მთავარი საქართველო #შეაჩერეძალადობა! #ილაპარაკე!

#შეაჩერეძალადობა! #ილაპარაკე!

#შეაჩერეძალადობა! #ილაპარაკე!  – სოციალურ ქსელში ასეთი ჰეშთეგი ხშირად გვხვდება, თუმცა ქალთა მიმართ ძალადობა საქართველოში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება. ძალადობის მსხვერპლი ბევრი ქალი ჯერ ისევ დუმს. მიზეზი მარტივია – ეშინიათ.

„ძირითადად არის რამდენად მეტი რისკფაქტორია მათ ცხოვრებაში და რამდენად ხელისშემშლელი ფაქტორებია. ეს შეიძლება იყოს შიში, უსაფრთხოების განცდის არქონა, საკუთარ შვილებსა და მომავალზე ფიქრი და დარდი, ასევე ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი არის არქონა იმ რესურსების – ეს შეიძლება, იყოს ფინანსური რესურსების არქონა თუ სხვა მატერიალური რესურსი. ერთ-ერთი ყველაზე მეტად ხელისშემშლელი ფაქტორი აირს, რომ ახალი ცხოვრების დასაწყებად საჭიროა გარკვეული რესურსების ქონა და რადგანაც არ აქვთ ეს რესურსები, აი, ამის შიში აქვთ, რამდენად შეძლებენ ამასთან გამკლავებას“, – თქვა ფსიქოლოგმა, ელენე სამუშიამ.

აქ მოსული ქალებისა და ბავშვების ემოციური მდგომარეობა მძიმეა. რეაბილიტაციისთვის კი სხვადასხვა კურსს გადიან.

„შეიძლება ისეც მოხდეს, ძალიან მცირე დრო დასჭირდეს რეაბილიტაციას, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ეს უფრო გახანგრძლივებულია, რამდენიმე თვე შეიძლება, დასჭირდეს და ყველასთან ინდივიდუალურია, დამოკიდებულია მათ ისტორიაზე, რესურსებზე, შინაგან მახასიათებლებზე. უფრო კომპლექსური მიდგომა გვაქვს, ერთობლივად ვართ ჩართული როგორც ფსიქოლოგი, ასევე სოციალური მუშაკი, სხვა სპეციალისტის დახმარება თუ იქნა საჭირო, ისიც. თერაპიებიც განსხვავებულია, შეიძლება, არტთერაპია იყოს ან ჯგუფური, ან ინდივიდუალური და მათზე მორგებული“, – აღნიშნა ფსიქოლოგმა, ელენე სამუშიამ.

ამ თავშესაფარში ახლა 17 ადამიანია, როგორც დედები, ისე მათი მცირეწლოვანი შვილები. ქალები აქ სხვადასხვანაირად ხვდებიან. ზოგის მეზობელმა ან ნათესავმა აცნობა პატრულს ოჯახური ძალადობის შესახებ, ზოგიც თავად წამოვიდა სახლიდან. აქ რამდენიმე თვის განმავლობაში რჩებიან და სხვადასხვა ხელობას სწავლობენ, რათა მეტად დამოუკიდებლები გახდნენ… მუშაობენ და, რაც მთავარია, სჯერათ. სჯერათ, რომ ცხოვრება გრძელდება…

„გვაქვს პროექტები, რომლებიც სხვადასხვა პროგრამის განხორცილების საშუალებას იძლევა. ეს იქნება არტთერაპია, ყვავილების გამოყვანა, მზარეულის ხელოვნების დაუფლება. ჩართულები არიან, რაც მთავარია, მოსწონთ, ხელფასსაც იღებენ. მნიშვნელოვანია, აქედან გასულებს შემდეგ ჰქონდეთ გარკვეული საშუალება დასაქმდნენ და საკუთარი თავის რეალიზება მოახდინონ“, – განაცხადა ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის თავმჯდომარემ, ნატო შავლაყაძემ.

საქართველოში ახლა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი გლობალური კამპანია მიმდინარეობს. პროექტში საერთაშორისო ორგანიზაციები აქტიურად არიან ჩართულები. მაგალითად, დღეს ძალადობისგან დაცვის, დედათა და ბავშვთა თავშესაფარი საქართველოშ ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა დაათვალიერა.

გუშინ დაიწყო 16 დღიანი კამპანია „გაანარინჯისფერე სამყარო“, რომლის მიზანია, რომ ყველა ერთად ვებრძოლოთ ოჯახურ ძალადობას, ძალადობას ქალების მიმართ. ეს კამპანია ეხმარება მსხვერპლ ქალებს რეაბილიტაციაში და ჩვენი საელჩოც მხარს უჭერს მას. მიგვაჩნია, რომ ამ პროექტის ფარგლებში მრავალი მნიშვნელოვანი ღონისძიება ტარდება იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ ძალადობის მსხვერპლ ქალებს, დავეხმაროთ მათ, აითვისონ ახალი პროფესიები იმისთვის, რომ გახდნენ დამოუკიდებლები. სწორედ ამიტომ, ძალიან მიხარია, რომ დღეს აქ ვარ“, – განაცხადა ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა საქართველოში, მააიკე ვან კოლდამმა.

თავშესაფარში ამბობენ, რომ აქედან გასული ქალები, ბოლო წლებში, უფრო ნაკლებად ბრუნდებიან მოძალადე ქმრებთან. დამოუკიდებლად ცხოვრების დაწყება რთულია, თუმცა მთავარი ერთია…

„არ შეეშინდეთ, დარწმუნებული ვარ, მონახავენ ადამიანებს, ჩართონ, გამოიყენონ ინტერნეტი, ქსელური მედია და აუცილებლად შეძლებენ საკუთარ თავსა და შვილებს დაეხმარონ და უკეთესი მომავალი შეიქმნან“, – თქვა ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის თავმჯდომარემ, ნატო შავლაყაძემ.

 

ანა ალელიშვილი

 

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend