მთავარისაქართველოსაქართველოში ვაქცინაციაზე მიმართვიანობა 600%-ითაა გაზრდილი

საქართველოში ვაქცინაციაზე მიმართვიანობა 600%-ითაა გაზრდილი

ვაქცინაციაზე მიმართვიანობა 600%-ითაა გაზრდილი. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, ვაქცინაციის წამახალისებელი პროგრამის ფარგლებში მთავრობის ინიციატივის გაჟღერების შემდეგ, რომლის თანახმადაც 60 წელს გადაცილებული პირები პირველივე აცრისას 200-ლარიან დანამატს მიიღებენ, ვაქცინაციის ტემპი მკვეთრად გაიზარდა. თუმცა, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ეს მაჩვენებელი საკმარისი არ არის და დღეში უფრო მეტი ადამიანი უნდა იცრებოდეს.

„წინა კვირასთან შედარებით, პრაქტიკულად, გაორმაგებულია ვაქცინაციის რაოდენობა. ჩვენ დიდი ხანია, ქვეყანაში რვა ათასზე მეტი ვაქცინირებული არ გვყავდა. თითქმის ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში ეს ციფრები კლებადი იყო, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ეს ციფრები მზარდია. ამდენად, დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ზრდა, მომდევნო დღეებშიც შენარჩუნდება, თუმცა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ეს ის ციფრი არ არის, რაც დღეს გვჭირდება. დღეს გვჭირდება 20-25 ათასი ვაქცინირებული ადამიანი ყოველდღიურად. დიახ, შედეგი მივიღეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს საკმარისი არ არის“, – განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სრულად ჩატარებული აქვს 973 796 პირს. მათგან გასული დღე-ღამის განმავლობაში აიცრა 7 307 ადამიანი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ტემპით 2021 წელის ბოლოსთვის აცრილთა 60%-იან ნიშნულს ქვეყანა ვერ მიუახლოვდება. მისივე თქმით, პანდემიის დასამარცხებლად აუცილებელია მასობრივი ვაქცინაცია და რეგულაციების დაცვა.

„ბოლო დღეებში ოდნავ გაზრდილია აცრების ყოველდღიური რაოდენობა, აქედან გაზრდილია პირველი დოზები და გარკვეულად ამ წამახალისებელმა ინიციატივებმა, როგორც ჩანს, ცოტა იმუშავა და ველით, რომ უფრო აქტიურად იქნება ეს. დაახლოებით, ამ პირველადი აცრების საერთო აცრებში არის 60%-მდე ასული და ამ პირველად აცრილებში მოიმატა, 50%-ს გადასცილდა 60 წელზე მეტი ასაკის მოსახლეობის წილი“, – აღნიშნა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.

გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის გამოსავლენად, 50 ათასზე მეტი ტესტი ჩატარდა, საიდანაც ინფიცირების 4 446 შემთხვევა გამოვლინდა. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს კი მიაჩნიათ – დღეისათვის იმის თქმა, რომ საქართველომ მეხუთე ტალღა გადაიარა, ნაადრევია.

„იმის სურვილი, რომ თანდათან შემცირდეს ინფიცირების მაჩვენებელი, გვაქვს, მაგრამ ეს მაგრამ ეს შემცირება თუ 5-4 ათასის ფარგლებში დარჩა, ეს რეალური შემცირება არ არის. შემცირებაზე შეიძლება საუბარი, თუ მაჩვენებელი 2 000-ის ან ათასის ქვემოთ ჩამოვიდა. ჯერჯერობით ციფრი ძალიან მაღალია, ამიტომ მეექვსე ტალღა, რა თქმა უნდა, ჯერჯერობით თეორიულია, თუნდაც, მაგრამ ერთი რამ რაც ჩვენ აღვნიშნეთ, ეს არის ჩვენი განსაკუთრებული დეკემბერ-იანვრის თვეებთან დაკავშირებით. დეკემბერი-იანვარი ქვეყანაში, სტატისტიკის მიხედვით, არის რესპირაციული ვირუსული ინფექციების პიკი. ამის უკან დგას გრიპი და გრიპის მაგვარი დაავადებები და ანალოგიურია მოსალოდნელი კორონავირუსთან მიმართებითაც“, – თქვა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ.

ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ საქართველოში ინფიცირების მაჩვენებელი შეიძლება, გახდეს კონტროლირებადი, ამისათვის, კი, მათი შეფასებით, მოზრდილი მოსახლეობის 50-60% უნდა იყოს ვაქცინირებული. ამ მაჩვენებელს კი საქართველო, ჯერჯერობით, მნიშვნელოვნად ჩამორჩება.

 

ანა ალელიშვილი

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend