მთავარისაქართველოსაპენსიო დანაზოგის გზა - სად წავა მოქალაქეების დანაზოგი

საპენსიო დანაზოგის გზა – სად წავა მოქალაქეების დანაზოგი

2021 წლის 26 ნოემბრის მდგომარეობით, საპენსიო სქემაში რეგისტრირებულ პირთა რაოდენობა 1 222 000-ს შეადგენს. საპენსიო დანაზოგების მოცულობამ კი ამავე პერიოდის მონაცემებით 1.89 მილიარდი ლარი შეადგინა. ამ კოლოსალური თანხიდან მოქალაქეების ფულით, სააგენტოს მიერ განხორციელებული სიანვესტიციო საქმიანობის შედეგად, 247 მილიონი ლარი დარიცხული სარგებელია. რას ნიშნავს ეს და სად იხარჯება ფული, რომელსაც სახელმწიფო მოქალაქეებს უნახავს. სქემა მარტივია – იმისათვის, რომ 13%-მდე გაზრდილმა ინფლაციამ საპნესიო დანაზოგი არ „შეჭამოს“, სააგენტო დაგროვილ თანხას ნაკლები რისკების მქონე ბიზნესებისთვის სესხად გასცემს, საიდანაც პროცენტის სახით ამონაგებს იღებს. მოგებით კი ინფლაციის შედეგად გამოწვეული დანაკარგები გადაიზღვევა. იმისთვის, რომ საინვესტიციო სივრცე გაიზარდოს, საპენსიო სააგენტო ქართულ ბიზნესთან თანამშრომლობას იწყებს. ამ მიზნით საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან საქმიანი შეხვედრა გაიმართა.

“სტრუქტურა უკვე შეკრულია და ვფიქრობთ, რომ საპენსიო სააგენტო მზადაა ჩვენთან თანამშრომლობისთვის. საინვესტიციო მიმართულება შეიძლება მრავალფეროვანი იყოს და არამხოლოდ საფინანსო სექტორი. ქართულ ბიზნესში მოიძებნება ისეთი სფეროები, სადაც სტაბილურად შესაძლებელია თანხის დაბანდება. ეს ეკონომიკისთვის ნამდვილად აუცილებელია. დღეს, პირველად ვხვდებით მხარეები ერთმანეთს. ეს კაპიტალდაბანდება დღეს და ხვალ ან ერთ წელში არ მოხდება, მაგრამ სამომავლო თანამშრომლობა აუცილებლად უნდა შედგეს“, – განაცხადა „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

საპენსიო სააგენტოს წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს, დაგროვებული თანხის საინვესტიციო დანიშნულებით გამოყენების მნიშვნელობას. მათი თქმით, თუ სააგენტო ბიზნესს დაეხმარება, ამით ეკონომიკაში დამატებითი სტიმული და ფულის დაბანდების გზა გაჩნდება. ბიზნეს ასოციაციის წევრებთან შეხვედრას დაესწრნენ საპენსიო ფონდის საინვესტიციო საბჭოს უცხოელი წარმომადგენლებიც.

,,კანონით ჩვენ შეგვიძლია, რომ პორტფელის 20%-მდე უცხოურ ფასიან ქაღალდებში განვათავსოთ. ამ ლიმიტის ათვისებას უმოკლეს პერიოდში შევეცდებით. ზოგადად მაღალი ინფლაცია ეკონომიკისთვის საკმაოდ დიდი გამოწვევაა. ბუნებრივია, გამოწვევაა დანაზოგებისთვისაც, თუმცა მოლოდინი გვაქვს, რომ ინფლაციის მაჩვენებელი დაიწყებს კლებას და როგორც შექმნის დღიდან დღემდე, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენი ამონაგები უფრო მეტი იქნება, ვიდრე – ინფლაცია”, – განაცხადა საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი დანელიამ.

გასულ კვირას, სააგენტოს დირექტორი პარლამენტის საფინანსო კომიტეტის წინაშე, საქმიანობის ექვსთვიანი ანგარიშით წარსდგა. თქვა, რომ საპენსიო სააგენტოს წინსვლა აქვს და დროა შენახული ფულის მნიშვნელოვანი ნაწილი ბიზნესში ჩაეშვას. დაგვარწმუნა, რომ თანხას საიმედოდ იცავენ და ნაკლებრისკიან საქმიანობას მიეხმარებიან. რამდენად გამონახავს ქართული ბიზნესი და საპენსიო ფონდი საერთო ენას და იქნება თუ არა სათანადოდ დაცული საინვესტიციო თუ სასესხო მიმართულებით წასული მოქალაქეების დაგროვილი საპენსიო დანაზოგი, ეს მომავალში გამოჩნდება.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend