მთავარისაქართველოფარმაცევტული „რვაფეხა“ - რატომ ძვირდება მედიკამენტები

ფარმაცევტული „რვაფეხა“ – რატომ ძვირდება მედიკამენტები

მაღალი ფასები მედიკამენტებზე და ფარმაცევტულ სექტორში არსებული გამოწვევები ბოლოდროინდელი პოლიტიკური განცხადებების ერთ-ერთ მთავარ თემას წარმოადგენს. პრობლემას კი დარგის სპეციალისტები და შესაბამისი სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები საკანონმდებლო ხარვეზებში, მონოპოლისტურ მიდგომებსა და სპეკულაციებში ხედავენ. ისევე როგორც ყველა პროდუქტზე, მედიკამენტების ფასებზეც, დიდ გავლენას ახდენს ვალუტის კურსი, ინფლაცია და სხვა ეკონომიკური პრობლემები. ფასმატებას განსაკუთრებით მტკივნეული ეფექტი აქვს სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის, რადგან პირველადი დანიშნულების მედიკამენტები მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. დიდ დანახარჯებს ემატება არაკეთილსინდისიერი მოპყრობა პაციენტების მიმართ, როდესაც რეცეპტის ჩამონათვალში ძვირიან ან ზედმეტი რაოდენობის მედიკამენტებს უწერენ ექიმები. ყველა ამ პრობლემის შესახებ, კარგად იციან ჯანდაცვის სამინისტროში და ადასტურებენ რომ ხარვეზები სასწრაფოდ აღმოსაფხვრელია. სიტყვიერი თანხმობის გარდა, მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ „ევრონიუს ჯორჯიას“ დაგეგმილი კონკრეტული ქმედებები ვერ დაუსახელა.

„ყველა პრობლემა ჩვენი უწყებისთვის ცნობილია და ვეთანხმებით, რომ ცვლილებები სასწრაფოდ უნდა განხორციელდეს. ჩვენთვის და მოსახლეობისთვის პრიორიტეტია, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა შეგვეძლოს. რეგულაციების გარეშე კი ფასებისა და ხარისხის შესაბამისობაში მოყვანა შეუძლებელია. ამ რეგულაციების შემოღება საჭიროა, დაწყებული რაციონალური წამალდანიშვნიდან, დასრულებული ფასების კონტროლზე, რაც პირველ რიგში საკანონმდებლო დონეზე უნდა მოხდეს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.

სამკურნალო საშუალებებზე მაღალი ფასების გარდა სხვა პრობლემებიცაა. საქართველოში ფარმაცევტული ბაზრის 70%-მდე სამ მსხვილ კომპანიას უჭირავს. ეს კომპანიები ფარმაცევტული რეალიზაციის გარდა, სადაზღვევო ბიზნესს, სამედიცინო კლინიკებსა და საკუთარ წარმოებასაც ფლობენ. სქემა ასეთია – სადაზღვევოში მისულ მოქალაქეს უშვებენ თავიანთ კლინიკაში, იქედან კი საკუთარ აფთიაქში, სადაც საკუთარი წარმოების პრეპარატს სთავაზობენ. არაპირდაპირი იძულების გზით კი მოქალაქეს ეკარგება არჩევანის უფლება, ხარჯავს მეტს და ზოგჯერ ზედმეტ წამალსაც იღებს. ამ და სხვა პრობლემებზე, სამ წლიანი მუშაობის შემდეგ, კონკურენციის სააგენტომ შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა და სახელმწიფოს თერთმეტ პუნქტიანი რეკომენდაციით მიმართა.

„მომხმარებლებს აფთიაქები ძირითადად საკუთარ პროდუქციას სთავაზობენ, რაც არ არის მოქალაქის საუკეთესო არჩევანისთვის სასარგებლო. პრობლემებია რეცეპტებშიც. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი, რაც სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს, ეს არის დანიშნულების გამოწერის ფორმა. რეცეპტი უნდა იყოს ელექტრონული. ძალიან ბევრ პრობლემას გადაჭრის თუ ასე მოხდება და რაზეც ჩვენს მიერ შუალედური ანგარიშის სახით გამოცემულ თერტმეტ რეკომენდაციას შორის არის კიდეც საუბარი. თუ რეცეპტით დაცული იქნება მოქალაქე, დაიზოგება ზედმეტი ხარჯებიც, სექტორი უფრო გამჭვირვალე გახდება და მეტ-ნაკლებად დარეგულირდება სფერო“, – აცხადებს კონკურენციის საააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძე.

ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ ხარვეზებსა და პრობლემებს ადასტურებს ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის დირექტორი ირაკლი მარგველაშვილი. მისი თქმით, პირველი რაც სასწრაფოდ უნდა გაკეთდეს ელექტრონული რეცეპტის სისტემის დანერგვაა, რათა მომხმარებელი დაცული იყოს არასათანადო მედიკამენტებით მკურნალობისა და ზედმეტი ხარჯებისგან.

„ბაზარზე არსებობენ ისეთი არაკეთილსინდისიერი ფარმაცევპტული კომპანიები, რომლებიც მედიკამენტის ფასს სხვადასხვა სპეკულაციებით ზრდიან. ერთ-ერთი ასეთი მიზეზია ამ კომპანიების არაკეთილსინდისიერი ურთიერთობა მედიკოსებთან, რომლებსაც წამლის გამოწერის შემთხვევაში დამატებით თანხას უხდიან. სწორედ ამ თანხას იხდის ფასნამატის სახით მომხმარებელი. ასევე, ფარმაცევტულ ბაზარზე უმეტესწილად წარმოდგენილია იმპორტირებული მედიკამენტები. მათ ფასზე კი მნიშნელოვან როლს ახდენს მაგალითად, ეროვნული ვალუტის კურსი და ა.შ. სწორედ ამიტომ, პირველ რიგში უნდა დარეგულირდეს ურთიერთობა ფარმაცევტულ კომპანიებსა და ექიმებს შორის, რათა არ მოხდეს პაციენტის გამოსვლა წამლების გრძელი სიით, საიდანაც მესამედი შესაძლოა სულაც არ ჭირდებოდეს პაციენტს. თუ რეცეპტი გახდება ელექტრონული, მერწმუნეთ, ეს ბევრ პრობლემას გადაჭრის, მათ შორის ზედმეტი დანახარჯების საკითხსაც“, – განაცხადა ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი მარგველაშვილმა.

როდის გადაინაცვლებს სამთავრობო დონეზე გაკეთებული განცხადებები საკანონმდებლო დონეზე და რამდენად სწრაფად გადაიდგმება მოსახლეობის კეთილდღეობისთვის საჭირო ნაბიჯები ფარმაცევტული სექტორის საერთაშორისო სტანდარტებით დასარეგულირებლად, ისე, რომ არც ბიზნესი დაინგრეს და მოქალაქეებმაც შვება იგრძნონ, ჯერ უცნობია.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend