ნატოს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები მეორე დღეა ლატვიის დედაქალაქ რიგაში მინისტერიალს ესწრებიან. მინისტერიალის მეორე დღე ნატოს საქართველოსა და უკრაინასთან თანამშრომლობის საკითხების განხილვას ეძღვნება.
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოსა და უკრაინას ნატოს უახლოესი პარტნიორი სახელმწიფოები უწოდა და განაცხადა, რომ ნატოს წევრი ქვეყნები ერთგულნი რჩებიან 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიღებული ერთობლივი გადაწყვეტილების, რომლის თანახმადაც უკრაინა და საქართველო ნატოს წევრი სახელმწიფოები აუცილებლად გახდებიან.
„მოგესალმებით კიდევ ერთხელ, განსაკუთრებით მივესალმები საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს. ეს შეხვედრა იმართება საქართველოსა და უკრაინასთან ჩრდილო – ატლანტიკური კომისიის ფარგლებში. ივნისში, ბრიუსელში გამართული სამიტისას ნატოს წევრი სახელმწიფოების მეთაურებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. საქართველო და უკრაინა ნატოს უახლოესი პარტნიორი სახელმწიფოები არიან, კიევსა და თბილისს დიდი წვლილი შეაქვთ ნატოს სამხედრო ოპერაციებში და სურთ ნატოში გაწევრიანება. ნატოს წევრი სახელმწიფოები ადასტურებენ ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ საქართველოსა და უკრაინისათვის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა“, – აცხადებს ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი.
იენს სტოლტენბერგმა ასევე განაცხადა, რომ ჩრდილო – ატლანტიკური ორგანიზაცია უკრაინაში ცუდი სცენარისთვის უნდა მოემზადოს, ვინაიდან რუსეთის ფედერაცია შესაძლოა, მეზობელ უკრაინაზე თავდასხმისთვის ემზადება.
უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, მოსკოვს დონბასის რეგიონთან 100 ათასამდე ჯარისკაცი ჰყავს თავმოყრილი. თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით ანკარა ნატოს გაფართოებისა და მის რიგებში მეზობელი სახელმწიფოების გაწევრიანების მომხრეა.
„თურქეთი ნატოს გაფართოებას და მის რიგებში მეზობელი სახელმწიფოების გაწევრიანებას მხარს უჭერს. სწორედ ასეთი პოზიცია აქვს პრეზიდენტ ერდოღანს და ჩვენს დელეგაციას ნატოს მინისტერიალზე“, – განაცხადა თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავეშოღლუმ.
უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან არსებული კრიზისის ფონზე, ბელარუსის ხელისუფლების წარმომადგენლებმა რუსეთის ფედერაციასთან ერთად ერთობლივი სამხედრო მანევრების დაწყების შესახებ განაცხადეს.