მთავარიმსოფლიოვირუსის ახალი ვარიანტი - ომიკრონი ბევრ ქვეყანაში გამოვლინდა

ვირუსის ახალი ვარიანტი – ომიკრონი ბევრ ქვეყანაში გამოვლინდა

დიდმა ბრიტანეთმა მსოფლიოს 7 უმიდიდრესი, დემოკრატიული ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრების საგანგებო სხდომა მოიწვია, მათ კორონავირუსის ახალი ვარიანტის შესახებ უნდა ისაუბრონ. ვირუსის ახალი ვარიანტი – ომიკრონი უკვე ბევრ ქვეყანაში გამოვლინდა,  მათ შორისაა ბელგია, დანია, გერმანია და იტალია.

ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა, ასევე კანადამ, შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა, აკრძალეს  ფრენები სამხრეთ აფრიკის იმ ქვეყნების მიმართულებით, რომლებშიც ვირუსის ახალი ვარიანტი გამოვლინდა.

კვირას ნიდერლანდები მკაცრი კარანტინის რეჟიმზე გადავიდა. ქვეყანაში იზრდება კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა. ნიდერლანდებში ახალი ვარიანტის 13 შემთხვევა დადასტურდა.

ნიდერლანდების ჯანდაცვის მინისტრი ჰიუგო დე იონგი საზოგადოებას ამცნობს ექსპერტების ვარაუდს, რომ ახალი ვარიანტი შესაძლოა კიდევ უფრო საშიში იყოს. ჯანმომ ამ შტამს „შემაშფოთებელი ვარიანტი“ უწოდა. მინისტრი აღნიშნავს, რომ მათ ჯერ კარგად არ იციან ყველაფერი ამ ვარიანტის შესახებ, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს ადამიანებზე, როგორ მოქმედებს ეს ვარიანტი აცრილ ან კოვიდგადატანილ პირებზე. მათ ისიც არ იციან,  რამდენად აქვთ რეალურად შეშფოთების მიზეზი.

მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვების მიზანია, რომ  მეცნიერებს უფრო მეტი დრო ჰქონდეთ, შეისწავლონ ახალი ვარიანტი. აფრიკელი  ექიმები მუდმივად აკვირდებიან ვირუსთან დაკავშირებულ სიმპტომებს და, სხვებთან შედარებით, უფრო იმედიანად არიან განწყობილი.

სამხრეთ აფრიკის სამედიცინო ასოციაციის თავმჯდომარე ანჟელიკ კუტზეე აღნიშნავს, რომ გამოვლინდა ძალიან მსუბუქი სიმპტომები, შესაბამისად, ექიმები მათ მკურნალობას ადვილად ახერხებენ. მისი თქმით, ჯერჯერობით არც ერთ პაციენტს არ დასჭირვებია ჟანგბადის აპარატი და მათი ჟანგბადის მაჩვენებელი ნორმაშია.

თუმცა ახლა სხვა პრობლემა წარმოიშვა. ქვეყანაში იმართება საპროტესტო აქციები, ამის პარალელურად კი ვაქცინაციისა და შეზღუდვების დაცვისკენ მოწოდება მთავრობისთვის ბევრად რთული იქნება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend