რიგაში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები ალიანსის ორი მნიშვნელოვანი საკითხის განსახილველად შეიკრიბნენ. მათ ისაუბრეს რუსეთის როლზე აღმოსავლეთ უკრაინაში და ბელარუსთან დაკავშირებული მიგრაციის საკითხებზე. ნატოს გენერალური მდივანი უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ჯარების მობილიზაციის შესახებ საუბრობს.
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ რუსეთს ძვირად დაუჯდება, თუკი ისინი კვლავ გამოიყენებენ ძალას დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყნის, უკრაინის წინააღმდეგ. მისი თქმით, მათ უკვე აჩვენეს, რომ შეუძლიათ მიმართონ როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ საშუალებებს.
რუსეთის პრეზიდენტს უკან არ დაუხევია. მან განაცხადა, რომ თუკი ნატო კიევს ჯარითა და იარაღით დაეხმარება, რუსეთი მზად იქნება საპასუხო ნაბიჯებისთვის.
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, თუ უკრაინის ტერიტორიაზე გარკვეული სახის საიერიშო დარტყმის სისტემა გამოჩნდება, მოსკოვამდე ფრენის დრო 7-10 წუთი იქნება, ხოლო ჰიპერბგერითი იარაღის გამოყენების შემთხვევაში – 5 წუთი. ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად მათ მოუწევთ მსგავსი რამის შექმნა. როგორც იგი ირწმუნება, ამის გაკეთება მათ ახლაც შეუძლიათ.
სტოლტენბერგმა მოსკოვს მოუწოდა, ისევ შეუერთდეს ნატო-რუსეთის საბჭოს მოლაპარაკებებს. იგი ასევე შეეხო ბირთვული იარაღის გავრცელების საკითხს და მოუწოდა ყველა ქვეყანას, გლობალური უსაფრთხოების მიზნით გაზარდონ პროცესების გამჭვირვალობა და წარმოადგინონ თავიანთი ხედვა ამ საკითხთან დაკავშირებით.