მთავარი აზია ავღანეთი მიგრანტთა კრიზისი ავღანეთში

მიგრანტთა კრიზისი ავღანეთში

33 წლის იბრაჰიმ რასული ავღანეთში მსაჯი იყო. იგი ყოველთვის ისეთ თამაშებში მონაწილეობდა, რომლებიც წესების დაცვით მიმდინარეობდა.  ახლა კი მხოლოდ უსამართლობას აწყდება, როდესაც ხედავს, როგორ ექცევიან საზღვარზე იმ ადამიანებს, რომლებიც ბედნიერ მომავალს ეძებენ.

რასულმა ამერიკულ საინფორმაციო სააგენტო Associated press-ს განუცხადა, რომ ხორვატიის პოლიციამ 16 სხვა ადამიანთან ერთად ბოსნიაში იძულებით გადაიყვანა. პოლიციაზე არც ფეხმძიმე ქალისა და არც მცირეწლოვანი ბავშვების მშობლების თხოვნამ იმოქმედა. მას ჰქონდა ამ ამბის ამსახველი ვიდეომასალაც, რომელიც, მისი თქმით, ხორვატიის პოლიციის მანქანასა და ბოსნიის საზღვართან ტყეშია გადაღებული.

„ამ ვიდეოში გადაღებულია, როგორ გვსვამს იძულებით ხორვატიის პოლიცია მანქანაში.
მანქანაში ვართ და იძულებით გადავყავართ. ჩვენ დეპორტაცია გველის. ჩვენ ერთი ოჯახი ვართ, ბავშვები, ფეხმძიმე ქალი, მათაც აქ სძინავთ. ხორვატიის პოლიცია ადამიანთა უფლებებს არ იცავს. ისინი მხოლოდ გვეუბნებიან, რომ ავღანეთში დავბრუნდეთ“, – ამბობს იბრაჰიმ რასული.

იბრაჰიმი აღნიშნავს, რომ პოლიცია იმ ადამიანებს, რომლებსაც საზღვარზე გადასვლა სურდათ, შეურაცხყოფას აყენებდა და ავღანეთში დაბრუნებისკენ მოუწოდებდა.

„პოლიცია ყურადღებას არავის აქცევს, არც ბავშვებს, არც ქალებს და არც ფეხმძიმე ქალს. ისინი უბრალოდ იარაღს გვაჩვენებენ და გვეუბნებიან: არ გაინძრეთ, პოლიციელები ვართ.
მათ გვითხრეს: აქაურობა ცხოველებისა და ბინძური ხალხისთვის არ არის, ეს ევროკავშირია, ეს ქვეყანა ხორვატიაა, ავღანეთში უნდა დაბრუნდეთ. ასე აჯობებს თქვენთვის. ვერ დავივიწყებ იმ სიტყვებს, რომლებითაც ჩვენ მოგვმართავდნენ“, – აცხადებს რასული.

ხორვატიის პოლიციას მიგრანტებზე ძალადობის გამო მრავალი ბრალდება წაუყენეს. წინა თვეს ხორვატიის ხელისუფლებამ სამსახურიდან პოლიციის სამი ოფიცერი გაუშვა. არსებობდა ვიდეომასალა, რომელშიც ჩანდა, თუ როგორ სცემდნენ ისინი მიგრანტებს ხელკეტებით და აიძულებდნენ მათ ქვეყნის დატოვებას. თუმცა, ხორვატიის პოლიცია მათ ბრალდებებს უარყოფს.
რასული და მისი გუნდი ხორვატიის საზღვარზე არაერთხელ დააბრუნეს. თუმცა, ისინი არ ნებდებიან, როგორც კი საშუალება მიეცემათ, საზღვრის გადაკვეთას კვლავ შეეცდებიან.

„პოლიცია უკან, ხორვატიისა და ბოსნიის საზღვარზე, გვაბრუნებს და არაადამიანურად გვეპყრობა. აქ ბევრი ბავშვი და ერთი ფეხმძიმე ქალია, ტემპერატურაც იკლებს, სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდება, ამიტომ აუცილებლად უნდა წავიდეთ. პოლიცია კი მუდმივად გვიმეორებს: წადით ავღანეთში, აქაურობა ცხოველებისთვის არ არის“, – ჰყვება იბრაჰიმ რასული.

რასულმა საკუთარი თვალით ნახა, როგორ ეპყრობიან ხალხს ხორვატიის საზღვარზე, მას დასავლეთში ნათელი მომავლის იმედიც გაუცრუვდა.

როდესაც იგი საზღვრის გადაკვეთას მეოთხედ ცდილობდა, პოლიციამ მას ფული წაართვა, შემდეგ კი მასაც და მის გარშემო მყოფებსაც დასცინა.

„არ ვიცი, სად არის ჰუმანურობა. ვფიქრობ, რომ ამ სამყაროში ადამიანებმა ყველანაირი ღირებულება დაკარგეს, განსაკუთრებით აქ, ევროკავშირში“,  – ამბობს რასული.

როგორც რასული ამბობს, ხორვატიის ხელისუფლებასა და „თალიბანს“ შორის დიდი განსხვავება არ არის. ყველა მათგანი ადამიანს ცუდად ექცევა და მისი სიცოცხლით თამაშობს.

უახლესი

სხვა ამბები

მიგრანტებიმიგრანტები

Send this to a friend