ჯგუფ “ქუინის” სოლისტის ფრედი მერკურის გარდაცვალებიდან 30 წელი გავიდა. მომღერალმა მუსიკალური კარიერა 1969 წელს დაიწყო. გამორჩეული ვოკალური მონაცემების მქონე ფრედი მერკური ათობით მსოფლიო ჰიტის ავტორია. გამოცემა Rolling Stone-მა 2008 წელს ის ყველა დროის საუკეთესო მომღერლებს შორის დაასახელა. მუსიკოსი შიდსის ფონზე განვითარებული პნევმონიით 1991 წლის 24 ნოემბერს გარდაიცვალა.
ფრედი მერკური ტანზანიის კუნძულ ზანზიბარში დაიბადა, რომელიც იმ დროს ბრიტანეთის კოლონია იყო. მისი ნამდვილი სახელი ფაროხ ბულსარაა, ხოლო მისი მშობლები ინდურ-სპარსული წარმოშობის იყვნენ. ფრედი 17 წლის იყო როცა მისი ოჯახი ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად. სწორედ იქ გაიცნო მან „ქუინის“ მომავალი წევრები. ბენდმა „ქუინმა“ მალევე მიიპყრო საზოგადოების ყურადღება. მსოფლიო ჰიტებად იქცნენ მათი პოპ როკის ჟანრში შესრულებული სიმღერები Bohemian Rhapsody, Somebody to Love, Don’t Stop me Now, Another One Bites the Dust. ხოლო კომპოზიციებს We are the Champions და We Will Rock You-ს დღემდე აქტიურად იყენებენ სპორტულ ღონისძიებებზე. ფრედი მერკური გამოირჩეოდა მისი ვოკალური შესაძლებლობებით. მას ოთხ ოქტავაში შეეძლო სიმღერა. ამის გარდა, მერკური ძალიან ქარიზმატულ წარმოდგენას დგამდა სცენაზე. ამ თვისებების გამო იგი ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მომღერლად არის აღიარებული.