მთავარიმსოფლიოევროპაჰიბრიდული ომი აღმოსავლეთ ევროპაში

ჰიბრიდული ომი აღმოსავლეთ ევროპაში

დასავლეთი, ბელარუსის ხელისუფლებას, პოლონეთის საზღვარზე თავმოყრილი მიგრანტების, ევროკავშირის დესტაბილიზაციისთვის გამოყენებაში ადანაშაულებს. ბრიუსელში მიაჩნიათ, რომ მინსკი ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციებისათვის სამაგიეროს გადახდას ცდილობს.

მინსკში მიგრანტთა კრიზისის დაწყებაში მონაწილეობას უარყოფენ, პოლონეთის პრემიერ – მინისტრი მატეუშ მორავიეცკი კი აცხადებს, რომ მისი სახელმწიფო უსაფრთხოების თვალსაზრისით ახალი გამოწვევის წინაშეა.

“ჩვენ ერთდროულად რამდენიმე, სხვადასხვა სახის კრიზისთან გვიწევს გამკლავება. ეს უპირველეს ყოვლისა პოლიტიკური კრიზისია, რომლის ფარგლებშიც ახლო აღმოსავლეთიდან წამოსულ მიგრანტებს მინსკი საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის  იყენებს. ეს გახლავთ ასევე ენერგეტიკასთან დაკავშირებული კრიზისი, ბუნებრივ აირთან დაკავშირებული კრიზისი. ასევე ყურადსაღებია, რუსეთის ფედერაციის არმიის ნაწილების მობილიზაცია უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან”, – აცხადებს პოლონეთის პრემიერ – მინისტრი მატეუშ მორავიეცკი.

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ბელარუსისა და პოლონეთის სახელმწიფო საზღვარზე არსებული კრიზისი უსაფრთხოების თვალსაზრისით გამოწვევას წარმოადგენს და ნატო პოლონეთს, ლიეტუვასა და ლატვიას მხარდაჭერას უცხადებს.

“ბელარუსისა და პოლონეთის საზღვარზე მიმდინარე მოვლენები დასტურია იმისა რომ ლუკაშენკას რეჟიმი დაუცველ ადამიანებს სხვა სახელმწიფოებზე ზეწოლის მიზნით იყენებს. მინსკის ქმედებები ცინიკურია და ჰიბრიდული ომის ნაწილს წარმოადგენს. ჩვენ პოლონეთს და ამ კრიზისით დაზარალებულ სხვა მოკავშირე სახელმწიფოებს სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ”, – აცხადებს ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი.

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკა კი პოლონეთის სახელმწიფო საზღვართან არსებულ მიგრანტთა კრიზისში მისი მთავრობის მონაწილეობას უარყოფს,  ბელარუსის ლიდერი კრიზისის შექმნაში ევროკავშირს ადანაშაულებს.

“თქვენ ჩემი და ბელარუსი ერის წინააღმდეგ სანქციები დააწესეთ. თქვენ ბელარუსის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომი წამოიწყეთ. შეხედეთ დასავლეთის მედიას, ეკონომიკას, პოლიტიკას და მათ მიერ წარმოებულ უსაფრთხოების პოლიტიკას. ეს ჰიბრიდული ომია. თქვენ გსურთ რომ მე მიგრანტებისგან დაგიცვათ, მითხარით თუ მე ვცდები, ეს კრიზისი თქვენ შექმენით და ამ კრიზისს თქვენ უნდა გაუმკლავდეთ”, – განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელთა განცხადებით, პოლონეთისა და ბელარუსის სახელმწიფო საზღვარზე ამ მომენტისათვის 7 ათასამდე მიგრანტია თავმოყრილი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend