მთავარი გადაცემები კუბი ამაზონის ტყეების განადგურების მაჩვენებელმა ბოლო 15 წლის განმავლობაში უმაღლეს ნიშნულს მიაღწია

ამაზონის ტყეების განადგურების მაჩვენებელმა ბოლო 15 წლის განმავლობაში უმაღლეს ნიშნულს მიაღწია

ოფიცილური მონაცემებით,  ბრაზილიაში ამაზონის ტროპიკული ტყეების განადგურების მაჩვენებელმა ბოლო 15 წლის განმავლობაში უმაღლეს ნიშნულს მიაღწია. ბრაზილია იყო ერთ-ერთი ქვეყანა, რომლის ხელისუფლების წარმომადგენელი გაეროს კლიმატის სამიტზე ტყეების გაჩეხის შეჩერებას დაჰპირდა.

ბრაზილიის კოსმოსური კვლევების ეროვნული ინსტიტუტის ოფიციალური მონაცემებით, ბრაზილიაში ამაზონის ტყეში გაჩეხილი ხეების რაოდენობა 2020 წლის აგვისტოდან 2021 წლის ივლისამდე, 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, თითქმის 22%-ით გაიზარდა, ბრაზილიაში ბოლო 15 წლის განმავლობაში 2021 წელს ყველაზე მეტი ხე განადგურდა.

ამაზონი სამ მილიონამდე სხვადასხვა სახეობის მცენარის, ცხოველისა და მილიონამდე აბორიგენი ადამიანის საბინადროა. ამაზონის ტყე ქმნის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნახშირბადის მარაგს, რომელიც ამცირებს გლობალური დათბობის ტემპს.

ტყის განადგურების პროცესი გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიის პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს გუნდმა არაერთხელ განაცხადა, რომ სერიოზულად აღიქვამს ამაზონის პრობლემას, რომელიც არა მხოლოდ ბრაზილიაზე, არამედ მთელ მსოფლიოზე ახდენს გავლენას. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის სამიტზე, რომელიც ამ თვეში ჩატარდა გლაზგოში, ბრაზილიის ხელისუფლებამ აიღო ვალდებულება, რომ  2028 წლისთვის ხეების უკანონო გაჩეხას შეაჩერებდა. თუმცა დასავლეთის ქვეყნებს არ სჯერათ მისი დაპირებისა, რადგან თავად ბოლოსონარუს არაერთხელ წაუყენეს ბრალდება კორუფციასა და ხეების არალეგალურ გაჩეხასთან დაკავშირებით. ის მრავალი წლის განმავლობაში ახალისებდა სოფლის მეურნეობას და სამთო საქმიანობას ტროპიკულ ტყეში.

2019 წელს ბოლსონარუს კონფლიქტი ჰქონდა ამავე კვლევით ინსტიტუტთან, რომელიც ბრაზილიის რეპუტაციის შელახვაში დაადანაშაულა.  გლაზგოს სამიტზე ბრაზილია იყო იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც ხელი მოაწერეს მსხვილ შეთანხმებას და აიღეს ვალდებულება, რომ ტყეების უკანონო გაჩეხის პრაქტიკას დაასრულებდნენ.

შეთანხმებას ხელი მოაწერა, 100-მდე ქვეყანამ, რომელთა ტერიტორიაზე არსებული ტყეების რაოდენობა  მსოფლიო ტყეების 85%-ს შეადგენს. შეთანხმება ითვალისწინებს დაახლოებთ 20 მილიარდი დოლარის გამოყოფას. თანხის ნაწილი მოხმარდება ტყის ხანძრების წინააღმდეგ ბრძოლასა და უკვე დაზიანებული ტყის ტერიტორიების აღდგენას.

უახლესი

სხვა ამბები

ამაზონის ტყეებიამაზონის ტყეები

Send this to a friend