მთავარი კუბი ავსტრალიის მთავრობა სოციალურ ქსელებს ტროლ-ანგარიშების ვინაობის გამოაშკარავებას მოსთხოვს

ავსტრალიის მთავრობა სოციალურ ქსელებს ტროლ-ანგარიშების ვინაობის გამოაშკარავებას მოსთხოვს

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა განაცხადა, რომ ამ კვირაში ავსტრალიის მთავრობა პარლამენტში წარადგენს კანონპროექტს, რომელიც აიძულებს სოციალური მედიის კომპანიებს, გამოავლინონ ანონიმურად მოქმედი ტროლების ანგარიშები, რათა მომხმარებლებმა შეძლონ სასამართლოში  შეიტანონ სარჩელი მათ წინააღმდეგ ცილისწამების ბრალდებით.

კანონმდებლობის მიხედვით, კომპანიები ვალდებული არიან, შეაგროვონ ინფორმაცია მოქმედი და ახალი ანგარიშების შესახებ და სასამართლოს ჰქონდეს წვდომა, გაიგოს  მომხმარებლების ვინაობა. ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება ცილისწამების საქმეებთან დაკავშირებული გამოძიების დაწყება. ჯერჯერობით უცნობია, რა სახის პირადი მონაცემების შეგროვებაზეა საუბარი. თუმცა ვარაუდობენ, რომ ეს იქნება ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და მომხმარებლის საკონტაქტო სახელი.

ტროლი არის პიროვნება, რომელიც მალავს თავის  ვინაობას და ისე  მოქმედებს ონლაინსივრცეში, რათა სხვადასხვა ვებგვერდზე, ფორუმსა და სოციალურ ქსელში მომხმარებელთა შორის ჯანსაღ დისკუსიას ხელი შეუშალოს. ბოტი სოციალურ ქსელში არსებული ავტომატიზებული პროფილია, რომელსაც რეალური პიროვნების პროფილის მსგავსი მახასიათებლები აქვს.

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრს მიაჩნია, რომ „რეალურ სამყაროში არსებული წესები უნდა ამოქმედდეს ციფრულ და ონლაინსამყაროშიც და ინტერნეტსამყარო არ უნდა იყოს ველური დასავლეთი,  სადაც ბოტები, თაყვანისმცემლები, ტროლები და სხვები მოქმედებენ ანონიმურად და ზიანს აყენებენ ადამიანებს“.  პრემიერ-მინისტრის  თქმით, ცილისწამებაზე პასუხისმგებელი პირი შესაძლებელია იყოს ერთი პირი, რომელიც მართავს გვერდს ან სხვადასხვა ორგანიზაცია.

თუ კომპანიები, რომლებიც მართავენ სოციალურ ქსელს, არ მიაწოდებენ საიდენტიფიკაციოდ ინფორმაციას, მათ დაეკისრებათ იურიდიული პასუხისმგებლობა. არსებობს იმის საშიშროება, რომ ასეთი გამკაცრებული კანონის გამო ფეისბუკი გამოვიდეს ავსტრალიიდან და ავსტრალიელ მომხმარებლებს საერთოდ აეკრძალოთ სოციალური ქსელის გამოყენება. ამასთან დაკავშირებით ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ მსგავსი ნაბიჯით სოციალური ქსელი აღიარებს, რომ კომპანია არაფერს აკეთებს ონლაინსამყაროსთვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. სკოტ მორისონის აზრით, „ეს არ არის სიტყვის თავისუფლება, როდესაც ტროლი იმალება და ნიღაბამოფარებული შეურაცხყოფას აყენებს და ავიწროებს ადამიანებს“,- განაცხადა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა.

უახლესი

სხვა ამბები

ავსტრალიაავსტრალია

Send this to a friend