროკავშირთან აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის წევრი სამი სახელმწიფოა, რომელთაც გაფორმებული აქვთ ასოცირების ხელშეკრულება ევრობლოკთან.
სამი წევრი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა ბრიუსელში, 30 ნოემბერს ევროკავშირის უმაღლესი სტრუქტურების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრები გამართეს.